ავტორი:

გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან

გამთენიისას კულისებში: როდის იწყება "დილის პალიტრის" წამყვანის დილა და  როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - ინტერვიუ თათა ჩიკვილაძესთან

ტელევიზიის ხელოვნების სამყაროში, დილა მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვძინავს. „დილის პალიტრას“ მაყურებელი „პალიტრანიუსი”-ს დილის ეთერიდან იცნობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა დილა სასიამოვნოდ იწყება, პოზიტიური განწყობა მთელი დღის მანძილზე მიგვყვება. მხიარული და საოცრად პოზიტიური გოგონა, რომელიც მაყურებლების განწყობაზე დილიდან, „პალიტრანიუსი“-ს ეკრანიდან ზრუნავს, თათა ჩიკვილაძეა. ის უკვე სამი წელია, რაც „დილის პალიტრის“ წამყვანია და ეს გადაცემა მისი რუტინის ნაწილი გახდა. როგორ ანათებს თათას დილა, სანამ მზე ამოვა სატელევიზიო სამყაროს ჰორიზონტზე? რა ეხმარება ტელეწამყვანს გამთენიისას გაღვიძებაში და როგორია ოცნების პროფესიამდე მისასვლელი გზა? - წაიკითხეთ ინტერვიუ „დილის პალიტრის“ წამყვანთან, თათა ჩიკვილაძესთან.

იყო თუ არა შენი ოცნება გადაცემის წამყვანობა და რა გზა გამოიარე ტელევიზიამდე მოსასვლელად?

- განათლებით ჟურნალისტი ვარ და ამ სფეროში ყოფნა თავისთავად მსურდა, მაგრამ გადაცემის წამყვანობა რაღაც შორეულ ოცნებად მიმაჩნდა. თითქოს მხოლოდ გამორჩეული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ წამყვანები და დანარჩენები - კადრს მიღმა. მეც უფრო კადრს მიღმა მუშაობაზე ვფიქრობდი, რომ თავად შემექმნა საინტერესო პროდუქტი, რასაც სტუდენტობის პერიოდში ვაკეთებდი კიდეც. როგორც თეატრის სცენას აქვს თავისი მტვერი და სიყვარული, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს, ასევეა ტელევიზიაში, ვინც აქ მუშაობს, ყველას უნდა რომ გადაცემის წამყვანი იყოს. ყოველთვის მორიდებული ადამიანი ვიყავი, მაგრამ ამ პროფესიამ ბევრად უფრო თავდაჯერებული გამხადა. „პალიტრაში“ „პალიტრის პრაქტიკული აკადემიიდან“ მოვხვდი. მის შესახებ „ფეისბუქიდან“ გავიგე და გასაუბრებაზე მოვედი. იმდენად კარგი ადამიანები შემხვდნენ, რომ ვიგრძენი, კარგ ხელში აღმოვჩნდებოდი და ამან გამოიწვია ის, რომ მეც ძალიან მონდომებული ვიყავი. სტაჟირების პერიოდში უკვე მიმყავდა გადაცემა „არტ თაიმი“.

პირველი გადაცემის ჩაწერა გახსოვს? რა ემოციებთან იყო დაკავშირებული?

- ტექსტი დაზეპირებული მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი. ახლა რომ ვუყურებ 5 წლის წინანდელ თათას, რაზე ნერვიულობდა, მეღიმება. ჩემთვის ძალიან ავტომატური და მარტივია ახლა. საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ადამიანს აქვს საშუალება თავის პროფესიაში განვითარდეს.

როდის იწყება შენი დილა და როგორ უმკლავდები ასე ადრე გაღვიძებასთან დაკავშირებულ სირთულეებს?

- ძალიან რთული რეჟიმია. განსაკუთრებით თავიდან, როცა გიწევს გადაეწყო ახალ გრაფიკზე. იმის ფუფუნება ყოველთვის მქონდა, რომ გვიან დამეძინა და გვიან გამეღვიძა. სკოლაში ყოველთვის ვიგვიანებდი. პირველ გაკვეთილზე თითქმის არასოდეს ვყოფილვარ, ძალიან მიჭირდა დილით გაღვიძება. მერე უცბად აღმოჩნდა, რომ ადრე უნდა დავიძინო პატარა ბავშვივით და გაიღვიძო მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბნელა. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ფიქრები, რომ რატომ ვიღვიძებ ასეთ დროს? - ხომ არ წამოვიდე სამსახურიდან? (იცინის). ძალიან სტრესთან არის დაკავშირებული ასე ადრე გაღვიძება. მაგრამ, მთავარია წამოდგე, მერე გახსენდება რომ ეს საქმე გიყვარს და სასიამოვნოა, აღარ არის ისეთი სტრესული. ახლა მაღვიძარას ხმაზე ეგრევე ვდგები, რადგან ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ დავაგვიანებ, მერე მძღოლს პრობლემა შეექმნება. დრო ძალიან გაწერილი გვაქვს. 8 საათზე უნდა ვიყო არა უბრალოდ გაღვიძებული, არამედ გამოფხიზლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახეზე არ უნდა გეტყობოდეს დაღლა. ლევანი ჩემი კონკურენტი გახდა, რადგან სხვა არხზე მიჰყავს დილის გადაცემა. ამიტომ, დილით ხშირად ერთ დროს გვაკითხავენ მძღოლები და მისტერ და მისის სმიტებივით გავდივართ სახლიდან (იცინის).

ამისთვის ხომ არ გაქვს რაიმე შენეული მეთოდი, ან რჩევა რომ გაგვიზიარო?

- ყინული სახეზე და პატჩები. სახეზე ყინულის წასმა კარგად მაფხიზლებს და კანისთვისაც ძალიან კარგია. ასევე, გემრიელი საუზმე.

ყოველ დილით ასწრებ საუზმობას?

- აუცილებლად. მე და ჩემს მეუღლეს, ლევანს, ერთ დროს გვიწევს გაღვიძება და სამეფო საუზმეებს ვამზადებთ. ავოკადო, ბენედიქტი, მოხარშული კვერცხი... სპეციალურად ვიღვიძებ ისეთ დროს, რომ საუზმე მოვასწრო. ჩემი ტვინი ასე უფრო კარგად მუშაობს. უკეთ ვსაუბრობ, არ მიჭირს მეტყველება და ეთერში გამოფხიზლება.

ყავა უფრო გიყვარს, თუ ჩაი?

- ყავა!

როგორია „დილის პალიტრა“ კადრს მიღმა?

- სულ გადარბენაა. თან მაკიაჟს ვიკეთებ, თან მიკროფონს მამაგრებენ. შესვლის პერიოდი ყოველთვის ქაოსურია. ზოგჯერ სტუმარი აგვიანებს, რა არ მომხდარა. შესვლის მომენტში აურზაური ტელევიზიაში - ჩვეულებრივი მოვლენაა.

რა როლი იქონია „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ შენს ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში?

- დიდი გამოცდილება მომცა. ბევრ სხვადასხვა სფეროში მოვსინჯე ჩემი თავი და ახლაც ძალიან მადგება. უფრო მეტად გამაცნო ჩემი პიროვნება. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიხვდეს, რა სჭირდება. „პალიტრის პრაქტიკულ აკადემიაში“ ერთ სივრცეში შეგიძლია ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში მოსინჯო საკუთარი ძალები. შეგიძლია შენი თავი სხვადასხვა სფეროში გაიცნო და ეს ძალიან კარგია.

დილის გადაცემის წაყვანის გარდა კიდევ რას საქმიანობ?

- ვიწყებ ჩემს გადაცემას კულტურაზე და მოდაზე - „არტ თაიმი“. ამ გადაცემას ვაკეთებდი სტაჟირების დროს და ახლა ისევ ბრუნდება „პალიტრანიუსზე“. შემოგთავაზებთ ბევრ სიახლეს კულტურის სფეროდან. ასევე, ვმუშაობ რადიო ბომონდში FM 104.7-ზე, ბომონდის ვებზე. სტატიებს ვწერ.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი მეუღლესთან - ლევან ლაუდაძესთან ერთად დილის გადაცემაში. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

- ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს. რადგან დიდ დროს ატარებთ ერთად. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, კარგად ვეწყობით ერთმანეთს საქმეშიც და პირიქით, დიდი კომფორტია, როცა შენიანი გყავს გვერდით და მასთან ერთად აკეთებ საქმეს. განსაკუთრებით ძალიან კარგია ის, რომ როცა იღვიძებ ძალიან ადრე, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბნელა - არ ხარ მარტო. შენი მეუღლეც შენთან ერთად იღვიძებს და ერთად საუზმობთ. ეს კარგი დღის კარგი დასაწყისია. ლევანი ძალიან კარგ საუზმეებს ამზადებს დილაობით.

ჰობი გაქვს?

- კულინარია, ბოლო დროს ძალიან დავხვეწეთ. არ ვიძახებთ „ფასთ ფუდს“. ექსპერიმენტებიც გვიყვარს. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე პირველი მაინც საუზმეა.

- შენი საყვარელი საუზმე რომ გაგვიმხილო, რასაც ენერგიაზე მოჰყავხარ?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ცილებს, ავოკადო და მოხარშული კვერცხი, ან ტაფამწვარი ტოსტზე ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საუზმეა. დრო თუ მაქვს ვამზადებ ჯინჯერიან- ლიმონიან წყალს, რომელიც კარგად მაფხიზლებს და იმუნიტეტისთვისაც ძალიან კარგია.

შენ და ლევანს ერთად გიმღერიათ დიდ სცენაზე? ხომ არ გინდოდა, მომღერალი გამოსულიყავი?

- ბავშვობაში მომღერალი მინდოდა ვყოფილიყავი. დიდ სცენაზეც გამოვსულვარ ისეთი არტისტების წინ, რომ ალბათ ბევრი ძალიან ნიჭიერი და კარგი მომღერალი ინატრებდა. ძალიან გამიმართლა, ლევანის დამსახურებით, რომ ისეთ აუდიტორიასთან გამოვსულვარ, ეს ნამდვილად საამაყოა. თუმცა, ჩემი თავმდაბლობა მაქვს, რადგან არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. ლევანთან ერთად ვასრულებ სიმღერას, რომელიც არის ჩვენზე და ამის დამსახურებით ძალიან მიხარია, რომ ბევრ მსმენელს შევხვდი, ძალიან კარგ ემოციებს ვიღებ ხოლმე. უკვე 2 წელია, რაც ლევანთან ერთად სცენაზე გამოვედი და ზაფხულში ვიგრძენი ის დამოკიდებულება, როცა მაყურებელი შენს სახელს იძახის. ფორტეპიანოზეც ვუკრავდი ბავშვობაში, მაგრამ ვერ გავყევი ბოლომდე. მუსიკა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მეორე პროფესია. შეიძლება მე და ლევანმა ცალკეც გავაკეტოთ რამე, ვნახოთ. ახლის გაკეთების სურვილი გვაქვს. LOUDspeakers-ს თავისი აუდიტორია ჰყავს და ჩემი შეჭრით მეგონა ლევანის გულშემატკივრები იეჭვიანებდნენ და არ მინდოდა ეს დისკომფორტი შემექმნა მათთვის. მაგრამ ლევანის დარწმუნებით გამოვედი და გავრისკე. ეს სულ სხვა აუდიტორიაა. ეკრანზე რომ ვმუშაობ კამერების წინ, კი ვიცი რომ მიყურებენ მაგრამ სულ სხვაა როცა პირდაპირ თვალებში უყურებ მსმენელს და მათ ემოციებს ხედავ. მიხარია რომ ლევანის გულშემატკივრების დადებითი ემოციები დავიმსახურე და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ სტატიის საშუალებით.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftata.chikviladze%2Fvideos%2F1414741276067479%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

#პალიტრა #დილისეთერი #პალიტრაკარიერა #დილისპალიტრა #მოდა