ავტორი:

დიდი ომის მოლოდინში: რატომ ემზადება ევროპა ყველაზე უარესისთვის - რამდენიმე ქვეყანა რუსეთის თავდასხმის რისკებზე საუბრობს

დიდი ომის მოლოდინში: რატომ ემზადება ევროპა ყველაზე უარესისთვის - რამდენიმე ქვეყანა რუსეთის თავდასხმის რისკებზე საუბრობს

ბრიტანული გენშტაბის მეთაურმა ქვეყანას დიდი ომის მზადებისკენ და მოსახლეობის სამხედრო სამსახურის სწავლებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდასხმის რისკებზე ასევე საუბრობენ გერმანიის, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობები.

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო თავდაცვა

"ახალგაზრდა ბრიტანელები პრესაომარი თაობაა. ისინი საგმირო საქმეებისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს საჭირო" - განაცხადა გასულ კვირას გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა - დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა. გენერლის ინიციატივაა, რომ არმიის პირადი შემადგენლობა ახლანდელი 73 ათასი ადამიანიდან 120 ათასამდე გაზარდონ - ის რუსეთთან კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს.

"უკრაინაში ომი გვაჩვენებს, რომ რეგულარული არმიები იწყებენ ომს, ხოლო სამოქალაქო არმიები იმარჯვებენ", - აცხადებს სანდერსი.

ბოლოს ბრიტანეთში გაწვევა 1960 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თავდაცვის საკითხები მოსახლეობის უმრავლესობისთვის საერთოდ გაქრა. სამოქალაქო არმიაში გენერალი მშვიდობიანი მოსახლეობისგან შექმნილ რეზერვს გულისხმობს, რომლებსაც სამხედრო საქმეზე საბაზისო წარმოდგენა აქვთ და დიდი ომის შემთხვევაში, მათი მობილიზაცია შესაძლებელი იქნება - როგორც ეს რუსეთსა და უკრაინაში ხდება. მსგავსი განცხადება ჰქონდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა „პოსტომის სამყაროდან პრეომის სიტუაციაში“ გადადის.

თუმცა გენშტაბის მეთაურისგან ამ სიტყვების მოსმენა უფრო სერიოზულად ჟღერდა, ვიდრე სამოქალაქო პოლიტიკოსისგან. გენერლის სიტყვები არაერთგვაროვნად გაიგეს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ოპერატიულად ახსნა, რომ ამ ეტაპზე გაწვევაზე საუბარი საერთოდ არ არის, პრესა აქტიურად განიხილავდა, რამდენად მზად არიან ბრიტანელები სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის.

კონსერვატიულმა Times-მა პირიქით, მხარი დაუჭირა გენერლის მოწოდებას და რეზერვების გაფართოების პოტენციური სცენარიც მოხაზა. გაზეთის ინფორმაციით, მომავალი რეზერვის მომზადების ფუძე დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადების გამოცდილება იქნება. სხვათაშორის, 2022 წლიდან ბრიტანეთში უკრაინის 30 ათასმა მოქალაქემ გაიარა გადამზადება, რომლებიც ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

2022 წლიდან ბრიტანეთში 30 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადიოდა წვრთნას

პოსტ-არმიული საზოგადოება

"ახლა ეროვნული უსაფრთხოების ნებისმიერ ფორმასა და მიმართულებაში მოქალაქეების აბსოლუტური უმცირესობა - 1%-ზე ნაკლები ადამიანია ჩართული" - ამბობს ფრენკ ლედვიჯი, პორტსმუტის უნივერსიტეტის სამხედრო სტრატეგიის უფროსი ლექტორი, რომელიც ადრე ბრიტანეთის დაზვერვაში მუშაობდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა - მიზეზია, რომ საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ პრობლემაზე, რომელიც შეიარაღებული ძალების მრავალწლიანი უგულებელყოფით არის გამოწვეული. სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი მუდმივად მცირდება, არმიას რესურსები არ აქვს, რომ ერთი დივიზია განალაგოს, სამხედრო-საჰაერო ძალებს კი სულ გამანადგურებლების 7 ესკადრონი ჰყავს, რაც სინგაპურის სამხედრო-საჰაერო ძალების ტოლია. როგორც დანარჩენ ევროპაში, ბრიტანეთშიც ცივი ომის შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდა. ახლა მათი შეიარაღებული ძალების რაოდენობა 73 ათას ადამიანს აღწევს და კონტრაქტორების სერიოზული დანაკლისი აქვს."სამხედრო ძალებში ქაოსია", - ამბობს ლედვიჯი ბი-ბი-სისთან საუბარში.

პირველი დავალება, მისი თქმით არის, რეგულარული არმიის გაზრდა და მათი პირობების გაუმჯობესება. მან დაამატა, რომ პირადად იცნობს სამხედროებს, რომელთა სახლებშიც ცხელი წყალი არ არის. ბრიტანელი პოლიტიკოსების შემდეგი წუხილი - დონალდ ტრამპის დაბრუნებაა, რომელსაც შესაძლოა უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა და ნატოს დასუსტებაც კი მოჰყვეს.

რუსული აგერსია - კამათი ვადებზე

მსგავსი განწყობებია ევროკავშირშიც. "ტრამპის პოტენციური გაპრეზიდენტების გამო მსუბუქი პანიკაა“, - ამბობს მინა ალანდერი, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის მეცნიერი.

  • პოლიტიკოსებს ორი კითხვა აქვთ: რამდენი ხანი შეძლებს ევროკავშირი აშშ-ის გარეშე უკრაინის მხარდაჭერას და რა მოხდება, თუ ვაშინგტონი ნატოს ევროპულ წევრებს მოწინააღმდეგეებთან ერთი ერთზე დატოვებს. ამ ყველაფერის ფონზე რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის შიშები იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის თქმით, ნატოსთან ომს არ აპირებს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ბირთვული სახელმწიფოების კონფლიქტი ბირთვულ ომს ნიშნავს, თუმცა ახლა უფრო და უფრო ხშირად სხვა სცენარს განიხილავენ, მათ შორის რუსეთისა და ევროპის არმიების დაპირისპირებას ყველა შესაძლო შეიარაღებით გარდა ბირთვულისა. ევროპელი პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი ბევრად ეფექტურად გამოიყენა, ვიდრე დასავლეთმა, შეძლო საბრძოლო მასალისა და დრონების წარმოების გამართვა, პარალელურად აღადგინა სამხედრო პოტენციალი, თვლის მინნა ალანდერი.

"იმის თქმა, რომ რუსეთი სერიოზულად დასუსტდა - არასერიოზულია. რუსეთი იმაზე ძლიერია, ვიდრე 2022 წელს იყო და კიდევ უფრო ძლიერდება“, - ვარაუდობს ფრენკ ლედვიჯი.

იანვარში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისა და ნატოს შესაძლო კონფლიქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას 5-8 წელი სჭირდება, რომ ამისთვის მოემზადოს. ადრე გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც საუბარი იყო რუსეთის თავდასხმაზე ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე. ამის შესახებ Ambebi.ge-მ უკვე მოგიყევით.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ომი შესაძლოა მათ ქვეყნამდეც მივიდეს, ხოლო მთავარსარდალმა შვედებს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა. ნორვეგიის სამხედრო ძალების მეთაურის თქმით, ევროპას "ორი, შესაძლოა, სამი წელიც აქვს, რუსეთის თავდასხმისთვის მოსამზადებლად".

რობ ბაუერმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის მდივანმა და ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა თქვა, რომ ევროპის მშვიდობიანი მოსახლეობა უახლოესი 20 წლის განმავლობაში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის მზად უნდა იყოს.

უკრაინასთან ხელი-ხელ?

კიევში თვლიან, რომ ევროპა უკრაინის დაფინანსებასა და საკუთარი თავდაცვის ინვესტირებას ერთდროულად მოახერხებს, ამბობს ალენა გლივიკო, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები პარალელურად წარიმართება“, - აცხადებს პოლიტოლოგი. გასული წლის ოქტომბრისთვის ევროკავშირმა მთლიანობაში 133 მილიარდი ევრო მიმართა უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაში.

თუმცა არტილერიული ჭურვების დასავლური მიწოდება 2023 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, ამან კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „ჭურვების შიმშილი“ გამოიწვია. თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის მიხედვით, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალების საცავში იმაზე ნაკლები ჭურვი დარჩა, ვიდრე რუსეთი დონბასის ბრძოლების ორ ყველაზე დაძაბულ დღეში ხარჯავდა.

ჭურვების წარმოება - როგორც უკრაინისთვის, ისევე საკუთარი თავისთვის - მასშტაბურ ინვესტიციებას და დაგეგმვას მოითხოვს, რისთვისაც ბევრი ევროპული ქვეყანა დღემდე მზად არ არის. „ევროპისთვის ძალიან რთული იქნება ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი გაზარდოს“, - ამბობს ალანდერი ფინეთის უნივერსიტეტიდან. "დასავლელი ლიდერები ხვდებიან, რომ ცივი ომის შემდეგი ეპოქა იყო ანომალია და არა ახალი რეალობა".

წყარო: BBC

ავტორი: ანრი კურტანიძე