ავტორი:

"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?

"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან  22 წლის  გოგონას  მკვლელობაში ბრალდებულზე?

22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, ის პოლიციამ ზუგდიდში აიყვანა.

"განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ირკვევა, სასტიკი მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფრვის შემდეგ გავიდა. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სოფელ ჭუბერიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც. ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

ცნობისათვის, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვლის დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ambebi.ge-ს ოთარ ცინდელიანის ნათესავი უყვება:

"ოთო იმ საცოდავი დათო ცინდელიანის ძმიშვილია, 2008 წელს ზღვაში რომ ჩაძირა შამათავამ (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი - ნ.ფ.)… მართლა კარგი ოჯახი იყო და დათოს ამბავმა დაანგრია ყველა…ამ ბიჭის მამაც - თემურიც კარგი ბიჭი იყო და მასაც აერია ცხოვრება - ცოლი გაშორდა (გუჯეჯიანია გვარად) და ესპანეთში წავიდა. ეს ბავშვიც კარგი ბიჭი იყო, სპორტს მისდევდა და მერე გზას აცდა.

ბიჭი ბებიამ (მამის დედამ) გაზარდა, შესანიშნავი ქალია, პედაგოგი. დედამ ოთო ესპანეთში წაიყვანა და იქ მთლად დაიქცა ეს ბავშვი, იქაც მაიმუნობდა რაღაცას და დედამ გამოაძევა იქედან. ამბობენ, ნარკოტიკებს მოიხმარდაო, რაც სამწუხარო ამბავია. ახლაც ამბობენ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა მკვლელობა. ამის მოტივი სვანეთში არ იციან. ოთოს მამა და ბებია ჭუბერში ცხოვრობენ, ამბობენ, მათთან მიდიოდაო.

2008-ში დათო მამას - ზაურს გასტაცეს ხელიდან, ისიც რეინჯერი იყო, ძალიან მაგარი კაცი და ფაქტობრივად, ეს თითით საჩვენებელი ოჯახი მას მერე წავიდა უკან, დათოს მამა ნერვიულობაზე დაავადდა და მალე გარდაიცვალა. მთელ სვანეთში თითით საჩვენებელი ოჯახი იყო და წელში ვეღარ გაიმართნენ. სვანეთში წარმოდგენა არავის აქვს, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი. დღეს ამ ამბით ყველა გაგებით საერთოდ დასამარდა ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი.“

  • შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები მეტყევე-რეინჯერი დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. მას "სახელმწიფოს ღალატი" დასწამეს, რაზეც ხელი არ მოაწერა.

2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქუთაისში იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი ჰქონდა დანიშნული, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დათო ცინდელიანიც იყო დაბარებული.

შსს-ს ინფორმაციით, "2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან ნივის მარკის ავტომანქანას დახვდნენ, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად დათო ცინდელიანი და მამამისი - ზაურ ცინდელიანი ისხდნენ. დათო ცინდელიანი "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში გადასვეს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა "ტოიოტა ჰაილუქსით" ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად თბილისისა, ბათუმში ჩაიყვანეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას გადასცეს. რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.

გამოძიების მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი ელოდებოდა, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. გამოძიების ინფორმაციით, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი აღნიშნულ ნავში ჩასვა, თვალები აუხვია და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, მას გაჰყოლოდა, რომელმაც ბრძანება შეასრულა და შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ.

რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

"თვალები ავუხვიე, ზღვაში გავიყვანე და კეფაში ვესროლე, შემდეგ ფეხებზე ბეტონნარევი ღუზა გამოვაბი და ზღვაში ჩავძირე", - აღიარა სასამართლოზე აფხაზეთის "კუდის" ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ, რომელმაც განაცხადა, რომ დათა ახალაიას ბრძანებას ასრულებდა.

2008 წელს გაუჩინარებული დათო ცინდელიანის საქმე შს სამინისტრომ 2014 წლის 10 ივნისს გახსნილად გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

იხილეთ ასევე: