ავტორი:

"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." - MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?

"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." -  MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?

18 თებერვალს, 21 წლის ელენე ლოლაძემ MMA-ის პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით გახსნა. მან სადებიუტო ბრძოლა 27 წამში მოიგო და თურქი ესმა ქესკინკილიჩი დაამარცხა.

ელენე ლოლაძე ქართველ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია, რომელმაც სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

სპორტული კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, თავიდან კიკბოქსინგში ვარჯიშობდა, მაგრამ მწვრთნელის რჩევით MMA-ში სცადა ბედი და წარმატებაც პირველივე ბრძოლაში მოვიდა...

- მე ვარ ელენე ლოლაძე, 21 წლის, თბილისიდან. 16 წლის ვხდებოდი, კიკბოქსინგში რომ დავიწყე ვარჯიში. თავიდან მხოლოდ ფორმისთვის და წონისთვის მინდოდა. ოჯახი ძალიან ამომიდგა მხარში, დღემდე ყველა მგულშემატკივრობს. ჩემი მწვრთნელის ინიციატივა იყო, რომ ამ სპორტში მეცადა ბედი, თავიდან მეც თქვენსავით გაოგნებული ვიყავი, იქამდე არც ვიცოდი, რომ გოგონები რინგზე გამოდიოდნენ.

- პირველად რა ასაკში იჩხუბეთ, ვინ იყო თქვენი მეტოქე?

- 16 წლის ვიყავი, პირველი ჩხუბი რომ ჩავატარე, ქართველი მოწინააღმდეგე მყავდა და პირველივე ბრძოლა მოვიგე. ამან განაპირობა, რომ მაშინვე შემდეგი ჩხუბი ჩავნიშნე. ზოგადად, ძალიან მტკივნეული სპორტია, მაგრამ როდესაც შენ საქმიანობას ისე უყურებ, როგორც მომავალ პროფესიას, უნდა ისწავლო ამ ტკივილთან გამკლავება. ტრავმები მეც მქონია, ცხვირი მაქვს გატეხილი, ბრძოლის დროს წარბი გავიხეთქე, თითიც მოვიტეხე, მაგრამ ისეთი ტრავმა არ მქონია, რომ კარიერის გაგრძელებაში თუნდაც დროებით ხელი შეეშალა.

- როგორ სწავლობს ადამიანი ფიზიკური ტკივილის ატანას?

- ნელ-ნელა ეგუები, ერთხელ გეტკინება, მოითმენ, ორჯერ და შემდეგ ტკივილსაც ვეღარ გრძნობ.

- ელენე, ამ დღეებში, როდესაც ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა ბრძოლები მოიგეს, საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ეს მეტოქისთვის დამამცირებელი სპორტია, თუნდაც ის მომენტი, ბრძოლის დაწყებამდე როგორ იწვევენ მებრძოლები ერთმანეთს, ეუბნებიან დამამცირებელ ფრაზებს...

- ზოგადად, პატივი უნდა სცენ სპორტსმენებმა ერთმანეთს. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს ქალებშიც ხდება ასე, თუმცა ჩემს შემთხვევაში, ასეთი არაფერი ყოფილა. მეც ვცდილობ, რომ პატივისცემით მოვეპყრო მეტოქეს. ამ სპორტში ერთგვარი ტრენდია, ერთმანეთთან დაპირისპირებამდე მეტოქის დამცირება, ამით ცდილობენ მებრძოლები, რათა ბრძოლამდე მოწინააღმდეგეში შიში დათესონ. ქალებშიც ასეა, მაგრამ ხომ გითხარით, ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თან ამ გზას ალბათ იმიტომაც მიმართავენ, რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშაონ ბრძოლებიდან, ასე ხალხის ინტერესი უფრო იზრდება.

- რამდენი ბრძოლა გაქვთ ჩატარებული ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში?

- 70-მდე ბრძოლა ჩავატარე. საერთოდ, როდესაც საქართველოში მაქვს შეხვედრა, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ხელს არ მიშლის, უფრო მეხმარება. უცხოეთში ჩემს მეუღლესთან ნიკა ბეგოიძესთან ერთად დავდივარ, რომელიც ჩემი მწვრთნელია.

- შენ და ნიკა სპორტმა დაგაახლოვათ?

- დიახ, ერთმანეთი ვარჯიშის დროს გავიცანით. ადრე თავადაც იბრძოდა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ერთად ვშრომობთ გამარჯვების მისაღწევად. ყოველდღე ვვარჯიშობ, MMA ისეთი სპორტია რომ ყველაფერს მოიცავს, კრივი, ჭიდაობა, ასევე აუცილებელია ფიზიკური მომზადებაც, ჩვენ სირბილიც გვიწევს, ტექნიკური განვითარებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშიც. ამიტომ დღის განმავლობაში დიდ დროს ვხარჯავ ვარჯიშზე.

მე და ნიკა სამი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. ნიკა იყო ის ადამიანი, ვისთანაც დავიწყე ვარჯიში. სწორედ მან შეამჩნია პოტენციალი ჩემში. შემდეგ რამდენიმე ჩხუბი რომ მოვიგე, ახალი მიზნები დავსახეთ.

- საქართველოში ბევრი გოგონაა ამ სპორტით დაკავებული?

- სამწუხაროდ არა, ეს პრობლემას ქმნის, რადგან ბრძოლისთვის რომ ვემზადები, მჭირდება ხოლმე სპარინგ პარტნიორი.... ბოლო პერიოდის მოგებებმა შესაძლოა, ეს სპორტი უფრო პოპულარული გახადოს. მეც მწერს ბევრი, მეკითხებიან რჩევებს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკიდან შემოხვალ ამ სპორტში. ზოგი პატარაობიდანვე ვარჯიშობდა და შემდეგ მოტივაცია დაკარგა და თავი დაანება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც დიდ ასაკში დაიწყეს ვარჯიში და მეტს მიაღწიეს.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა?

- არა, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა ეს ტურნირი რაც მოვიგე, არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც აქამდე მაქვს მოგებული. უფრო რთული ბრძოლებიც გამიმართავს და არც მედია დაინტერესებულა და არც სახელმწიფო, არავის შევუმჩნევივარ. ახლა ისე მოხდა, რომ ჩემთვის მარტივი ბრძოლა იყო და ძალიან დიდი ოვაციები დაიმსახურა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- ალბათ ამას ბიჭების, ილიას და მერაბის გამარჯვებამ შეუწყო ხელი?

- არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო, რომ მათ გვერდით ახსენეს ჩემი სახელი. მე მათ პირადად არ ვიცნობ.

- ელენე, რამდენად გრჩებათ დრო თავის მოვლისთვის, როგორია თქვენი ყოველდღიურობა.

- როდესაც მოსამზადებელ პერიოდში არ ვარ და სადმე წასვლა მიწევს, კაბასაც ვიცვამ და მაკიაჟსაც ვიკეთებ, როდესაც ტურნირისთვის ვემზადები, ამის დრო არ მაქვს.

- მიზანი ახსენეთ, რომელიც მეუღლესთან ერთად დაისახეთ, შეიძლება ჩვენც გაგვიმხილოთ?

- ჩემი მიზანია UFC-ის ჩემპიონობა. იქამდე ოთხბრძოლიანი კონტრაქტი მაქვს ოქტაგონი MMA-ში, ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩავატარო. პირველი ბრძოლა 8 ივნისს გაიმართება.