ავტორი:

წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

არსებობს წიგნები, რომლებიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას მასში დასმული საკითხებისა თუ აღწერილი დოკუმენტური მოვლენების გამო. ასეთი წიგნია ანე ფრანკის ჩანაწერები, რომელმაც ნაციზმის სისასტიკე კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა.

ანე ფრანკის დღიური ქართულ ენაზე კიდევ ერთხელ გამოიცა, თუმცა აქამდე არსებული თარგმანებიდან განსხვავებით, ის უფრო ავთენტურია. უფრო კონკრეტულად, „ანა ფრანკის დღიურის“ სახელით ცნობილი ჩანაწერები ქართულ ენაზე გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა და ეფუძნება ოტო ფრანკის, დღიურის ავტორი გოგონას მამის გამოსაცემად მომზადებულ შემოკლებულ ვერსიას. მამის მიერ ტექსტის შემოკლებას მორალურ ეთიკური მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ, უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა მივიდა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად, თუმცა არა ნიდერლანდურიდან, არამედ თარგმანიდან.

1980-იანი წლებიდან ანე ფრანკის ჩანაწერები სრული ვერსიის შეკრებასა და გამოცემაზე მუშაობა თავიდან დაიწყო. ბაზელში მდებარე ანე ფრანკის ფონდმა, რომელსაც ოტო ფრანკმა თავისი ქალიშვილის საავტორო უფლებები უანდერძა, გადაწყვიტა, მის ხელთ არსებული ტექსტების სრული ვარიანტი გამოექვეყნებინა. ეს სამუშაო დაევალა მწერალსა და მთარგმნელს მირიამ პრესლერს. მისი რედაქცია, რომელიც ანე ფრანკის ფონდისთვისაც მისაღები იყო, ძველ ვარიანტზე მეოთხედით მეტი გამოვიდა და შესაბამისად, მკითხველს საშუალება მიეცა, უფრო ღრმად ჩაეხედა გოგონას სამყაროში. ამ ვერსიის ქართველ მკითხველამდე მოტანაზე იზრუნა ცნობილმა ბელგიელმა ლიტერატორმა და ქართული ლიტერატურის დიდმა გულშემატკივარმა ინგრიდ დეხრავემ, რომლის მონდომებითაც 2012 წელს პირველად ქართულ ენაზე ნიდერლანდური ვერსიიდან ითარგმნა ჩანაწერების სრული, დაზუსტებული და შევსებული ვერსია, რომლის სახელწოდებაც არის „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების სახით“. აღნიშნული ვერსია ნიდერლანდური ენიდან დავით ღოლიჯაშვილმა თარგმნა, თუმცა ძალიან მცირე ტირაჟით გამოიცა.

უკვე 2024 წელს ქართველ მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მისცა შესაძლებლობა, თავისი ბიბლიოთეკა ანე ფრანკის სრულყოფილი ჩანაწერებით შეავსოს. რადგანაც „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების“ სახით ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი, ავტორს დაუბრუნდა თავისი სახელიც - „ანე“ (მისი სრული სახელი იყო Aneliese Marie Frank).

ახალი ტირაჟით გამოცემული ეს განსაკუთრებული წიგნი მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება, მანამდე კი მკითხველს მისი შეძენის შესაძლებლობა პალიტრა L-ის ვებგვერდზე სპეციალურ ფასად აქვს. ამასთან, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, მკითხველი დახურული ღონისძიების მოსაწვევით დასაჩუქრდება. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება.

ანე ფრანკის ჩანაწერების განახლებული ვერსიის გამოცემას მნიშვნელოვნად მისცა ბიძგი „პალიტრა L-ის“ ახალმა პროექტმა „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. აღნიშნული პროექტი ერთგვარი გაგრძელებაა წარმატებული სერიისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“.

პროექტის პირველი წიგნის გამოსავლენად გამომცემლობამ გამოკითხვა სხვადასხვა მედია არხის საშუალებით ჩაატარა. ანე ფრანკი კი 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია. შედეგად, თქვენს ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემა მოხვდება.

R