"წელსაც, როგორც ყოველთვის, ახალ წელს გარეთ შევხვდი. შეიძლება ითქვას, 2008 წლიდან, რაც სცენაზე გამოვჩნდი, ამ დღესასწაულს სახლში არ შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა დაოჯახების შემდეგ განსაკუთრებით გინდა, შვილებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მომღერლისთვის შემოქმედებითად და შემოსავლის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წლის დღესასწაულია" - გვეუბნება მომღერალი ირინა ბაირამაშვილი, რომელიც ბევრი მისი კოლეგის მსგავსად მიიჩნევს, რომ საახალწლო კონცერტები ყველაზე კარგი პერიოდია.
თან უკვე მიეჩვია კიდეც და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. ის ცოტა ხანში მესამე შვილს ელოდება. ამის გამო წუთითაც არ შეუწყვეტია სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. საკმაოდ აქტიური ორსულია.
- კი, წლევანდელი ახალი წლის კონცერტები ძალიან დატვირთული იყო... მოგეხსენებათ ჩემი ორსულობის ამბავი, მეცხრე თვეში ვარ და რეგიონებში მომიწია გამოსვლა. ვიყავი ლანჩხუთში, ნინოწმინდაში, ვანში, ქედაც იყო გეგმაში, მაგრამ ჩემმა ექიმმა შემაჩერა, იქ აღარ გამიშვა... ნინოწმინდაში ისეთ თოვლში მოვყევით, იქიდან ძლივს გამოვძვერით. ამ დატვირთვას მშვენივრად გავუძელი, თან გარშემო ყველა დამტრიალებდა, ყურადღებას არ მაკლებდნენ. 31-ში საბედნიეროდ კონცერტებმა კახეთში მომიწია. ძველით ახალ წელს უკვე ქუთაისის ავტობანზე, ფეიერვერკების გარემოცვაში აღმოვჩნდი. ასე რომ, 31-დან 14 იანვრამდე სულ ჩართული ვიყავი. ეს არ არის რთული, პირიქით, მომწონს. ასე რომ, ვამბობ, ალბათ უფრო ცუდ ხასიათზე ვიქნები და უფრო უჩვეულო იქნება, ახალ წელს სახლში რომ შევხვდე-მეთქი.
- 2008 წლამდე ახალ წელს როგორ ხვდებოდი?
- სახლში, ჩემს ოჯახთან, დედასთან, დასთან, მაშინ ბებიაც ცოცხალი იყო... ასე ოჯახურად და თავისი ტრადიციებით, გოზინაყით, საახალწლო სუფრით... სახლში მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. მერე ბიძაშვილი, აქვე საგარეჯოში ცხოვრობს და მასთან ავდიოდით, ისინი ჩვენთან ჩამოდიოდნენ და ასე...
- აქტიური ადამიანი ხარ და ეს აქტიურობა ამ ფეხმძიმობის პერიოდშიც დაადასტურე. თვითონ შემოუძახებ ხოლმე თავს?
- კი, მე თვითონ ვარ ასეთი ხასიათის. პირველ, მეორე შვილზეც უპრობლემო ორსული ვიყავი. არანაირი ტოქსიკოზი და არაფერი... საერთოდ აქტიური ადამიანი ვარ, აქტივობა ფეხმძიმისთვისაც კარგია... მერე შვილების გაჩენის შემდეგ ასეთი ამოჩემება მაქვს: "აკუსტიკაზე" სიმღერას ვწერ. პირველი მშობიარობის შემდეგ "ისევ შენ და ისევ შენ" ჩავწერე. მაგ ვიდეოს 2 მილიონი ნახვა აქვს. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, თან ბავშვი ძუძუზე მყავდა და საგურამოში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩავწერეთ. რეჟისორები გაოცებული მიყურებდნენ. ახლა მესამე შვილს რომ გავაჩენ, კიდევ მაქვს რაღაც ჩანაფიქრი...
- რას აპირებ?
- საგარეჯოს გვერდზე უკვე მეოთხედ მომნიშნეს, უნდათ, რომ სოლო-კონცერტი ჩავატარო. უბრალო და ჩვეულებრივი სოლო კონცერტის ჩატარება არ მინდა. რა თქმა უნდა, ამ კონცერტს კახეთში ვფიქრობ. დედა და ქმარი გაოცებული მიყურებენ. თქვენ დაწყნარდით, მე მოვაგვარებ ყველაფერს-მეთქი. ხომ ვამბობ, ასეა - ყოველი შვილის გაჩენის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება ხოლმე. უფროსი უკვე 7 წლის არის და მომდევნო 2 წლის და 8 თვის. ვერ ვიტყვი, რომ რეპერტუარში სულ ახალ-ახალი სიმღერები მაქვს. ჩაგდებები არის ხოლმე, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ საგარეჯოში ვცხოვრობ, შვილების დედა ვარ, მაქვს ოჯახი, საჯარო სამსახური, რაღაცებს მაინც ვახერხებ. არაჩვეულებრივი მუსიკოსი დათო ლონდარიძე მეტყვის ხოლმე, იმას, რასაც საგარეჯოდან აკეთებ, სხვა თბილისში ცხოვრებით ვერ ახერხებსო. მე და დათოს მუსიკალურად კარგი ტანდემი გვაქვს შექმნილი. კვირაში ერთხელ, თბილისში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობთ. დათო მიკრავს და მე ვმღერი...
- ამდენი საქმის ასე ერთად კეთება ყველას არ შეუძლია...
- პირველ შვილზე მხოლოდ ერთი წელი მყავდა ძიძა. მერე მე და ჩემმა ქმარმა, დედაჩემმა და ჩემმა დამ ყველაფერი ჩვენს თავზე ავიღეთ. როცა კონცერტი მაქვს, ბავშვებს დედაჩემს ვუტოვებ, მაგრამ ახლა ძიძის ძებნაში აქტიურად ჩავერთე. პატარა რომ დაიბადება, არ მინდა, რომ უფროსი და შუათანა დამეჩაგრონ.
- სახელმწიფო სამსახურში სად და რას საქმიანობ?
- საგარეჯოს გამგეობაში ახალგაზრდულ საქმეთა წამყვანი სპეციალისტი ვარ. ზოგადად მიზანდასახული ვარ და რასაც ვაკეთებ მინდა, რომ ხარისხიანი იყოს, ბოლომდე ვიხარჯები.
- რა მოგიტანა კონკურსმა "ჯეოსტარი", სადაც პირველად მასობრივად გამოჩნდი... ვფიქრობ, იმ კონკურსით შენს ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოხდა...
- დღემდე, სადაც კი სცენაზე გავდივარ, თუკი რამე ვიდეოს დავდებ, არ არსებობს, ვინმემ არ თქვას, ეს გოგო როგორ მომწონდა "ჯეოსტარში,“ რა მაგარი გოგოა... "ვოისშიც“ ვიყავი, მაგრამ ის არ ახსოვთ. თუმცა იმ პროექტის მერეც არაერთი შემოთავაზება მივიღე და გავაქტიურდი, მაგრამ "ჯეოსტარი" ყველაზე კაშკაშა პერიოდი იყო. თან ჩვენი ნაკადი განსაკუთრებული აღმოჩნდა - ასეთი სხვა აღარ ყოფილა. მე, სალომე ბაკურაძე, სუხიტა, თამუნა მიქელაძე, ბორის ბედია, გიორგი მახარაშვილი, ანა ქურთუბაძე, მანიკა ასათიანი - საოცარი შეკრება მოხდა... კი, "ჯეოსტარი“ რომ არა, შემოქმედებითად ის არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ.
- როგორია შენთვის და შენი ოჯახისთვის საგარეჯოში ცხოვრება?
- ზღაპრული და სამოთხის მსგავსი და რატომ. იმ დღეს დიდი თოვლი მოვიდა, ფოტოები დავდე და მწერდნენ, ჩვეულებრივი სამოთხეა, როგორ უძლებ სამოთხეში ცხოვრებასო? საგარეჯოში, მართლა საოცარ ადგილას ვცხოვრობ, ანუ იქ, სადაც გავთხოვდი. ჩემი ქმარი თბილისში დაბადებული და გაზრდილია, უბრალოდ დედამისს აქ სააგარაკე სახლი ჰქონდა. ჰოდა, ეს ადგილი ისე მომეწონა, ისე ახლოს ვართ ბუნებასთან, სიმწვანესთან, მშვენიერი ჰაერია და ვთქვი, - აქ უნდა გავზარდო ჩემი შვილები-თქო. საერთოდ, საგარეჯო ძალიან მიყვარს, ისე, ჩემმა ქმარმა თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა რა დააშავა, მაგრამ ერთმანეთი იმდენად გვიყვარს, რომ სადაც კარგად ვგრძნობ თავს, იქ ვარ. ბავშვებს ბუნებასთან ახლოს ვზრდი, ხან ბუ გვსტუმრობს, ხან - ციყვი... ბავშვები ფაქტობრივად ზღაპარში იზრდებიან.
- რამდენიმე დღის წინ ვიდეო ვნახეთ, სადაც შენი უფროსი შვილი მღერის, შენ კი აკომპანემენტს გიტარით უკეთებ...
- ეგ თოვლი რომ მოვიდა, მაგ პერიოდში გადავიღეთ. დანი თოვლს ერთი კვირა ელოდებოდა და მოვიდა, ნათესავები გვესტუმრნენ, დიდი ჟრიამული ატყდა, ბავშვიც ძალიან ბედნიერი იყო. საერთოდ არაფერს ვაძალებ, თუ იტყვის, დედა, სიმღერა მინდა, ვამღერებ. ერთი პერიოდი მეუბნებოდა, - მომღერლობა არ მინდა. არ მღეროდა. ცოტა ხნის წინ სკოლაში მითხრეს, კონცერტი უნდა გვქონდესო, რამე შეგიძლია, მოამზადოთო? არ ვიცი, შეიძლება ხმა არც ამოიღოს-მეთქი, მაგრამ ისე უყვარს თავისი მასწავლებელი, უნდა ვიმღერო და დედა, მასწავლეო. ვასწავლე „თოვლის ფანტელი“.
მაგ დროს ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამირეკეს - სტუმრად გვინდა მოგვიწვიოთო. უცებ გავაქციე და სტუდიაში ეგ სიმღერა ჩავაწერინე. გაგიჟდა, ისე მოეწონა, ამასობაში ამღერდა. სმენა 2 წლიდან გამოავლინა, რომ ჰქონდა. იმ დღეს მე და ჩემმა ქმარმაც ვიმღერეთ და დანიმ მეც მინდაო და ჩემი აკომპანემენტით შეასრულა ეგ სიმღერა.
- ე.ი. მეუღლეც მღერის?
- ჩემს მეუღლეს, მიხეილ ღაღაშვილს ძალიან უყვარს სიმღერა. თავიდან არ ჰქონდა ასეთი მონაცემები, მაგრამ ავამღერე. ტელევიზიაში 2-ჯერ მივიყვანე და ცოცხლად ვამღერე. გამიგიჟდა - ცოცხლად როგორ მამღერებო. დიდი მოწონება დაიმსახურა...