ავტორი:

კრემლის ავტორიტარული რეჟიმი აბსურდამდე მიდის - რუსეთში ჟესტების საერთაშორისო ლექსიკონის ვებგვერდი დაბლოკეს, იგივე ემუქრება "ვიკიპედიასაც"

კრემლის ავტორიტარული რეჟიმი აბსურდამდე მიდის -  რუსეთში ჟესტების საერთაშორისო ლექსიკონის ვებგვერდი დაბლოკეს, იგივე ემუქრება "ვიკიპედიასაც"

რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Roskomnadzor) მსოფლიოს ჟესტების ენების საერთაშორისო ლექსიკონი, Spread The Sign დაბლოკა.

დაბლოკვის მიზეზები უცნობია, თუმცა, როგორც RBC- მ აღნიშნა, ლექსიკონის ვებსაიტმა გამოაქვეყნა პირველი არხის ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ცნობილი კადრი, რომელშიც ის გადაცემის პირდაპირი ტრანსლაციის დროს, წამყვანის უკან, ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. გასული წლის ოქტომბერში, ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიესაჯა რვა წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა რუსი სამხედროების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით.

Spread The Sign ლექსიკონი 2006 წელს შეიქმნა შვედური არაკომერციული ასოციაციის ევროპული ჟესტების ენის ცენტრის მიერ. ახლა ის შეიცავს 400 ათასზე მეტ ჟესტს 44 ენაზე, მათ შორის რუსულზეც.

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კანონის გამო რუსეთში შესაძლოა "ვიკიპედიაც" დაიბლოკოს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა განაცხადა.

მისი თქმით, ინტერნეტ ენციკლოპედიის სტატიას VPN სერვისების შესახებ აქვს ყველა ის ნიშანი, რაც Roskomnadzor-ს მისი დაბლოკვის საშუალებას აძლევს. ამასთანავე, გორელკინმა აღნიშნა, რომ რესურსის დაბლოკვის სხვა მიზეზებიც არსებობს:

"ვიკიპედიის" დაბლოკვისთვის სამართლებრივი საფუძველიც გვაქვს, რჩება მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ ამან არ გამოიწვიოს მძიმე დისკომფორტი მომხმარებლებს შორის“, - წერს დეპუტატი.

  • შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს რუსეთში ძალაში შევიდა აკრძალვა "ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“. "როსკომნადზორს“ შეუძლია დაბლოკოს არა მხოლოდ VPN-ების დაყენების ინსტრუქციების სამსახურები, არამედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოწოდებაც. რუსეთში შემოვლითი მეთოდების გამოყენების პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული, აღნიშნავს "ნოვაია გაზეტა.“
  • ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში მილიონზე მეტი ვებგვერდი დაიბლოკა: Facebook, Instagram და Twitter, ასევე არასახელმწიფო მედიის ვებსაიტები, მათ შორის "რადიო თავისუფლება".