ავტორი:

"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა

"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა

ხარკოვში, ერთ-ერთ სასტუმროზე რუსების ავიაიერიშის დროს ქართველი ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი დაშავდა. ის თურქულ საინფორმაციო სააგენტოს "ანადოლუს" წარმოადგენს და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მუშაობს.

ჟურნალისტი AMBEBI.GE-სთან აფეთქების მომენტს იხსენებს.

"მე და ჩემი ფოტორეპორტიორი ოზგე ელიფ ქიზილი, სამუშაო დღის დასასრულს, ხარკოვში ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქებები. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 11-ის ნახევარი იყო, როდესაც პირველი ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ამას რამდენიმე წამში მოჰყვა მეორე, ძლიერი აფეთქება, სარკმელი შემოინგრა, ოთახში ყველაფერი დაფრინავდა. გადავწყვიტე, აბაზანისთვის შემეფარებინა თავი, რადგან ცნობილია, რომ ზოგადად, აბაზანის კედლები მყარია, მაგრამ იქამდე მისვლა ვერ მოვახერხე, რადგან კვამლმა მხედველობა შემიზღუდა. შემდეგ დავიწყე ჩემი ფოტოკორესპოდენტის ძებნა. ჩავედი სასტუმროს ფოიეში, ქალების კივილში ვცდილობდი მომეძებნა ჩემი კოლეგა, იქ იყვნენ სხვა დაშავებულებიც. მოძებნა რომ გამიჭირდა, ტელეფონზე დარეკვა ვცადე და მიპასუხა. თავს ოთახში იყო. ძირითადი ნივთები ავიღეთ და სასწრაფოდ გამოვედით გარეთ. ამ დროს შენობაში სახანძრო გამოჩნდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. გარეთ კვამლი, ცეცხლი და აფეთქებული ავტომობილები იყო. ჩვენი ავტომობილი დამწვარი დაგვხვდა. ამ დროს შევნიშნე, რომ ხელზე მქონდა მცირე დაზიანება, გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, ჩაგვიტარეს კვლევები, მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ფოტოგრაფს არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა.

თურქეთის საელჩოს დახმარებით, სასწრაფოდ გამოგზავნეს ავტომობილი და ახლა კიევში გადავყავართ", - ამბობს დავით კაჭკაჭიშვილი.