2024 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს. არსებული კანონი, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს, ვერ პასუხობდა ევროკავშირის სტანდარტებს და მიმდინარე გამოწვევებს. შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა აღნიშნული ცვლილებები.
სამართლის ჯგუფის დირექტორის, ანა ბაქრაძის განმარტებით, დღევანდელ დღეს პერსონალურ მონაცემებზე მოთხოვნა იზრდება, რადგანაც იგი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ძირითად მამოძრავებელ ძალას. ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მონაცემებს აგროვებენ კომპანიები, ხშირად ფიზიკური პირები ამა თუ იმ ინტერნეტსერვისების ან სოციალური ქსელების გამოყენებისას ნებაყოფლობით აწვდიან საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას კომპანიებს. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოწვევები იზრდება და საკანონმდებლო დონეზეც შემხვედრი ცვლილებები ხდება საჭირო.
უფრო დეტალურად, რა იცვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში და როგორ აისახება ეს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე, ამის შესახებ სამართლის ჯგუფის დირექტორი, ანა ბაქრაძე საუბრობს:
პერსონალური მონაცემი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით; შესაბამისად პერსონალური მონაცემი უკავშირდება მხოლოდ პიროვნებასთან, ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
მნიშვნელოვანი ცვლილებები რასაც კანონი გვთავაზობს ესენია: სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.ახალი კანონის მიხედვით, მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.
ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ასევე, განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიო მონიტორინგის) წესი და პირობები, ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეომონიტორინგი), განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება და ა.შ.
ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს ახალი კანონის მოთხოვნები და მაქსიმალურად ეცადოს, გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, რათა არ დაარღვიოს კანონი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, თითოეულმა ჩვენგანმა თანხმობის გაცემამდე უნდა გააცნობიეროს თუ ვის და რა მიზნით უზიარებს მის პერსონალურ მონაცემებს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში აღნიშნული ინფორმაციის არაკანონიერად დამუშავება,
ვინაიდან ახალი კანონის ამოქმედების შედეგად იზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, იხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.
ამასთან, ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას საქართველოში. სტანდარტის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელმაც უნდა განახორციელოს ზედამხედველობა კანონის აღსრულებაზე.