ავტორი:

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ - პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. ანე ფრანკის წიგნი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“ სერიის პირველი და განსაკუთრებული გამოცემაა.

აღნიშნული წიგნი გამოკითხვის შედეგად 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია. გამოცემა წიგნის მაღაზიების თაროებზე 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა 15 იანვრიდან ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ის პირდაპირ სტამბიდან შეუკვეთონ და საჩუქრად მიიღონ ორი მოსაწვევი ახალი სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებასა და მის არაფორმალურ ნაწილზე, ღვინისა და ფურშეტის თანხლებით, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

რატომ არის ანე ფრანკის დღიურის ეს გამოცემა განსაკუთრებული?

აღსანიშნავია, რომ წიგნს მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაეცნო. ის დღიურის ავტორი გოგონას მამის ოტო ფრანკის შემოკლებულ ვერსიას ეფუძნებოდა. ოტო ფრანკმა, რომელიც ოჯახთან ერთად ნიდერლანდებიდან მატარებლით აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, გათავისუფლებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ანეს ჩანაწერები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა. თუმცა მან შვილის ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ითარგმნა თარგმანიდან. სწორედ ამით აიხსნება ჩანაწერების ავტორი გოგონას სახელის შეცვლილი ვერსიის დამკვიდრებაც. Anneliese Marie Frank - ასე ერქვა გოგონას, რომელიც ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის საიდუმლო ნაწილში თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ორ წელიწადზე მეტხანს ემალებოდა ფაშისტების დევნას და საბოლოოდ მაინც ვერ დააღწია თავი.

რაც შეეხება ახალ გამოცემას, ამ ვერსიის ქართველ მკითხველამდე მოტანაზე იზრუნა ცნობილმა ბელგიელმა ლიტერატორმა, ინგრიდ დეხრავემ, რომლის მონდომებითაც 2012 წელს ქართულად, პირველად დედნიდან, ნიდერლანდური ენიდან ითარგმნა ანეს ჩანაწერების სრული დაზუსტებული და შევსებული ვერსია, რომლის სახელწოდებაც არის „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების სახით“. აღნიშნული თარგმანი ნიდერლანდური ენიდან ეკუთვნის დავით ღოლიჯაშვილს. თუ წიგნის ავთენტური ვერსია თავდაპირველად შეზღუდული ტირაჟით გამოიცა, დღეს „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის მეშვეობით მისი გაცნობის საშუალება მკითხველთა ფართო წრეებს აქვს.

გოგონას წითელი ზოლიანი დღიური, რომელიც 1942 წლის 12 ივნისს, თავის დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, ამსტერდამში, მის სახლ-მუზეუმშია გამოფენილი. ანემ თავისი ცხოვრების ისტორიების აღწერა მანამდე დაიწყო, სანამ ფაშისტებისგან დამალვა მოუწევდათ. წითელი დღიურის შევსების მერე თავისი აზრების გადმოსაცემად რვეულებს იყენებდა.

ანე ფრანკის წითელი დღიური, რომელიც საჩუქრად მიიღო

სახლი, რომლის გასაიდუმლოებულ ადგილში ანე ოჯახთან ერთად იმალებოდა, ამსტერდამის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ანე ფრანკის მუზეუმი ამსტერდამში

აქ მოსახვედრად ბილეთები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, შემდეგ კი გრძელ რიგში ჩადგეთ, მუზეუმის სტუმრები ისტორიას არ ივიწყებენ, ის კარგად იცის ქართველმა მკითხველმაც, რადგან ამ საკოლექციო სერიის პირველ გამოცემად სწორედ აღნიშნული ჩანაწერები შეარჩია.

დახურულ ღონისძიებაზე, რომელზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა მკითხველს წინასწარი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში ექნება, გამომცემლები, მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.

ამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე დასასწრებად და შესაბამისად, წინასწარი შეკვეთის განსახორციელებლად მიჰყევით ბმულს.

R