ავტორი:

ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს - რას აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი?

ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს - რას აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

"გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე მოუწოდა ევროპელებს "მეტი აწარმოონ“.

"მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

  • ამასთანავე, მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს.

"დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა.

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული "სტრატეგიული ორაზროვნება“.