ავტორი:

"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პროსტატის კიბო.

როგორც ცნობილია, მეფეს სურს საჯარო მოვალეობებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ”მისი უდიდებულესობა დადებითად არის განწყობილი მკურნალობის მიმართ და მოუთმენლად ელის, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულ საჯარო მოვალეობას.”

რაც შეეხება დედოფალს, ის საჯარო მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს, პრინცი უილიამი კი მეფის ზოგიერთ ვალდებულებას შეითავსებს. მედიის ცნობით, ქეით მიდლტონი სამეფო მოვალეობებს აღდგომის შემდეგ დაუბრუნდება.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი მამის მოსანახულებლად ლონდონში დაბრუნდება - ვიზიტი უახლოეს დღეებში იგეგმება.

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგი მეგან მარკლთან და შვილებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სამეფო ოჯახთან ურთიერთობა საგრძნობლად დაეძაბა. ჰარი ბოლოს ლონდონში მეფის კორონაციის დღეს იმყოფებოდა.

სამეფო ინსაიდერები იმედოვნებენ, რომ მამის სიმსივნის დიაგნოზი ძმებს კვლავ დააახლოებს. მათი ურთიერთობა ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.

"უილიამს ახლა ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - წერს ბრიტანული მედია ძმების შესახებ.