ავტორი:

20 წლის შემდეგ, ცხინვალის "სასამართლომ" ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის სამი პირი გაასამართლა - რა არის ცნობილი ძმებ ქარქუსოვებზე, რომლებიც ექსდეპუტატის მაზლები არიან

20 წლის შემდეგ, ცხინვალის "სასამართლომ" ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის სამი პირი გაასამართლა - რა არის ცნობილი ძმებ ქარქუსოვებზე, რომლებიც ექსდეპუტატის მაზლები არიან
  • ფოტოზე: ალან და იანიკ ქარქუსოვები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და დამნაშავედ ცნო სამი პირი - ისინი დამნაშავედ ცნეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დაკვეთით, ტერორისტული აქტების მომზადებაში. ორს მიესაჯა 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ერთს - 22 წლით.

  • საუბარია გიორგი გოგიჩაევზე, ალან (ჯემალ) ქარქუსოვსა და იანიკ ქარქუსოვზე, რომლებსაც სასჯელი 20 თებერვალს, დაუსწრებლად მიუსაჯეს. მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ დამზადებაში, შეძენა-შენახვასა და ტრანსპორტირებაში, ასევე "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის ჩადენასთან დაკავშირებულ ქმედებებში.

რუსული მედიის ცნობით, მათ ეს დანაშაულები ჩაიდინეს 2006 წლის აპრილში.

"მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქართული სპეცსამსახურების დავალებით. საუბარია 2006 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ რიგ ტერორისტულ დანაშაულებზე საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ“, - წერს რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უზენაესი სასამართლოს პრესმდივან, ზარინა თედეევაზე დაყრდნობით.

"სამხრეთ ოსეთის“ სააგენტო "რესის“ ინფორმაციით, დანაშაულის ორგანიზატორად იანიკ ქარქუსოვი ითვლება და მას 22-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი გოგიჩაევსა და ალან (ჯემალ) ქარქუსოვს 19-19 წელი.

ვინ არიან ძმები ქარქუსოვები?

იან ქარქუსოვი და მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვი წლების განმავლობაში იკავებდნენ სხვადასხვა თანამდებობას ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მათ შორის, ჯემალი ხელმძღვანელობდა ე.წ. უშიშროების საბჭოს და შს სამინისტროს. 2004 წელს პრობლემები შეექმნა „ხელისუფლებასთან“.

  • 2005 წელს ჯემალი და იან ქარქუსოვები იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2005 წლის ნოემბერში ორივე მათგანი გაიქცა ცხინვალის ციხიდან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

"სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს მათ დაკავებაში დახმარებას სთხოვდა, თუმცა მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ ქარქუსოვები ქართული სპეცრაზმის მფარველობაში იყვნენ. საქართველოს მაშინდელმა შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარქუსოვებს ციხიდან გაქცევაში ქართული სპეცსამსახურები დაეხმარნენ.

მოგვიანებით, ჯემალს და იანს თბილისში მათი მესამე ძმა, ურუზმაგი შეუერთდა. 2000-იანი წლების შუა ხანებში სამივე თანამშრომლობდა თბილისში შექმნილ ცხინვალის მთავრობასთან, რომელიც სამხრეთ ოსეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ჯემალ ქარქუსოვი ალტერნატიული მთავრობის შს მინისტრი გახდა, იანი კი დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იან და ჯემალ ქარქუსოვები ამჯერად საქართველოდან გაიქცნენ.

ურუზმაგ ქარქუსოვი

ისინი რუსეთში წავიდნენ, ხოლო რუსულ მედიასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ძმებ ქარქუსოვებზე არაფერი ისმოდა. 2016 წლის მარტში იანი გამოჩნდა - მაშინ რუსული მედია წერდა, რომ მან 200 000 რუბლის ოდენობის ვალის გამო ორ ადამიანს ესროლა, რის გამოც რუსეთის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იანი ამჟამადაც რუსულ ციხეში იმყოფება, მისი ძმის ადგილსამყოფელი კი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ძმები ქარქუსოვები ყოფილი დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის მაზლები არიან. 2013 წელს მან ქარქუსოვების შესახებ და იმაზე, აპირებდნენ თუ არა ძმები საქართველოში დაბრუნებას, "ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ. მათთვის ნამდვილად არ დაგვისვამს ეს შეკითხვა. უხერხულიც კია ასეთი შეკითხვის დასმა. რატომ არ უნდა დაბრუნდნენ, როცა ბრალდება უკვე მოეხსნებათ? ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, ამდენად მე არც მიფიქრია, რომ ასეთი შეკითხვა მათთვის დამესვა. რასაკვირველია, კონტაქტი მქონია, თუმცა არ მიკითხავს", - ამბობდა ყეინიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები იმჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელიც ნანა ყეინიშვილის მეუღლეა, ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე