ავტორი:

"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე

"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე

ნათლისღებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს და ის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო, მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ეს ის მთავარი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება. ნათელმირონობას საქართველოში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ცდილობს ნათლიად ყველაზე ახლობელი და კარგი ადამიანი შეარჩიოს. ტრადიციულად, 19 იანვარს ნათლულები ნათლიებს ულოცავენ და შეძლებისდაგვარად სტუმრადაც მიდიან.

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი: - სანამ ორი ცოლი მყავდა, მანათვლინებდნენ ბავშვებს. ხომ იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს "ცალი გვერდი ნათლიისა აქვსო" და ეტყობა, ამ გამოთქმას ძალა არ დაუკარგავს და მას შემდეგ სულ მერიდებიან, ნათლიის არაფერი გადაედოსო. ნათლობებზე მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ ნათლიად - აღარ. ორი ბიჭი ნათლული მყავს და ორიც გოგონა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ არის დაოჯახებული. ასე რომ, ტყუილად ეშინიათ ჩემი. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ნათლულები ნათლიებს ულოცავენ ამ დღესასწაულს და ოთხივე მირეკავს ხოლმე, სტაბილურად.

- თქვენ რა ასაკში მოინათლეთ?

- მე ისეთ წლებში დავიბადე, როცა მონათვლა რისკთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ მშობელი რაღაცას წარმოადგენდა, ან თანამდებობა ჰქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მოვინათლე, 1960-იანი წლების დასაწყისში, მამამ ალავერდში წაგვიყვანა. დიდ პატივს ვცემდი ჩემს ნათლიებს, ისინი ამქვეყნად აღარ არიან.

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი: - სხვათა შორის, ძალიან კარგი ნათლიები მყავდა და სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია, ერთი იყო გუნდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძისა და მოქანდაკე თამარ აბაკელიას ქალიშვილი, მეორე კი მწერალი ციალა არდაშელია, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი, დისიდენტი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება. ორივესთან შესანიშნავი და თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, ციალასთან, რადგან გუნდა ადრე გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო. ციალა დედასა და მამას მეგობარი იყო, გუნდა კი - მამას კლასელი. კარგად მახსოვს, როგორ მომნათლეს დიდუბის ეკლესიაში, კადრებად ჩამრჩა მეხსიერებაში. ციალას ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეროვნულ მოძრაობაზე იყო დაფუძნებული და ეს ყველაფერი მეც მახსოვს, მათ შორის, ერთი ეპიზოდი... სიონიდან გამოდიოდნენ და ქუჩაში პროკლამაციებს აკრავდნენ... მე კი, ამით აღფრთოვანებულმა, ტვინი წავუღე, გეხვეწები, მეც მინდა, მეც გამაკვრევინეთ-მეთქი. ღელავდა, არ უნდოდა ეს მეც გამეკეთებინა, მაგრამ მაინც დავითანხმე. 13 წლის ვიყავი და ნათლიაჩემთან ერთად რომ პროკლამაციები გავაკარი, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო, და სახლში რომ მოვედი, მეგონა, რაღაც საოცრება ჩავიდინე, ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა დაგანათლეს ნათლიებმა?

- რუსულ ლიტერატურას არაფერს ვერჩი, მაგრამ... იმდენად კარგად ვიცნობ, ვხუმრობ ხოლმე, ვინც კარგად არ იცნობს, სწორედ ისინი არიან რუსეთუმეები-მეთქი. ვთვლი, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არავისთან მეზობლობდა, მათ შორის, საქართველოსთან. ჩემმა ნათლიებმა, იმ წრემ, რომელიც ჩვენს სახლში იყრიდა თავს, განაპირობა, რომ მე დღეს ასეთი შეხედულებები და დამოკიდებულებები მაქვს. ჩემი დამოკიდებულება ეროვნული რაღაცებისადმი უპირველესად ჯანსუღის გავლენაა და მათ შემთხვევით არ მოანათვლინა ჩემი თავი. ეს ყველაფერი საფუძველში დევს...

სხვათა შორის, ჩემი ძმის, მამუკას უფროსი შვილი, ირინოლა, ოთარ ჭილაძემ მონათლა. როგორც იცით, მას მამაჩემის ლექსიდან ჰქვია ეს სახელი და სწორედ ოთარმა შეურჩია. ტარიელ ჭანტურიას შვილთან, ირაკლი ჭანტურიასთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, ის მამუკამ მონათლა. ჩემს ქორწილში მეჯვარე და შესაბამისად, ჩემი შვილის, ირმუშკა გიგანის ნათლია პოეტი დათო მაღრაძეა. ირმას ნათლია იყო იოსებ ნონეშვილის მეუღლე მედიკოც, ულამაზესი ქალი. ჩემი მშობლები ძალიან მეგობრობდნენ მასთან.

მამაჩემის ნათლია იყო თენგიზ კეკელიძე, თბილისელი კოლორიტული პიროვნება. ჯანსუღს ბევრი ნათლული ჰყავდა, მათ შორის არიან, მაგალითად, მომღერალი დათო გომართელი, ქეთი გაბუნია... ირაკლი აბაშიძის შვილიშვილის, ბათას ნათლიები დედაჩემი და მამაჩემი არიან. ასეთი სასიამოვნო "ხლართებია" ჩვენთან. ის მეგობრობა, რომელიც ამ წრეში, ამ შემოქმედ ხალხთან იყო, ნათელმირონობაში გადაიზარდა და უფრო გამყარდა.

მეც ძალიან კარგი ნათლულები მყავს, ერთმანეთზე ლამაზები, სიმპათიურები და განათლებულები, არავინ გამომრჩეს: გუგა გუნცაძე, ნუცა იმნაძე, ირინა ბათიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ანა რუხაძე, ანუშკა გოდოლაძე. ნათლისღებას მირეკავენ ხოლმე და მილოცავენ.

- საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ნათელმირონობა თქვენთვის?

- პირველ რიგში, ძალიან არ მომწონს ქილიკი რელიგიურ საკითხებზე, რაც თითქოს მოდური გახდა. ეკლესიასა და სამღვდელოებაში მანკიერი მხარე უთუოდ არის, მაგრამ ეს რა შუაშია რელიგიასთან? სადღაც ვინმე ცუღლუტი მოძღვარი რომ იქნება, ეს ჩვენს რწმენაზე არ აისახება. რწმენა იმდენად ინტიმური რამ არის, საკრალური, ხელშეუხებელი, რომ ვინ, რას და როდის აღნიშნავს, არავის საქმე არ არის. ორ-ორ დღესასწაულზე მეც ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ ამას ისტერიკულად კი არ ვუდგები. ნეტავ ბევრ კეთილშობილურ დღეს აღვნიშნავდეთ, რაც სიყვარულს ემსახურება და რა გვიჭირდა. როცა იქნება, დადგინდება ის ერთი დღე, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ ეს დაპირისპირების საგნად იქცეს, არასწორად მიმაჩნია. შობის დღესასწაული ისეთი რამაა, ამაშიც დაპირისპირება ვეძიოთ, დაუშვებელია. უკიდურესობა არაფერში არ ვარგა. წითელ კვერცხს ვღებავ? არ არის შენი საქმე, მინდა და ვღებავ, მომწონს ეს რიტუალი და ვღებავ. ამას რომ ქილიკი დაჰყვება, პირდაპირ გეტყვით, მაგარი გოიმობა მგონია. ამ ყველაფერში თავისუფალი უნდა იყო. ურწმუნო და ამორეცხილ ადამიანზე საშიში არაფერია, თორემ ვის რა რწმენა აქვს, რაში მაინტერესებს? განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: