გადაიხადე, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნია - აქცია ომის გმირების დასახმარებლად, გრძელდება

გადაიხადე, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნია - აქცია ომის გმირების დასახმარებლად, გრძელდება

ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - ამ წიგნების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ. მკითხველის საყვარელი აქცია, რომელსაც მათ „პალიტრა L“ პერიოდულად სთავაზობს, 22 თებერვალს დაიწყო და მარაგის ამოწურვამდე გრძელდება.

მსურველებს წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლობა აქციას საქველმოქმედო მიზნით ატარებს. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40% გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

„პალიტრა L“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნულ აქციას უკვე წლებია ახორციელებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეხმარება. ამასთან, პროექტი მკითხველს საქველმოქმედო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარებს შორის არის პოლკოვნიკი ალუდა სეთურიძე, რომელიც 23 წელია, რაც საქართველს თავდაცვის ძალებში მსახურობს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობებზე იმყოფებოდა. ალუდა ერთ-ერთ სამშვიდობო მისიაში ქართული ქვეგანაყოფის მეთაური იყო, სადაც მძიმედ დაიჭრა, დაკარგა ორივე ქვედა კიდური და სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. მას სისტემატიურად სჭირდება რეაბილიტაცია და სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა. ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია ალუდას თურქეთში ჩაუტარდა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი თანადაფინანასებით. დროული და თანმიმდევრული სამედიცინო მომსახურება დისციპლინასა და ნებისყოფასთან ერთად არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ძლიერი დ გმირული შემართებით არიან ჩვენი სამშობლოს დამცველი მეომრები. ალუდა აქტიურად არის ჩართული სამხედრო საქმიანობაში. გარდა ამისა, იგი საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული თამაშების გუნდის წევრია, კერძოდ კი წყალბურთის მოთამაშეა და მუდმივად მონაწილეობს ძლიერთა თამაშებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

ალუდა სეთურიძე ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას და ამავდროულად, მისდევს ცხოვრების აქტიურ წესს.

სწორედ დაჭრილ მებრძოლთა თანადგომისთვის დააფუძნა კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა ფონდი“ 2018 წელს და მას შემდეგ მისი შემოწირულობები და ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.

წლების მანძილზე ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულებებით შეუერთდა ფონდის საქმიანობას. კერძო სექტორისა და მოქალაქეების საერთო ძალისხმევითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობაში ჩართვა და ქვეყნისთვის მებრძოლი გმირებისთვის მხარდაჭერის გაწევა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, მათ შორის „პალიტრა L-ის“ აქციაში ჩართვით.

R