ავტორი:

ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში

ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში

"ათეში“ ასე ჰქვია პარტიზანულ მოძრაობას, რომელიც ანექსირებულ ყირიმში მოქმედებს და მათ უკრაინელების სასარგებლოდ რუსი სამხედროების თვალთვალი, მონაცემების შეგროვება და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის გადაცემა ევალებათ.

"ათეში“ ყირიმელი თათრების ენაზე "ცეცხლს“ ნიშნავს. BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მოძრაობის რამდენიმე წევრი საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკობს.

ისინი ძალიან ფრთხილად მოქმედებენ. ეს საშიში საქმეა, სიკვდილის რისკით. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ოპერაციის დროს რუსი სამხედროების ჯგუფს გადაეყარა.

"ეს საშინელება იყო, მაგრამ მანქანა გავაჩერე, თითქოს საბურავს პრობლემა ჰქონდა, სასწაული მოხდა და არც კი დამელაპარაკნენ“, - ამბობს ის.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი საქმიანობა არა მხოლოდ ყირიმს, არამედ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს და რუსეთის შიგნითაც კი შეაღწიეს. სწორედ მათმა შეგროვებულმა ინფორმაციამ გახადა შესაძლებელი უკრაინას დარტყმები მიეყენებინა ყირიმში არსებულ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. "ათეშის“ თქმით, ასევე მათი საშუალებით მოხდა უკრაინული სარაკეტო თავდასხმა რუსულ სადესანტო გემზე და წყალქვეშა ნავზე - მინსკსა და დონის როსტოვზე, ასევე შეტევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე 2023 წლის სექტემბერში.

რუს სამხედრო ბლოგერებს არ სჯერათ "ათეშის“ არსებობისა და ამტკიცებენ, რომ დაჯგუფება უკრაინულმა დაზვერვამ გამოიგონა. ამასთან, ზოგიერთი რუსული მედია მათ ტერორისტული ორგანიზაციადაც მოიხსენიებს.

  • "ყველა ყირიმელი ზომბი არ არის"

BBC დაუკავშირდა ხუთ მამაკაცს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი "ათეშის“ წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთი ამბობს, რომ ამჟამად მუშაობს რუსეთის ჯარში.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ისტორიები სანდო იყო.

"ყველა ყირიმელი ზომბი არ არის და ისინი მზად არიან წინააღმდეგობისთვის ტოტალური ცენზურის პირობებშიც კი", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მათი ისტორიები საშიშია, რადგან თითოეულ მათგანს ორმაგი ცხოვრება უწევს. ფსონები ძალიან მაღალია - არავის სურს ციხეში წასვლა. დაკავებულებს კი ღალატის ბრალდება და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

"ყველაფერს ფრთხილად და გააზრებულად უნდა მივუდგეთ. შეცდომები, უბრალოდ, მიუღებელია“.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რვა წლით ადრე მოახდინა. ეთნიკური რუსები ახლა ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ უკრაინელები და ყირიმელი თათრები.

”რუსული სადაზვერვო სამსახურები მუდმივად ცდილობენ პარტიზანების პოვნას”, - ამბობს ერთი-ერთი პარტიზანი, რომლის ოჯახის წევრებმაც კი არ იციან მისი საქმიანობის შესახებ.

"ათეშის“ წევრები ამბობენ, რომ უკრაინას აწვდიან ინფორმაციას საჰაერო თავდაცვის, საწყობების, სამხედრო ბაზებისა და ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ, ზოგჯერ კვირების განმავლობაში აკვირდებიან ობიექტებს.

ერთ-ერთის თქმით, მას არ უხდიან სამუშაოსთვის, მაგრამ უნაზღაურებენ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა გადაადგილება.

ის ჰყვება, თუ როგორ გაიარა მან 100 კმ-ზე მეტი სამხედრო ობიექტის გამოსაკვლევად. ის ეძებდა ხვრელს ობიექტში "ძალიან დიდი ხნის განმავლობაში" - და საბოლოოდ, იპოვა. გადაიღო ფოტოები და შეაგროვა სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაცია.

მომდევნო დღეებში შეიტყო, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან წარმატებული დარტყმა განხორციელდა.

"ეს არის ის, რითაც მე ყველაზე მეტად ვამაყობ", - ამბობს ის.

ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მასობრივი თავდასხმები კიევის მიერ განიხილება, როგორც კონტრშეტევის ძირითადი ნაწილი, რომელიც სხვაგან, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

  • "ათეშში“, პრორუსი "ბოევიკების" შეღწევის საფრთხე რეალურია...

"ვცდილობთ არ გავუმჟღავნოთ სტრატეგიული გეგმები ჩვენს წევრებს, რომლებიც შესაძლოა, FSB-მ გაშიფროს”, - ამბობს კოორდინატორი. "კონკრეტულმა ადამიანმა იცის მხოლოდ ის, რაც უნდა იცოდეს.”

ერთ-ერთი პარტიზანის თქმით, "რუსი სამხედროებისთვის ფოტოების გადაღება ლამის თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ რისკი ღირს ამ კრიმინალური ომის გამო, რომელსაც რუსეთი აწარმოებს".

"ჩვენ ხშირად ვხედავთ ჩვენი მუშაობის შედეგებს", - ამბობს ის. ზოგჯერ მისი სამუშაო ორი ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება, ხანაც ტერიტორიას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება.

"უნდა გავარკვიოთ ყველა საპატრულო მარშრუტი, ყველა შესასვლელი და გასასვლელი, რა აღჭურვილობაა ტერიტორიაზე ან კონკრეტულად, რა ინახება საწყობში".

თითოეული პარტიზანი ამბობს, რომ ის მარტო მუშაობს, ურთიერთობს მხოლოდ "კოორდინატორთან“, რომელსაც ინფორმაციას გადასცემს.

"ათეში“ 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის მასობრივი მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მცირე ჯგუფიდან, რომელიც ახლა "ათასობით" ადამიანს ითვლის.

ფიცში, რომელიც გამოქვეყნდა Telegram-ის აპლიკაციაში 2022 წლის სექტემბერში, წერია: "ვფიცავ ჩემს სისხლსა და სულს, რომ ვიყო "ათეშის“ მოძრაობის ერთგული და ვიბრძოლო უკრაინის სახელმწიფოსთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა უკრაინას ძირითადად ლოჯისტიკურ ინფორმაციას აწვდის, პარტიზანული აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი თავადაც ახორციელებდნენ დივერსიულ თავდასხმებს, როგორიცაა 30 რუსი ჯარისკაცის მკვლელობა სამხედრო ჰოსპიტალში და დანაღმული მანქანის აფეთქება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში.

გასულ გაზაფხულზე "ათეშის“ წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა აიღეს მწერალ ზახარ პრილეპინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაზე.

კოორდინატორი აღიარებს, რომ მათ სურთ გაავრცელონ ინფორმაცია ჯგუფის შესახებ, რათა მეტი წევრი აიყვანონ და რუსები ანერვიულონ.

პარტიზანების გამოცემასთან ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია დაასრულონ რუსეთის შემოჭრა და უკრაინის მიწების ოკუპაცია. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ყირიმში ხალხი პროპაგანდისა და კონტროლის "საშინელ პირობებში" ცხოვრობს.

”მაგრამ, აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ყირიმის გათავისუფლებას”, - ამბობს ის.