ავტორი:

პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ

პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ

2014 წლის აპრილში იტალიის სახელმწიფომ გამოაცხადა ვენეციის ლაგუნაში მდებარე დაუსახლებელი კუნძულის ონლაინ აუქციონი, გამარჯვებულს კუნძული გადაეცემოდა 99-წლიანი იჯარით. ამგვარი ინიციატივა შეეხო იტალიის სხვადასხვა რეგიონში არსებულ რიგ ისტორიულ ტერიტორიებს. ამ პროცესის შედეგად შემოსული თანხა კი სახელმწიფო ვალის დასაფარად უნდა წასულიყო.

ბევრისთვის მოულოდნელად, პატარა კუნძულისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ ადგილად მიიჩნევა, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა იტალიელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, 2015 წლიდან ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ.

იმჟამად მისი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ზუსტად არ ჰქონდათ გაწერილი გეგმა, რას გააკეთებდნენ პატარა, დაუსახლებელ კუნძულზე. ბიზნესმენი ამბობდა, რომ სურდა მას რაიმე სახის საჯარო გამოყენება ჰქონოდა. თავდაპირველად აპირებდა, კუნძულზე მიტოვებული შენობების აღდგენას, რაც დაახლოებით 16,25 მილიონი ფუნტი დაჯდებოდა, თუმცა გადაიფიქრა..

მისი სახელია პოვეგლია (Poveglia) რომელსაც მოჩვენებების კუნძულსაც უწოდებენ. ის ყოველთვის დაუსახლებელი არ ყოფილა და საუკუნეების განმავლობაში სნეულთა და მომაკვდავთა ადგილსამყოფლად მიიჩნეოდა.

კუნძული პირველად 421 წელს ჩნდება ისტორიულ წყაროებში, რომელთა თანახმადაც, პადუასა და ესტეს მცხოვრებნი გადასახლდნენ კუნძულზე, რათა თავი დაეხსნათ ბარბაროსთა თავდასხმებისგან. ამის შემდეგ კუნძულის მოსახლეობა თანდათან იზრდებოდა.

1379 წელს გენუის ფლოტმა დაიწყო შეტევა ვენეციის გაფანტულ დასახლებებზე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კუნძულის მოსახლეობამ მისი დატოვება, რამდენიმე წელიწადში ის უკაცრიელად იქცა.

1448 წელს ვენეციაში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, კუნძული გადაეცა ჯანდაცვის სისტემას და იქცა საკარანტინო ადგილად, სადაც მომაკვდავ და დაინფიცირებულ ადამიანებს აგზავნიდნენ. კუნძულის ცენტრში კი უკვე გარდაცვლილებს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე ფუნქცია შეიძინა კუნძულმა 1630 წელსაც, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ კვლავ იფეთქა. ერთხანს კუნძულს თავდაცვის ფუნქცია მიენიჭა, მის სამხრეთით ხელოვნურად შექმნეს კიდევ უფრო პატარა კუნძული, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ვენეციის თავდაცვის ფორპოსტი იყო.

სწორედ აქედან იღებს სათავეს საშიში და შემზარავი ლეგენდები, რომელიც კუნძულს იდუმალების საბურველში ხვევს.

მე-20 საუკუნეში კუნძული კვლავ გამოიყენებოდა, როგორც საკარანტინო ადგილი.

1922 წელს კი იქ არსებული შენობები გადაკეთდა სულით ავადმყოფთა თავშესაფრად. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე, ვიდრე იქ ყველაფერი არ დაიხურა და კუნძული საბოლოოდ არ გაუდაბურდა.

ამჟამად კუნძული ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის დახურულია. იყო მცდელობები, რომ კუნძული აღედგინათ და მშენებლობები დაეწყოთ, თუმცა პროექტები სხვადასხვა მიზეზით გაჩერდა.

რაც შეეხება ლეგენდებს, პოვეგლიაზე ამბობენ, რომ მისი ნიადაგის დიდი ნაწილი 160 000 ცხედრის ნაშთით არის სავსე. მას ასევე მოიხსენიებენ "გზააბნეულ სულთა თავშესაფრად". სხვა ისტორიები შეეხება შეშლილ ექიმს, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებდა თავის პაციენტებზე, როდესაც კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ამბობენ, რომ მან აწამა და მოკლა მრავალი პაციენტი. ამ კუნძულთან დაკავშირებით არსებობს სხვა პარანორმალური ისტორიებიც.

1930 წელს კუნძულზე მოხდა ერთი გახმაურებული შემთხვევა - ექიმი, რომელიც, სავარაუდოდ, ექსპერიმენტს ატარებდა პაციენტებზე, უტარებდა მათ ლობოტომიას და ა.შ. გადმოხტა კოშკის სამრეკლოდან, ამტკიცებდა რა, რომ მოჩვენებებმა ის გააგიჟეს. ექიმი მომხდარიდან მოგვიანებით გარდაიცვალა.

ლეგენდის თანახმად, თითქოს კუნძულზე ღამღამობით დღესაც ისმის კოშკზე არსებული ზარის ხმა, თუმცა არც კოშკი და არც ზარი დიდი ხანია პოვეგლიაზე აღარ არსებობს... დროდადრო მის სიახლოვეს სანაპირო დაცვის კატარღები თუ ჩაივლიან, რომლებიც თვალყურს ადევნებენ პოვეგლიას და იცავენ ცნობისმოყვარე ტურისტებისგან, რომლებიც ცდილობენ როგორმე მოხვდნენ უკაცრიელ კუნძულზე...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი