ავტორი:

"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე

"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე

ამ ქალბატონის სახელი და გვარი საქართველოში ამინდის პროგნოზთან ასოცირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე და ამინდი ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია ერთმანეთს დაუკავშირდა. საქმის დიდი სიყვარული რომ არა, ამ სფეროში ათწლეულები არ დარჩებოდა... მასზე ამინდის მიღმა ინტერნეტქსელში ინფორმაცია თითქმის არც არსებობს. ამიტომ როგორია სვეტლანა ნიორაძე საყვარელი საქმის მიღმა, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მან AMBEBI.GE-ს მისცა.

- ქალბატონო სვეტლანა, დავიწყოთ თავიდან - რატომ აირჩიეთ სინოპტიკოსის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით?

- გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, თავიდან ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე კურსიდან კი უკვე სპეციალობა შევიცვალე, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ბუმბერაზი ლექტორები მყავდა, საოცარი მასწავლებლები. ჩვენს სპეციალობაზე საკმაოდ რთული საგნები ისწავლებოდა: უმაღლესი მათემატიკა, დინამიკური მეტეოროლოგია (ძალიან მკაცრი ბატონი ზურაბ ხვედელიძე გვიკითხავდა), სინოპტიკური მეტეოროლოგია, ავიაციური მეტეოროლოგია და ბევრი სხვა. ბატონმა მიხეილ ზახაშვილმა შემაყვარა სინოპტიკური მეტეოროლოგია და მიბიძგა კიდევაც გავმხდარიყავი სინოპტიკოსი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. კიდევ ერთი პედაგოგი მინდა დავასახელო, ცნობილი პროფესორი ბატონი გიორგი სულაქველიძე. მასთან ერთად "აკადემიის მოამბეში" რამდენიმე სტატია მაქვს მომზადებული. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო.

მუშაობდა სეტყვის, თავსხმა წვიმების პროგნოზირების და უამრავ სხვა საკითხზე, სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული. სტუდენტებთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან წაგვიყვანა მეოთხე-მეხუთე კურსზე ნალჩიკის სეტყვის საწინააღმდეგო ექსპედიციაში, სადაც პირველად ბევრი რამ საკუთარი თვალით ვნახეთ (მეტეოროლოგიური რადარი, ზარბაზნები, საიდანაც ისროდნენ სეტყვის ღრუბლების დასაშლელად). უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ამინდის ბიუროში, საიდანაც ერთი წლით, სინოპტიკოსად აეროპორტში გადავედი. იქ სხვანაირი მუშაობის სტილია, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო. ავიამეტცენტრში ვისწავლე ფრონტების გატარება პროგნოსტიკულ რუკებზე და ზოგადად ოპერატიულ სამსახურში მუშაობის კარგი გამოცდილება მივიღე. მერე გავთხოვდი და ასპირანტურაში აღარ ჩავაბარე, რადგან უკვე ბავშვს ველოდებოდი და სამეცნიერო კუთხით ვეღარ შევძელი წასვლა.

- არ ნანობთ?

- არა, რადგან ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე მყავდა. შეიძლებოდა შეთავსება, მაგრამ ალბათ ეს ვერ შევძელი... მერე მეორე შვილი შემეძინა, მოგვიანებით ტყუპი გოგო-ბიჭი. ჩემი მეუღლე თანაკურსელია, სპეციალობით ოკეანოლოგი და ფართო ერუდიციის მქონე ადამიანია. მან შეაყვარა ოთხივე შვილს კარგი მუსიკა, განსაკუთრებით ჯაზი, წიგნების კითხვა, ზოგს ასტრონომია, ზოგს ფოტომოყვარულობა. ჩვენი საქმიანობა ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამინდი ყოველთვის აინტერესებს ყველას, განსაკუთრებით ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ამინდი შეიძლება15-20 წუთში შეიცვალოს, ან ქალაქის ერთ ქუჩაზე წვიმდეს, მეორეზე დარი იყოს... შეიცვალა მუშაობის სტილი. ადრე ხელით ვიტანდით და ვამუშავებდით რუკებს, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით სულ სხვაგვარად არის ყველაფერი. ეს საქმიანობა არ მოგწყინდება. მართლა იშვიათი პროფესიაა და თუ არ გიყვარს, ვერ იმუშავებ.

- კონკრეტულად რამ შეგაყვარათ?

- შეიძლება იმან, რომ მუდმივად სწავლობ რაღაც ახალს, ატმოსფერო ჯერაც ბოლომდე არ არის ამოცნობილი. მუდმივი ძიების პროცესია. ჩვენი სინოპტიკოსები, დამკვირვებლები, ტელეკომუნიკაციის სამსახური 24-საათიან რეჟიმში დგანან ამინდის სადარაჯოზე, მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს, არ იციან ახალი წელი, არანაირი დღესასწაული, შაბათი, კვირა... 2008 წელს აგვისტოს ომის დროს იმის საფრთხე გაჩნდა, რომ თბილისზეც განხორციელებულიყო შეტევა (თან ჩვენთან იქვე თავდაცვის სამინისტროა), ყველა სახლებში გარბოდა, მაგრამ მორიგეებმა პოზიციები არ დატოვეს. გორის (ქალაქი, რომელიც რეალურად იბომბებოდა) მეტეოსადგურის უფროსმა ქალბატონმა ნორა პავლიაშვილმა არცერთი წუთით არ მიატოვა სადგური. შემდგომში ეს ადამიანი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. ამ სფეროში თავდადებული ადამიანები მუშაობენ და ჩვენს ქვეყანაში ამ დარგს ყოველთვის ექნება პერსპექტივა. არ მინდა გამომრჩეს რომელიმე დარგი, ჩვენ ყველანი მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები: მეტეოროლოგები, კლიმატოლოგები, ჰიდროლოგები, აგრომეტეოროლოგები.

ბაბუა-ბებია და შვილიშვილები

- მომავალი ექნება ალბათ იმიტომ, რომ ურთულესი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ხომ?

- დიახ, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოდგენილია კლიმატის თითქმის ყველა ტიპი (გარდა სავანებისა და ტროპიკული ტყეების კლიმატებისა) და მოიცავს როგორც ნოტიო სუბტროპიკულ, ასევე მუდმივი გამყინვარების ზონებს, თანაც პირდაპირი დაშორება მათ შორის ზოგ შემთხვევაში არ აღემატება 70-80 კმ-ს.

- სტიქიებთან დაკავშირებით რის პროგნოზირებას ახერხებთ?

- ვცდილობთ, თანამედროვე ცვლილებებს ფეხდაფეხ მივყვეთ. საქართველო წლებია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელია ჩვენი უშუალო უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა. ასევე ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყანა რედინგის საშუალო ვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა. თავად ცენტრი ინგლისშია - უძლიერესი და წამყვანია ევროპაში. რადგან მისი წევრი ქვეყანა ვართ, მეტი წვდომა გვაქვს თანამედროვე პროგნოსტიკულ პროდუქტებზე, რაზეც ბევრს ვმუშაობთ. გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, პროგრამისტები და მათი მოთხოვნაც ამ დარგის მიმართ იზრდება. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, რაც მთავარია, ამ თემით დაინტერესებული...

რაც შეეხება სტიქიურ მოვლენებს, ვცდილობთ, დროულად გავაფრთხილოთ შესაბამისი სტრუქტურები და მოსახლეობა ამინდის პირობების მოსალოდნელ გაუარესებაზე. ეს არის - ძლიერი წვიმა, მას თან დართული წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი; ზამთარში - ძლიერი თოვა და თან მოყოლილი მეწყერი, ზვავი, გზებზე ლიპ-ყინული, ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინულობა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, ელჭექი, სეტყვა. ყოველთვის შეიძლება 100%-ით არ გვიმართლებს, მაგრამ ძირითადად ჩვენი პროგნოზები ზუსტია.

- 90-იან წლებში უკვე სინოპტიკოსი იყავით. ეს ის პერიოდი იყო, როცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები იშლებოდა, დიდი გასაჭირი იყო. ხალხი მცირე ხელფასზე მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ მიატოვეთ ეს საქმე და არც სამსახური. რატომ?

- შუქი, ტრანსპორტი რომ არ იყო, ფეხით დავდიოდით სამსახურში... ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სახლიდან თოვლში, წვიმაში, ჭყაპში ფეხით წამოვსულვარ, რადგან მეტრო ჩერდებოდა. სამსახურში ნავთქურები, შეშის ღუმელი გვენთო. ჭერი გაჭვარტლული იყო, საშინელ პირობებში ვიყავით. ხელფასებიც სასაცილო გვქონდა, იმ კუპონებით მხოლოდ ერთ კილო ხახვს თუ იყიდდი. მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი ოდესღაც დამთავრდებოდა და ეს სიტუაციაც შეიცვლებოდა...

- როგორც ვიცი, თქვენი ბავშვობა აფხაზეთს უკავშირდება - მოგვიყევით ამაზე?

- თბილისში დავიბადე, მამა მშენებელი ინჟინერი იყო, დასავლეთ საქართველოში მცირე ჰესებს აშენებდა. მერე აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში მოხვდა და იქაურობა ძალიან მოეწონა. ამიტომ ოჯახიც გადაგვიყვანა. მეოთხე კლასიდან სკოლაში ბიჭვინთაში დავდიოდი და იქვე დავამთავრე. ბიჭვინთის ცნობილი კურორტის მშენებლობაში მამაჩემიც მონაწილეობდა. მამას, მიხეილ ნიორაძეს აფხაზეთში კარგი სახელი ჰქონდა. დიდ პატივის სცემდნენ. იმიტომ არა, რომ მამაჩემი იყო, მართლა განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიაში მოხვდა პარტიზანებში, შემდეგ გერმანიაში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა გამოვლილი, საიდანაც გამოიქცა და სხვებიც გამოაქცია. აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ბიჭვინთაში ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ და მოითხოვეს, - ქართველი ვინ არის, გამოიყვანეთო. უნდა ჩაეგდოთ სარდაფში, მამამ უთხრა დედაჩემს, დაჰაუ გამოვლილი კაცი ვარ, არ მეშინია არაფრის, მაგრამ მეზობლებმა მამაჩემი არ გასცეს... ომის შემდეგ იქ დარჩა, მერე ავადმყოფობით გარდაიცვალა. აფხაზები დედას და დას აქეთ გადმოსვენებაში დაეხმარნენ და თბილისში დავკრძალეთ.

- შვილებიც გაგვაცანით?

- ჩემი უფროსი შვილი განათლებით გეოგრაფია, მეორე ბიჭსაც გეო-ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ტყუპის ცალი ბიჭი - გეოდეზისტია, ხოლო მისი ტყუპისცალი და - ფსიქოლოგია განათლებით. მონათესავე სპეციალობები გვაქვს ოჯახში თითქმის ყველას - გეოგრაფები ვართ... უფროსი გოგოა, მერე ვაჟი, და ბოლოს ტყუპი - გოგო-ბიჭი. ჩემი გოგო ტყუპზე 12 წლით უფროსია. უფროსი შვილები, მეუღლე უმცროსების გაზრდაში მეხმარებოდნენ და ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით. მოკლედ, არც ერთ ეტაპზე სამსახური არ მივატოვე... კარგი შვილები მყავს ნამდვილად. მყავს ასევე 8 შვილიშვილი.

შვილები: თამარი, გიორგი, ვახტანგი და ირინა

- ცნობილ სინოპტიკოსს, ამინდის პროგნოზის გარდა, რა ინტერესები გაქვთ?

- საყვარელი წიგნები მაქვს, რომელთა გადაკითხვაც მიყვარს, ასევე საინტერესო ფილმების ყურება, კარგი მუსიკის მოსმენა, რაიმე გამორჩეული ჰობი არ მაქვს... სამზარეულოშიც არა მიშავს, ოჯახის წევრებს ჩემი ნახელავი მოსწონთ.

- ისე, თვითონ როგორი ამინდი გიყვართ?

- პროფესიიდან გამომდინარე გიპასუხებთ - სინოპტიკოსისთვის ყოველთვის ის ამინდია კარგი, რომელიც მან ზუსტად იწინასწარმეტყველა... თუმცა ძალიან არ მიყვარს ქარი, მით უფრო ძლიერი. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თურმე არიან ადამიანები, ვისაც ძლიერი ქარი უყვართ....

- სოციალურ ქსელში ხშირად თქვენი მისამართით არც ისე კორექტულ ფრაზებს ვკითხულობთ ხოლმე - "მაგათ რა იციან“, "ამინდის პროგნოზს ვერ "არტყამენ“, - ამ ადამიანებს რას ეტყოდით?

- იცით, ზოგადად მეტეოროლოგები ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ამ ირონიას ზოგიერთი ადამიანების მხრიდან. მათ ვეტყოდი, რომ მედიაში გამოქვეყნებული პროგნოზი ყურადღებით წაიკითხონ ხოლმე. მხოლოდ სათაურს წაიკითხავენ და ტექსტის არგაცნობით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. მერე მიდის დაცინვა, საოცარი კომენტარები... ყურადღებით გაეცნონ, შეადარონ სხვა პროგნოზებს, ისე, 100%-იანი პროგნოზი ჩვენთან კი არა, მოწინავე და უძლიერეს ქვეყნებში არ არსებობს. ძალიან რთულია ამის მიღწევა, მაგრამ მომავალში - შესაძლებელი.

შვილიშვილები

- ისე, რა გიშლით ხელს პროგნოზების 100%-იან გამართლებაში?

- ბევრი რამ, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ბოლომდე არ არის შესწავლილი ატმოსფერო და მისი ურთიერთობა ოკეანესთან, ჩვენი რთული ოროგრაფია ართულებს წერტილოვანი პროგნოზების შედგენას, ზუსტად სად მოვა ნალექი, რომელ ქალაქსა, თუ სოფელში და რა რაოდენობით. მაგრამ მეცნიერებასთან ერთად ჩვენც ვვითარდებით და იმედია, ახლო მომავალში მოსახლეობას უზუსტეს პროგნოზებს მივაწვდით.