ავტორი:

"შემდეგ პარასკევს მივალთ "ბასიანთან", მოვიტან იმ გოგონას სურათს და ნახავთ, რა ბავშვი დაიღუპა... იქ პარაკლისს გადავიხდით" - მამა შალვა კეკელია საზოგადოებას მიმართავს

"შემდეგ პარასკევს მივალთ "ბასიანთან", მოვიტან იმ გოგონას სურათს და ნახავთ, რა ბავშვი დაიღუპა... იქ პარაკლისს გადავიხდით" - მამა შალვა კეკელია საზოგადოებას მიმართავს

მამა შალვა კეკელია პარასკევს, 11 საათზე კლუბ “ბასიანთან” პარაკლისს ჩაატარებს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"19 წლის ულამაზესი გოგო დაიღუპა კლუბში და ეს კლუბი დღესაც მუშაობს და ამ კლუბში ყოველდღე ბევრი ადამიანი იღუპება. ეს არავის აინტერესებს. ყველას აქედან სარგებელი აქვს. დიდი ფული ტრიალებს იქ. თაობებს კლავენ. არც ერთ ტელევიზიას ამაზე გადაცემა არ გაუკეთებია, არავინ იძიებს ვისია ეს კლუბი. უნდა მივცეთ ამდენის უფლება? ნუთუ ჩვენი საოცარი ახალგაზრდობა არ უნდა გამოვაფხიზლოთ? ზოგჯერ გული მისკდება ამ ყველაფერს რომ ვხედვა. ნუთუ ფული ყველაფერია?

არავინ არ იძიებს ვისია ეს კლუბი, ვისაც ეს კლუბი ეკუთვნის როგორი მდიდარია, ამაზე არავინ არ აკეთებს გადაცემებს, მაგრამ პოლიტიკოსებზე აკეთებენ. ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ჩვენ ასე უნდა ვიყოთ, უნდა მივცეთ უფლება ჩვენი შვილების სიკვდილის. ნუთუ ეს საოცარი ახალგაზრდობა არ უნდა გამოვაფხიზლოთ? ნუთუ ფულში უნდა გაიცვალოს ეს ქვეყანა, ფული ყველაფერია? მინდა იმ კაცს ვკითხო ვინც ამ კლუბის წილშია, შენ შვილი არ გყავს? - ამ ფულით შვილს როგორ აჭმევ. ადრე ნარკოტიკის გაყიდვა ყველაზე მძიმე დანაშაული იყო, არავინ არ მეგობრობდა ბარიგასთან. ნარკომანთან კი არ ჰქონდა ხალხს ეს დამოკიდებულება, ნარკოტიკის გამყიდველთან. ბარიგას რომ იტყოდნენ კაცზე, მასთან არავინ მეგობრობდა.

შემდეგ პარასკევ დღეს, ღამის 11 საათზე, მინდა მივიდე იმ კლუბთან, იმ "ბასიანთან"... მინდა, რომ იქ პარაკლისი გადავიხადო, არასაკამათოდ. ის ახალგაზრდები ღამის 12 საათზე აპირებენ მისვლას, როგორც დავადგინე, ჩვენ ღამის 11 საათზე მივიდეთ უბრალოდ, პარაკლისი გადავიხადოთ მშვიდად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაარჩინოს.

ჩვენც ყველანი მივიდეთ, არავის არ ეჩხუბოთ იქ, უბრალოდ მივდივარ, რომ პარაკლისი გადავიხადო და მაინტერესებს, რომელი ტელევიზიები მოვლენ იქ, ვის დააინტერესებს და ვინ გააკეთებს ამის შემდეგ მაინც გადაცემებს, რომ ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

ჩვენ დასაკარგი შვილები არ გყვავს. პარასკევს მოვიტან იმ გოგონას სურათს და ნახავთ რა ბავშვი დაიღუპა. თქვენ ხომ ყველას შვილები გყავთ, ჩვენი შვილები ყველანი ამ საფრთხის ქვეშ არიან, მე შვილები მყავს, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება და არ მინდა, ჩემი შვილი იქ ვიღაცამ შეიტყუოს. სიკვდილის ადგილია და ასეთი ბევრი ადგილია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. მინდა ყველას გთხოვოთ, ყველა ერთად დავდგეთ იქ და დედა ღვთისმშობელს ვთხოვოთ დახმარება რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს" - ამბობს მამა შალვა ქადაგებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 19 წლის გოგონას გარდაცვალებას საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა. გოგონა კლუბის ტერიტორიაზე ცუდად გახდა და ის უგონო მდგომარეობაში სავამადყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ბასიანი მსგავს სკანდალში გაეხვა. შემთხვევიდან მხოლოდ დღეს კლუბმა მომხდარზე განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე, თავს იკავებდნენ საჯარო კომენტარისგან, თუმცა "ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში", გადაწყვიტეს დეტალების გასაჯაროება.

"ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან" - წერია ბასიანის განცხადებაში.