ავტორი:

"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი

"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი

პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიმტკიცის, ძლიერების და ბედთან შეურიგებლობის სიმბოლოა: ამ მომხიბვლელი, ქერათმიანი ქალის მიღმა, ნამდვილი მებრძოლი იმალება. ირმა ერთ-ერთი საუკეთესოა ეტლით მოფარიკავეთა შორის. ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და მრავალი მედლის მფლობელია...

- ყველაფერი აფხაზეთიდან დაიწყო, სადაც ყველაზე ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობა გავატარე. ჩემი ოჯახი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში ცხოვრობდა, სადაც ყველა დღე საოცრად ტკბილი და კარგი იყო. პატარა ვიყავი, როცა წამოვედით, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სახლი, ვაშლის ხეებით დახუნძლული ეზო და ყველაფერი, რაც აფხაზეთს უკავშირდება.

დღემდე საგზლად მომყვება ჩემი სოფლის სურნელი და ის სითბო, ის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. სამწუხაროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 7 წლის ასაკში თავს დამატყდა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში მოხდეს - ომი, რომელიც მრავალი ოჯახისთვის მოულოდნელად დაიწყო. იძულებული გავხდით მშობლიური კუთხე დაგვეტოვებინა და საცხოვრებლად საქართველოს სხვა მხარეში გადავსულიყავით. ალბათ, მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ მაშინ გამოვცადეთ: საკუთარ სამშობლოში დევნილებად ვიქეცით. ასე დაასრულა ჩემი უზრუნველი წლები ომმა, რომელიც არასდროს, არსად არ უნდა ხდებოდეს - ეს არის ყველაზე ცუდი და საშინელი რამ, რაც კაცობრიობას მოუგონია.

- დევნილობის წლები როგორ გახსენდებათ?

- ცხადია, ძალიან ცუდად და უსიამოვნოდ... ომის შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ წყალტუბოში გადმოვედით. ახალი ცხოვრება ძირეულად განსხვავდებოდა ჩემი ძველი ცხოვრებისგან: აფხაზეთში არაფერი მაკლდა, მაგრამ წყალტუბოში ცხოვრება ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით, პირველ ხანებში: არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები... იმის გამო, რომ იმ დროს მამაკაცებისთვის სამუშაო არ იყო, დედამ გადაგვარჩინა: მან აიღო ყველა პასუხისმგებლობა და ემიგრაციაში წავიდა, რომ სამი შვილი გამოეკვება, ჩვენთვის განათლება მოეცა და ნორმალური პირობები შეექმნა. დედა მიიჩნევდა, რომ მისი შვილები საუკეთესოს იმსახურებდნენ და ყველაფერს აკეთებდა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.

მაშინ მე 13 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, დედის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირდა. როცა დედა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, სწორედ მაშინ არ მყავდა გვერდით, თუმცა შესანიშნავად ვიაზრებდი იმას, რომ ოჯახის სხვა წევრები გვერდით მყავდნენ. ჩემს აღზრდაში მამაც დიდ როლს ასრულებდა და უფროსი დაც, ბებიაც ჩვენთან იყო. მოკლედ, ყველა გვერდით მყავდა და ნელ-ნელა ახალ სიტუაციას შევეგუე. დედის წყალობით, მატერიალური მდგომარეობა გაგვიუმჯობესდა და მეტ-ნაკლებად ამოვისუნთქეთ. წაიკითხეთ ვრცლად