„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - უკვდავი რომანი, რომელიც რამდენჯერმე გახდა კინორეჟისორების ინსპირაცია

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - უკვდავი რომანი, რომელიც რამდენჯერმე გახდა კინორეჟისორების ინსპირაცია

ერიხ მარია რემარკის ანტიფაშისტური რომანები დიდ გავლენას ახდენს თაობებზე, იმდენად, რამდენადაც მწერალი ადამიანების პირადი ტრაგედიების მეშვეობით რეალისტურად წარმოაჩენს რეჟიმების სახესა და ომების დამანგრეველ ძალას.

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერთი მხრივ, არის რომანი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც სრულიად შემთხვევით, გაუაზრებლად აღმოჩნდნენ ბრძოლის ველზე და მათი უმეტესობა საზარბაზნე ხორცად იქცა და მეორე მხრივ, არის პოლიტიკური განაცხადი, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რემარკს შესანიშნავად აქვს წარმოჩენილი, როგორ ექცევა რეჟიმი სამხედროებსა თუ მათ ოჯახებს იმის გამო, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს და მაშინაც კი, როცა ქვეყანა ომის წაგების ზღვარზეა, ხალხს მხოლოდ ერთ რამეს და ისიც სიცრუეს ატყობინებს - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

რომანში მწერალმა მაღალი მხატვრული ოსტატობით აღწერა ომის შემზარავი სისასტიკე: დაბომბვისას ადამიანების ნაკუწებად დაშლა, კიდურების დაკარგვა და ტანჯვით სიკვდილი, შიმშილი, განცდები მკვლელობის შემდეგ, ოჯახთან შეხვედრის სურვილი და განშორების ტკივილი. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პასაჟია მთავარი გმირის პაულ ბოიმერის მიერ ომში პირველი მკვლელობის ჩადენა. მას ფრანგი ჯარისკაცის მოკვლა თავის დასაცავად მოუწია და იმისათვის, რომ მტერს არ შეემჩნია, უსულო ცხედართან ერთად რამდენიმე საათი ერთ სანგარში გაატარა. მისი ემოციები და განცდები სწრაფად და მტანჯველად ცვლის ერთმანეთს. მთავარ გმირს იპყრობს საშინელი სინანულის განცდა, თუმცა ამავდროულად უწევს, თავის გადარჩენაზეც იფიქროს... ხვდება, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება აღარადროს იქნება ისეთი, როგორიც იყო...

ომმა სხვა ბევრი ახალგაზრდას ცხოვრება დაამახინჯა, წაართვა მათ ოჯახები, ოცნებები, იმედები და რაც ყველაზე ძვირფასია - სიცოცხლე. პირველმა მსოფლიო ომმა დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ სამჯერ გახდა კინორეჟისორების ინსპირაციის წყარო. მისი პირველი ადაპტაცია 1930 წელს გამოვიდა, მეორე - 1979 წელს, მესამე ფილმის გახმაურებული პრემიერა კი 2022 წელს შედგა. 1930 წელს გამოსულ ადაპტაციას საუკეთესო სურათისთვის ოსკარიც აქვს მიღებული. მეორე კინოსურათში მოვლენები უფრო მონოტონურად მიმდინარეობს.

განსხვავებული და საინტერესოა Netflix-ის 2022 წლის ეკრანიზაციაც, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი განსხვავებული მოსაზრება დაიწერა.

თუ ფილმების ნახვას გადაწყვეტთ, გირჩევთ, თავდაპირველად რემარკის რომანი წაიკითხოთ და შემდეგ ჩაუჯდეთ ეკრანიზაციებს.

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ქართულ ენაზე ახალი ტირაჟებით პერიოდულად გამოიცემა. ის „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და წიგნის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.