ერთი ქალის ისტორია და ბევრი ქალის შიში - „მხევლის წიგნი“ - დისტოპიური რომანი, რომელმაც მსოფლიოს საფრთხეები კიდევ ერთხელ შეახსენა

ერთი ქალის ისტორია და ბევრი ქალის შიში - „მხევლის წიგნი“ - დისტოპიური რომანი, რომელმაც მსოფლიოს საფრთხეები კიდევ ერთხელ შეახსენა

თუ თანამედროვე ლიტერატურას თვალს ადევნებთ, მაშინ კანადელი ნოველისტის მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ აუცილებლად გექნებათ წაკითხული. დისტოპიური რომანის მიხედვით HULU-მ გახმაურებული სერიალიც გადაიღო, რომლის მეექვსე და ბოლო სეზონი უკვე დამტკიცებულია.

„მხევლის წიგნი“ 1985 წელს გამოქვეყნდა და მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება სწრაფად მიიპყრო თავისი შინაარსის, თხრობის დამახასიათებელი მანერისა და სოციალური და პოლიტიკური საკითხების თანამედროვეობასთან რელევანტურობის გამო. განვიხილოთ მოვლენები, რომელიც წიგნის გარშემო დატრიალდა:

წიგნის შინაარსი

რომანი გვიამბობს შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმისა და ტოტალიტარული რეჟიმის სიმბიოზმა დაატეხა გილეადის (აშშ-ის ახალი სახელწოდება რეჟიმის დამყარების შემდგომ) მცხოვრებ ქალებს თავს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სოციალურ საფეხურზე იმყოფება ქალი - მხევლის თუ მმართველის ცოლის, მისი თავისუფლება მთლიანად მამაკაცის და სახელმწიფოს ხელშია. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ურთიერთობების, ფერტილურობის, საქმიანობისა და გადაადგილების შესახებაც კი. ქალს ყველგან უთვალთვალებენ, ყოველთვის აკონტროლებენ, ტანჯავენ, ასახიჩრებენ, იძულებით ამუშავებენ იმისათვის, რომ რეჟიმის მორჩილი გახდეს. ისიც, თუ ყველა ბრძანებას მიჰყვება, შეიძლება, ცოცხალი გადარჩეს, ხოლო თუ წინააღმდეგობას გამოავლენს, ვინ იცის, კოლონიაში ამოხდება სული თუ პირდაპირ ქუჩაში მოკლავენ და მის სხეულსაც ისე გააქრობენ, თითქოს არც არსებულა.

თუმცაღა როგორც წესი, დიქტატურისა თუ რელიგიური ექსტრემიზმის წიაღში ყოველთვის იბადება მძლავრი წინააღმდეგობა, რომელიც ადრე თუ გვიან სისტემას სრულად ჩამოაქცევს.

რომანის აღიარება და მისი აკრძალვა სხვადასხვა ქვეყანაში

ქალის რეპროდუქციული უფლებები,მისი როლი საზოგადოებაში, ავტორიტარიზმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ფუნდამენტალიზმის საფრთხეები დღეს ისეთივე აქტუალური საკითხებია, როგორიც რომანის შექმნის პერიოდში იყო.

იმის ფონზე, რომ არათუ ავტორიტარული, არამედ დემოკრატიული ქვეყნების ნაწილიც ქალის რეპროდუქციულ უფლებებს მკაცრად აკონტროლებენ (მაგალითად პოლონეთი, სადაც გამონაკლისი შემთხვევების გარდა აბორტის გაკეთება აკრძალულია; ასევე აბორტის უფლება ნაწილობრივ და სრულად შეზღუდულია აშშ-ის ზოგიერთ შტატში - ალაბამა, მისური, ვაიომინგი...), ეტვუდის დისტოპიური რომანი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.

აშშ-ში აბორტის უფლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს X-ზე თავად მწერალიც გამოეხმაურა. მან ჯერ საკუთარი ფოტო განათავსა, რომელზეც ფინჯნით ხელშია გამოსახული. ფინჯანზე კი დატანილია წარწერა - „მე გითხარით“, შემდეგ მოვლენებს პოსტიც მიუძღვნა.