ავტორი:

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი.

მას შესრულებული აქვს არაერთი კინოროლი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" გედიას როლმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს როლი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუებიდან, რომლებშიც ის "ნატვრის ხის“ გადაღების პერიპეტიებსა და ლიკა ქავჟარაძეს იხსენებდა:

  • "ისეთი ბუმბერაზი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებთანაც ურთიერთობა ერთ ცხოვრებად ღირდა"

"ფილმ "ნატვრის ხის“ გადაღებები ბედნიერ და ტკბილ მოგონებად დამრჩა. ისეთი ბუმბერაზი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებთანაც ურთიერთობა ერთ ცხოვრებად ღირდა.

მოკლედ, კინოსტუდიის ფოიეში ვზივარ, ველოდები როდის წავალ გადაღებაზე. მართალია, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული, მაგრამ ჯერ ცნობილი არ ვარ.

უცებ, გავიხედე, რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი შემოდის კარში. შემომხედა და დამაკვირდა. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და მკითხა, ვინ ხარ, აქ მუშაობო? ვუთხარი, გამნათებელი ვარ-მეთქი. გადაირია, ვა, ფილმს ვიღებ, როლისთვის მჭირდება შენნაირი ახალგაზრდა და უნდა გაგსინჯოო. მომკიდა ხელი, ამიყვანა მეორე სართულზე, გააღო ოთახის კარი და თენგიზ აბულაძის კაბინეტში შემაგდო.

თენგიზმა სათვალიდან ამომხედა. რეზომ ხმამაღლა უთხრა: ჰა, როგორი ბიჭია, აბა ნახეო. თენგიზი უფრო კარგად დამაკვირდა. ბოლოს მკითხა, რას აკეთებ კინოსტუდიაშიო. მეც უკან აღარ დავიხიე და ისიც მოვატყუე, გამნათებელი ვარ-მეთქი.

უფრო გამჭოლი მზერით დამაკვირდა. გვარი და სახელი გამომკითხა, ჩაიწერა მონაცემები. გავიხედე, უცებ კარი გაიღო და გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთმა შემოყო თავი. დაიყვირა, სად ხარ ბიჭო, მთელი ჯგუფი შენ გელოდებით, გადაღებებზე გვაგვიანდებაო.

არ დამავიწყდება თენგიზ აბულაძის ჩაღიმება, მითხრა, ვიცი, რომ მატყუებდი, ვიცოდი, ვინც ხარ, გედიას როლისთვის მინდა გაგსინჯო. შენ კიდევ ხუმრობ და მეც აგყევი ხუმრობაშიო.

ზოგი ასეთი ტყუილის გამო გაბრაზდებოდა, წარბს შეყრიდა. აბულაძე კი გენიოსი კაცი იყო, მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა. სერიოზულიც იყო, სადაც საჭირო გახლდათ და საღი იუმორიც კარგად ესმოდა. ისე აგყვებოდა, ამოგიდგებოდა მხარში და ისე შეგიწყობდა ხელს, ცხოვრებაში წინ წაგეწია, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა“.

...

ყველას ჰგონია, რომ "ნატვრის ხე" იყო პირველი ფილმი, სადაც მე და ლიკა ერთმანეთს შევხვდით... მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "სიყვარულო ძალსა შენსა", რომელიც რეზო გაბრიაძემ გადაიღო. ერთ-ერთი ნოველა იყო - კავკასიური რომანსი და ამ ფილმში ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობდით... მე და ლიკა თითქმის ორი წელიწადი გადასაღებ მოედანზე ერთად ვიყავით. "კავკასიური რომანსის" გადაღება დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და წელიწადზე მეტი "ნატვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამწუხაროდ იმის მეასედიც არ არის გადაღებული. ვერ გამოიყენა ამხელა სილამაზე ქართულმა კინომ! ქართველებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ადამიანი რომ წავა ამ ქვეყნიდან, მერე მივტირით... ჩვენ, ვინც ვიცნობდით, ლიკა ყოველთვის გვიყვარდა. გადასაღებ მოედანზე მთელი ჯგუფი მასზე იყო შეყვარებული, ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ნამდვილი ფერია იყო ჩვენს თვალწინ...

საბჭოთა მასშტაბით, 8-მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა ჟურნალები, რომლის გარეკანზე ლიკა იყო. ყველას ეგონა ასეთი პოპულარული გოგო ძალიან ამაყი და მედიდური იქნებოდა, არადა, ყველასთან საოცრად უბრალო და მორიდებული იყო. ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი კინოგმირი მარიტა.

- დღემდე ყველას ჰგონია, რომ გედია მარიტაზე ცხოვრებაშიც იყო შეყვარებული...

- ეს შეკითხვა ადრეც დამისვეს... მაშინ ვთქვი, რომ შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?! თუმცა მე მოვიქეცი ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერებოდა. ლიკას უკვე საქმრო ჰყავდა და მე საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, ჩემი საცოლისთვის სხვას რომ დაეწყო "ჩალიჩი", როგორი იქნებოდა...