ავტორი:

გაუგონარი დანაშაული ტეხასში - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან, ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

გაუგონარი დანაშაული ტეხასში - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან, ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

11 თებერვალს, აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ლეიკვუდში, ჯოელ ოსტინის ეკლესიაში თოფით შეიარაღებული ქალი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. რაც ყველაზე უცნაური იყო, ქალს თან ახლდა მცირეწლოვანი - 4-5 წლის შვილი, ბიჭუნა დედას გვერდით მიჰყვებოდა. სროლის შედეგად დაიჭრა მრევლის 2 წევრი. ადგილზე მყოფმა პოლიციის მორიგე ოფიცრებმა საპასუხო ცეცხლისას სასიკვდილოდ დაჭრეს ქალი. დაიჭრა ბიჭუნაც.

ტრაგედია შუადღის 2 საათამდე დატრიალდა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ტროი ფინერის თქმით, ბავშვი მძიმედ არის დაჭრილი, თუმცა უცნობია, ვისი იარაღით. ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა ბავშვთა საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ფინერის თქმით, თავდამსხმელმა ფეხში დაჭრა 57 წლის მამაკაცი, ის სტაბილურ მდგომარეობაშია.

მსროლელი, რომელიც, სავარაუდოდ, 30-დან 35 წლამდე იყო, ამტკიცებდა, რომ ბომბიც ჰქონდა და ირგვლივ გაურკვეველ ნივთიერებას ასხამდა. სამართალდამცავებმა ჩაატარეს ტერიტორიის წმენდა - არც ეკლესიაში, არც მიმდებარედ და არც თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. როგორც წესი, ეკლესიაში ლოცვის პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება. "წარმომიდგენია, რა იქნებოდა, ეს შემთხვევა 11 საათის წირვის დროს რომ მომხდარიყო. ეს გამოიწვევდა დიდ პანიკას, არეულობას და ჭყლეტას", - განაცხადა ეკლესიის პასტორმა.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა