ავტორი:

აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?

აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?

18 იანვარს, გვიან ღამით მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ "ტელეგრამარხებში" გავრცელდა. აფეთქებები ისმოდა სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდშიც. თითქმის ყველგან მოხდა უპილოტო აპარატებით თავდასხმა. კრემლის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული რესურსების ინფორმაციით, შეტევები მოიგერიეს. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ "აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიაზე“.

კრემლის პროპაგანდისტები წერენ, რომ ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმას ცდილობდა და დაახლოებით 3 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შემდეგ. ნამსხვრევები სწორედ ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

რუსული საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ბელგოროდშიც, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი "ტელეგრამარხების" ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში "გაანადგურეს“, ერთი კი "გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო "ტასის“ ცნობით, დრონით შეტევის გამო, პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა "პულკოვომ" მუშაობა დროებით შეაჩერა.

უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

იხილეთ ასევე: