ავტორი:

"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე

"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტიდან გადაყენებასთან დაკავშირებით.

ფირალიშვილი თვლის, რომ კეკელიძემ ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს.

"2004 წელს ნანზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომიწია მუშაობა. საგანგებოდ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ იქ არცერთი ქართული წიგნი არ იყო. ქართულად წმინდა წერილიც კი არ ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა რედაქციებსა თუ სხვადასხვა ანბანით გამოცემულებზე. რუსულ, სომხურ, აფრიკულ თუ აზიურ ენებზე გამოცემულ ბიბლიებს კი მთელი კედელი ეკავა. წინა წელს ასეთივე მდგომარეობა დამხვდა სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

რამდენიმე ადამიანს შევჩივლე ამის შესახებ, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ერთმა მათგანმა ტყუილიც იკადრა, ნანზანში ქართული ბიბლიები უკვე გამოვაგზავნეო. რამდენიმე თვე ტყუილად ველოდი. მინდოდა, მისი სახელით უნივერსიტეტის რექტორისთვის გადამეცა.

დღემდე არ ჩასულა ეს გზავნილი. როდესაც ბატონი გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, მსოფლიოს ბევრ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხის გახსნა იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი მისი შრომის დასაფასებლად. მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს არათუ ოპონენტებთან, ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა. არადა, სახელმწიფო სხვაგვარად ვერ აშენდება" - წერს ფირალიშვილი.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა. მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

წაიკითხეთ ასევე: