ავტორი:

"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან

"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან

„პალიტრა L-ი“ პერიოდულად გვთავაზობს წიგნების სიას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.

ამჯერად, გამომცემლობამ შეგვირჩია კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელთა სიუჟეტით სხვადასხვა საუკუნეში განვითარებულ მოვლენებზეა დაფუძნებული, უმეტესად კი ომის თემატიკაზე.

თავდაპირველად, გთავაზობთ რომანებს მსოფლიო ლიტერატურიდან:

რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, ის-ის იყო, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ... მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით, ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს. ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე, მათთან ერთად კვდება მათივე ოცნებები, მიზნები, იმედები. ეს ბიჭები ისე ტოვებენ ამიერს, რომ ომის გარდა თითქმის ვერაფრის ნახვა მოასწრეს...

რემარკის ამ რომანის მიხედვით 2022 წელს ედვვარდ ბერგერის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციაც გამოვიდა ეკრანებზე.

„ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება, გათხოვილი ქალი, რომელიც უბედურია ქმართან. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე _ იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.

რომანი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს სერიის ფარგლებში - ომებსა და ადამიანებზე გამოსცა.

ეს არის ძალიან ემოციური, ფსიქოლოგიურად დატვირთული მოთხრობების კრებული, რომლებიც ლიტერატურის დამფასებლებისთვის საყვარელი ავტორის კალამს ეკუთვნის. ჭეშმარიტი ბრიტანული იუმორით დახატული პერსონაჟების გალერეა - იქნება ეს საკუთარ ოჯახსა და მშობლიურ სოფელზე შეყვარებული ულამაზესი ჭაბუკი, ომში თვალისჩინდაკარგული კეთილშობილი ინგლისელი, თავდავიწყებით გატაცებული „მის გიჟი გოგო“, თუ ქმრის ორგულობით გაბეზრებული ქალი - სრულიად მოულოდნელ სიუჟეტურ განვითარებასთან ერთად, კითხვის პროცესში მრავალ სასიამოვნო წუთს გვპირდება.

აღნიშნული კრებულიც სერიის ფარგლებში - ომებსა და ადამიანებზე გამოიცა.

„მოხეტიალე ვარსკვლავიც“ აღნიშნული სერიის კიდევ ერთი წიგნია, რომელიც არაბი და ებრაელი გოგონების მძიმე ხვედრის შესახებ გვიამბობს.

სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ნეჯმა და ესტერი მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.

„მშვიდობით იარაღო ესტნესტ ჰემინგუეის ავტობიოგრაფიული რომანია, რომლის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომი და სიყვარული. რომანი 1929 წელს დაიწერა და მისი მთავარი პერსონაჟი - ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იტალიის არმიის საველე ჰოსპიტლის ლეიტენანტი იყო, თავისი ცხოვრების შესახებ თავად გვიამბობს.

რომანი "მაცი ხვიტია" ძალიან პოპულარული და გახმაურებული იყო. მას მერე კი, რაც კინოფილმი "მაცი ხვიტია" გადაიღეს (1966 წ.), იმათაც აიტაცეს, ვინც ლიტერატურას "ეკრანიდან კითხულობს". მოგეხსენებათ, ფილმი მაინც რეჟისორის გააზრებული და გარდაქმნილია. საინტერესოა, დღეს რას გეტყვით ეს წიგნი, როგორ დაინახავთ იმ ეპოქასა და ამბებს, რომელსაც თავის დროზე ანტონ ფურცელაძე აღწერდა...

დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად.

ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო. თუ ისტორიული ლიტერატურის კითხვა გიტაცებთ, გირჩევთ, „უქარქაშო ხმლებითაც“ გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკა.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა. ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად...

„ლაშარელა“ მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე - თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე. ისტორიულ რომანში მწერლის ხედვით, მხატვრულად არის აღწერილი მეფის ცხოვრების დეტალები.

გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სამომავლოდაც გაგვიზიარებს.

R