ავტორი:

სკანდალი, რომლის გამოც უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომა მოუწია: ნოვაკის მიერ პედოფილის შეწყალებას ფართომასშტაბიანი მიტინგები მოჰყვა: "ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი..."

სკანდალი, რომლის გამოც უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომა მოუწია: ნოვაკის მიერ პედოფილის შეწყალებას ფართომასშტაბიანი მიტინგები მოჰყვა: "ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი..."

უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი შეიწყალა, რის გამოც პრეზიდენტი საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პარასკევს კი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა და ნოვაკს გადადგომისკენ მოუწოდა.

"შეწყალების გადაწყვეტილება გასული წლის აპრილში მივიღე, რადგან მჯეროდა, რომ მსჯავრდებული მის მეთვალყურეობაში მყოფ ბავშვებზე არ იძალადებდა",- განაცხადა ნოვაკმა სატელევიზიო მიმართვაში. "შეცდომა დავუშვი და პედოფილიის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისადმი ჩემს დამოკიდებულებაში საზოგადოებას ეჭვი გავუჩინე".

2023 წლის აპრილში ნოვაკმა პაპ ფრანცისკეს ვიზიტამდე 20-მდე ადამიანი შეიწყალა, მათ შორის იყო ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე, რომელიც ყოფილ დირექტორს დანაშაულის დამალვაში ეხმარებოდა. დირექტორს 2004-2016 წლამდე არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მის მოადგილეს კი, 3 წლით.

ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა და ის 2022 წელს უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სატელევიზიო გამოსვლაში უნგრეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მსხვერპლებს და მათ ოჯახებს მოუბოდიშა და თქვა, რომ "შეცდომა დაუშვა", თუმცა დასძინა, რომ ის "ყოველთვის ემხრობოდა ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვას".

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა