ავტორი:

ბრიტანელების საყვარელი წიგნი, რომელიც ომის სისასტიკეს კიდევ ერთხელ გვახსენებს - "პალიტრა L-მა" "ჩიტის გალობა" გამოსცა

ბრიტანელების საყვარელი წიგნი, რომელიც ომის სისასტიკეს კიდევ ერთხელ გვახსენებს - "პალიტრა L-მა" "ჩიტის გალობა" გამოსცა

პირველი და მეორე მსოფლიო ომების თემატიკაზე ბევრი შედევრია დაწერილი, ზოგი მხატვრული, ზოგიც ავტობიოგრაფიული და ისინი არასდროს კარგავს აქტუალობას. მათ მიხედვით უკვდავი ეკრანიზაციებიც გადაიღეს და მომავალ თაობას მხატვრულად თუ დოკუმენტურად გადმოცემული ომის სისასტიკის ისტორიები შემოუნახეს.

პირველი მსოფლიო ომის თემატიკაზე დაწერილი კლასიკის ისეთი ნიმუშების გვერდით, როგორიც არის ერნესტ ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო!“, ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სებასტიან ფოლსკის „ჩიტის გალობა“, რომელიც დიდი ბრიტანეთის არაერთი სკოლისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

რომანი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს სერიის ფარგლებში - ომებსა და ადამიანებზე გამოსცა. სერია აერთიანებს I და II მსოფლიო და სხვა ომების თემატიკაზე დაწერილ კლასიკურ ლიტერატურას, მათ შორის როგორც მხატვრულს, ისე ავტობიოგრაფიულსა და დოკუმენტურს. უკვე გამოიცა თომას კენილის „შინდლერის სია“, მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, კრის კაილის „ამერიკელი სნაიპერი“, ვლადისლავ შპილმანის „პიანისტი“ და სხვა.

რაც შეეხება სებასტიან ფოლსკის „ჩიტის გალობას“, ის მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას სამი თაობის, პირველ მსოფლიო ომსა და XX საუკუნის 90-იან წლებს შორის ღრმა უფსკრულის შესახებ.

ის ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ბრიტანელების ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ინგლისელის, სტივენ რეისფორდის შესახებ, რომელიც 1910 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში ჩადის. აქ მას იზაბელ აზერი, გათხოვილი ქალი შეუყვარდება. ქალი ქმართან უბედურია, შეყვარებული წყვილი კი ამიენიდან გარბის, მაგრამ ამ დროს ომი იწყება...

მთავარი პერსონაჟი - სტივენ რეისფორდი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს, შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის ნანახ- განცდილს დეტალურად აღწერს დღიურში. ათწლეულების გასვლის შემდეგ დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს სულ სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს და მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს.

ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე - იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ, რომელთა ახალგაზრდობა, ოცნებები და იმედები სასტიკ პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირა.

თავად ავტორი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, 2004 წელს „ჩიტის გალობის“ შესავალში წერს:

„ყველაზე მეტად იმის გახსენება მაოცებს, რომ დიდად არ ვემზადებოდი ასეთი ამბიციური რომანის დასაწერად, მაგრამ ალბათ დიდი ხანი იყო, მსურდა მისი შექმნა, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი. „ჩიტის გალობა“ რომ დავწერე, 39 წლის ვიყავი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის თემაზე დიდი ხანია ვფიქრობდი, 12 წლის ასაკიდან, იმ დროიდან, სკოლაში რომ ვსწავლობდი. მახსოვს, 11 ნოემბრისთვის დამავალეს სკოლაში, წამეკითხა იმ ბიჭების სახელები და გვარები, რომლებიც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაიღუპნენ. ჩვენი სკოლა ძალიან პატარა იყო, აი, სია კი კარგა გრძელი გამოვიდა და ისე ვინერვიულე, მეორე დღეს ყელი ამტკივდა და გაკვეთილებიდან გამათავისუფლეს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ პირველი მსოფლიო ომი, გარკვეულწილად ტაბუდადებული თემა იყო. მახსოვს ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ხატოვნად გვიამბობდა „პურის კანონზე“ თუ სტიუარტებზე, ამ დიდი ომის თემას მიუახლოვდა თუ არა, ლამის სუნთქვა შეეკრა, თავი ნაღვლიანად გადააქნია და სწრაფად ჩაამთავრა. სწორედ მაშინ დამებადა ასეთი აზრი: „ერთ დღეს აუცილებლად გავარკვევ, რაშია საქმე“.

ავტორი ეცნობოდა წყაროებს ომის შესახებ, ხშირად ტრიალებდა ისეთ გარემოში, სადაც აღნიშნულ თემატიკაზე ბევრი იცოდნენ, ესაუბრებოდა ფრონტზე ნამყოფებსაც.

„გონებაში მიტრიალებდა რჩევა, რომელიც მომავალ პოეტებს მისცა მწერალმა ჯეიმზ ფენტონმა: „ჩადეთ რამე ისეთი თქვენს ლექსებში, რაც ადამიანებისთვის უცნობია“, - წერს სებასტიან ფოლსკი.

მწერლის თქმით, დასავლეთის ფრონტის ტერიტორიის მონახულებისას დარწმუნდა, რომ ადამიანები ომის ისტორიას ადვილად ივიწყებენ. თუმცაღა, როგორც მისი ნაწარმოები, ისე ლიტერატურისა თუ კინოს შედევრები მას თაობების გულსა და გონებაში კვლავაც აცოცხლებენ და გვახსენებენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს.

R