ავტორი:

უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო - რომელი ქალაქი შეიძლება გახდეს რუსეთის მომდევნო სამიზნე?

უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო - რომელი ქალაქი შეიძლება გახდეს რუსეთის მომდევნო სამიზნე?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

"ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.

ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.

2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ძალებმა არაერთხელ სცადეს ავდიივკას აღება. მასზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა 2023 წლის შემოდგომიდან ხორციელდებოდა. რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ კრემლმა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქალაქის ნებისმიერ ფასად აღება ბრძანა.

  • ავდიივკა დონეცკის მახლობლად მდებარე პატარა ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც პრორუსმა სეპარატისტებმა რუსეთის ჯარების მხარდაჭერით თითქმის 10 წლის წინ - 2014 წლის გაზაფხულზე დაიპყრეს. მთელი ამ წლების განმავლობაში ტერიტორია უკრაინის ჯარებს ეკავათ, რომლებმაც იქ მძლავრი თავდაცვითი სიმაგრეები ააშენეს. მხარეთა საკონტაქტო ხაზთან სიახლოვის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ქალაქი ვითარდებოდა და ეკონომიკურად იზრდებოდა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ ყველაფერი შეცვალა: ადგილობრივი ქარხანა დაიხურა და მაცხოვრებლების უმეტესობამ ქალაქი დატოვა. დღეისათვის ქალაქიდან ცოტა რამ არის შემორჩენილი: ინტენსიური დაბომბვისა და ბრძოლების შედეგად ქალაქში თითქმის ყველა შენობა ან მთლიანად განადგურებულია ან მნიშვნელოვნად დაზიანებული.

10 ოქტომბერს რუსეთის არმიამ დაიწყო ძლიერი შეტევა ავდიივკას წინააღმდეგ. კიევის შეფასებით, შეტევაში დაახლოებით 40 000 რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს - დაახლოებით 10 ათასი მებრძოლი მხოლოდ შეტევის პირველ თვეში.

ავდიივკას მახლობლად ოთხთვიანი ბრძოლის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს რამდენიმე კილომეტრით წინსვლა. მათ აიღეს სოფლები სტეფნოე და ბერდიჩი, მიუახლოვდნენ ადგილობრივ კოქსის ქარხანას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს და ასევე მთავარ გზას, რომლითაც უკრაინის გარნიზონისთვის მარაგი იგზავნებოდა.

თებერვლის დასაწყისში ვითარება კრიტიკული გახდა, რიგმა სამხედრო დამკვირვებლებმა დაიწყეს საუბარი ალყაში მოქცევის საფრთხეზე. მაგრამ კიევმა არ გასცა ბრძანება ავდიივკადან გასვლის შესახებ და იქ რამდენიმე ყველაზე გამოცდილი ქვედანაყოფი გაგზავნა. მიუხედავად ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო თავდაცვითი ხაზი, რომელიც 2014 წლიდან არ შეცვლილა, დაეცა.

  • ვარაუდობენ, რომ რუსული არმიის შემდეგი მნიშვნელოვანი სამიზნე შეიძლება იყოს ქალაქი სელიდოვო, (ავდიივკადან 30 კილომეტრში), ან ქალაქი პოკროვსკი, რომელიც სელიდოვოდან ჩრდილო-დასავლეთით, 12 კილომეტრში მდებარეობს.