სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს და აზერბაიჯანს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
"2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 მუხლში არაფერია ნათქვამი სომხეთის გავლით რაიმე დერეფანზე, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სხვა ქვეყანა აკონტროლებს სომხეთის რომელიმე ტერიტორიას. საუბარია რეგიონულ კავშირებზე“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
საფრთხეებზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ ალიევის მიერ "გამოყენებული ნარატივი“ არის სიგნალი დღევანდელ საფრთხეებზე.
"როგორ უნდა გავუძლოთ ამ საფრთხეებს? უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა იმართებოდეს. აზერბაიჯანი ცდილობდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ არ გვინდა ვინმეს გზა მივცეთ. საუბარია, თითქოს რუსეთმა უნდა გააკონტროლოს რაღაც ჩვენს ტერიტორიაზე, მსგავსი რამ მე-9 მუხლში არ წერია, რომ აღარაფერი ვთქვათ სამმხრივი განცხადების ყველა დარჩენილ მუხლზე, რომელიც აზერბაიჯანმა და რუსეთმა დახიეს და მოისროლეს. მე-9 მუხლზე მითითება აღარ არის აქტუალური, რადგან რუსეთმაც და აზერბაიჯანმაც სრულად დაარღვიეს დარჩენილი მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები, დღეს მთიან ყარაბაღში სომეხი არ დარჩა და ამაზე პასუხისმგებლობა მთიან ყარაბაღში დისლოცირებულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტსაც ეკისრება, რომლის მიზანიც ყარაბაღელი სომხების დაცვა უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.