ავტორი:

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს ედვინ ბაგაშვილსა და კარლო გალოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატი კი, მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

პროკურორების, ლევან ჟორჟოლაძისა და გრიგოლ ბიბილეიშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

მათივე განმარტებით, 2015 წელს, ედვინ ბაგაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. ძებნა ასევე გამოცხადებული იყო კარლო გალოიანის მიმართაც.

გრიგოლ ბიბილეიშვილის განმარტებით, არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოკლულს ერთ-ერთ საქმეზე ედვინ ბაგაშვილის მიმართ მამხილებელი ჩვენება აქვს მიცემული.

პროკურორის თქმითვე, ეს გარემოება დასადგენია. მისივე განცხადებით, ედვინ ბაგაშვილი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის, 2020 წელს. რაც შეეხება კარლო გალოიანს, ბრალდების მხარის განმარტებით, მისი ნასამართლეობა 2001 წელს იწყება განზრახ მკვლელობის ბრალდებით და ის საერთო ჯამში, 7-ჯერ არის ნასამართლევი.

ბიბილეიშვილის თქმით, მას 5 წლით ავტომანქანის მართვის უფლებაც ჩამორთმეული ჰქონდა, თუმცა, შემთხვევის დღეს ავტომანქანას მართავდა.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ადვოკატ მანანა მოსულიშვილის განმარტებით, საქმეში პირდაპირი მოწმე არ არსებობს, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით კი, შეუძლებელია დადგენა, წარდგენილი ობიექტებიდან იქნა თუ არა გასროლა განხორციელებული.

ადვოკატის თქმითვე, არც ერთი ძმა ძალადობრივ დანაშაულზე არაა ნასამართლევი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ძმებს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე 126-ე პირველი პრიმა "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.