ავტორი:

რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს - რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი

რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს -  რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი

რუსულმა ძალებმა უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებით მიიტანეს შეტევები. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ხარკოვზე, რის თაობაზეც ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.

სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესასაც, ამჯერად დრონებით. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.

მისი ინფორმაციით, დაზიანებული სახლებიდან 130 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მაშველებმა პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. დაიწვა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ღრმა კრატერია, დაზიანებულია კომუნიკაციები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი ჩამოაგდეს.

"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები "ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, დნიპროსა და კიროვოგრადის ოლქებში მოქმედებდა.

  • გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის გააორმაგებს

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მათი სატელეფონო საუბარი 16 იანვარს გაიმართა.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 7 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

  • კიევში მაკრონს ელიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.

"ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს“ - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება.