ავტორი:

"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

13 მარტს ჯაბა ბოჯგუა 44 წლის გახდებოდა. მომღერალი სამი წლის წინ, 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია არის ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფ შვილს, ამ წლების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.

მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, თავგანწირულ დედას მანამ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ჯაბა გონზე მოსულიყო, ვიდრე მომღერლის ბებია არ გარდაიცვალა. ამ დღის შემდეგ, მომღერალმა, რომელიც წლები უგონო მდგომარეობაში იყო, წონაში კლება დაიწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ჯაბა ბოჯგუა ციხეში ცუდად გახდომის შემდეგ, დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად, წლები ერთოთახიან ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მანანა გვასალია ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში საწოლში არ სძინებია...

- ქალბატონო მანანა, სამი წელი გავიდა ჯაბას გარდაცვალებიდან...

- ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახდებოდა, ძალიან მინდა, მომცეთ საშუალება ეს დღე ჩემს შვილს მივულოცო. მე ის ღმერთის დახმარებით ვაცოცხლე, მე და დედაჩემს დღე და ღამე არ გვეძინა. მართალია, სამი წელი გავიდა, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგრამ ახლაც ისე ვარ, წამლებს ვსვამ, მაგრამ არ მეძინება, ჩავრჩი იმ დროში. ძალიან მიჭირს, ჯანმრთელობა შემერყა. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, არ ვაწუხებ გარეთ არავის. ხერხემლის პრობლემა მაქვს, მუხლები, სახსრები ყველაფერი მტკივა. ოღონდ ჯაბა ცოცხალი იყოს და ამ მდგომარეობაშიც მოვუვლიდი.

- როგორ ცხოვრობთ, როგორ გაგაქვთ თავი?

- უფლის წყალობით, ახლობელმა ბინა დამითმო და იქ ვცხოვრობ. ადრე გამგეობა მეხმარებოდა, ძალიან მადლიერი ვარ, ყურადღება არ მოუკლიათ. რომ გითხრათ, რომ ვინმე პატრონი მყავს, მაკითხავს, ეგრე არ არის. ადრე სასაფლაოზე ყოველდღე დავდიოდი, ახლა რაც ფეხების პრობლემა მაქვს, ყველა მესამე დღეს დავდივარ. რაც შემიძლია ვაკეთებ დედაჩემისთვის და ჯაბასთვის.

- ბებია განსაკუთრებულად პატრონობდა ჯაბას...

- მიუხედავად ასაკისა, მართლაც ასე იყო. მთელი დღე გასული იყო, ისევ ჯაბას გამო და შინ რომ მოდიოდა, უბანში ძაღლები ჰყავდა და იმათ უვლიდა. დღემდე ორი ძაღლი მყავს შემორჩენილი და მე ვუვლი. იმ დღეს ბანკში მიდიოდა, მანქანა რომ დაეჯახა. პოლიცია რომ გამოიძახეს, გონზე იყო და უთხრა, მძღოლის ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, ჩემით დავეცი მანქანასო. ყველას უკვირდა, გამომძიებელმა დამირეკა და მე ასეთი ქალბატონი არ მინახავს, გვეუბნებოდა, მძღოლს არაფერი უთხრათ, ჩემი ბრალიაო.

- რატომ დაიჭირეს ჯაბა, ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, ვის აწყობდა რეალურად მისი ციხეში ყოფნა?

- რა გითხრათ, ამბობენ, რომ მთავრობამ გაწირაო, მე ხელს ვერ დავადებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოეშვათ ციხიდან, იმიტომ რომ ჯაბა გულით ავადმყოფი იყო. ვიდრე იქ მოხვდებოდა, გული ოთხჯერ ჰქონდა გაჩერებული. მის დაკავებაში წვლილი მიუძღვის ჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც გარიგება დადო პოლიციასთან. იმ ქალის ქმარი, ვინც ჯაბას უჩივლა, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე იყო დაკავებული და 18 წელი ჰქონდა მისჯილი. საერთოდ, როდესაც ვალი აქვს ადამიანს, ჯერ სახლში მოდიან, ითხოვენ თანხას, დროს დაუთქვამენ და მერე ჩივიან. ასეთი რამ არ მომხდარა. თან უნდა ნახოთ, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. საჩივარში ეწერა, რომ ჯაბას მიუტანეს „ბანბანერკა“, ტორტი, რესტორანში დაპატიჟეს, ეს თანხები იყო შეკრებილი. ჯაბას უყვარდა საჩუქრების ჩუქება ადამიანებისთვის, ეგონათ მილიონერი იყო და ფულს გააკეთებდნენ.

სასამართლოზე მორიგება მინდოდა, რომ გირაოთი გამოეშვათ, მაგრამ თანხმობა უნდა განეცხადებინა იმ ადამიანს, ვინც უჩივლა, მაგრამ... ჯაბასთვის დამჭირდა ციხეში მამაოს შეყვანა, ახლობელმა მომცა მოძღვრის ნომერი. წავიყვანე და ციხეს რომ ვუახლოვდებოდით, მკითხა, რა გვართან მივდივარო? ვუთხარი, რომ ბოჯგუასთან მივდიოდით... რას ლაპარაკობთ, ჩემი სულიერი შვილი ზის ციხეში და იმ ოჯახისგან არის ჯაბა ციხეშიო. ვკითხე, ვიდრე ჯაბას დააჭერინებდა თქვენმა სულიერმა შვილმა, არ გკითხათ რჩევა-მეთქი? ხომ შეგეძლოთ, გეთქვა, რომ არ ეჩივლა და დაგვლაპარაკებოდი-მეთქი. - კი, რაღაც მითხრა, მაგრამ მე ვუთხარი, თქვენს საქმეს როგორც უხდება, ისე მოიქეცითო. სასამართლო ვიდრე დაიწყებოდა, ამ ქალს 30 ათასი ლარი გადავუხადე, სხვანაირად დარბაზში არ შედიოდა. როგორც კი ჯაბა დაიჭირეს და ამათ ჩემგან თანხა აიღეს, 9 წლამდე ჩამოუყვანეს იმ ქალის ქმარს სასჯელი.

- რამდენი ხანი გაატარა ციხეში ჯაბამ, ვიდრე ცუდად გახდებოდა?

- ოთხი თვე და შემდეგ მოუხდა ეს ამბავი. სულ მირეკავდა, ამხანაგებსაც ურეკავდა, ძალიან უჭირდა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. მაგრამ რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ. 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს მოვუარე, ვის რა დავაბრალო. ჯაბა აქტიურ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ვერ აიტანა ჩაკეტილი სივრცე. ყოველ მეორე დღეს ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. გირაოთი ვერ უშვებდნენ, რადგან თაღლითობის მუხლით იჯდა. სასამართლოს დროს, გარიგებაზე წამოვიდა ის ქალი, მაგრამ 35 ათასი ლარი ვეღარ მოვაგროვე, რომ ჩამერიცხა მისთვის.

- როდესაც გაიგეთ, რომ ცუდად გახდა, უკვე ამ მდგომარეობაში იყო?

- ჯაბასთან რეანიმაციაში რომ შევედი პირველად, ის მამაო დამხვდა, აინტერესებდა ჩვენ ხომ არ დავდგით ცუდად გახდომა, ჯაბა რომ ციხიდან გამოგვეყვანა. მინდოდა, მერე მისთვის მეჩივლა... ციხეზე რომ ცუდად გახდა, დილის ხუთ საათზე გადაუყვანიათ ღუდუშაურის კლინიკაში, გზაში გული აუმუშავეს, მაგრამ ტვინი გაეთიშა. ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს ღუდუშაურში და ასე იყო 12 წელი. მჯერა, გრძნობდა, რომ ვუვლიდი. თავიდან იმედი მქონდა, მაგრამ მერე დიდი ხანი რომ გავიდა, მაინც ისე ვუვლიდი, როგორც პირველ დღეს.

- საზღვარგარეთ წაყვანაზე არ გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა, ყველას შევაწუხებდი, მაგრამ მითხრეს, აზრი არ აქვს, შეიძლება გზაში დაგეღუპოსო. უჟანგბადობით გაგუდული იყო ტვინი. სახლში რომ მყავდა ეს 12 წელი, საუკეთესო წამლებს ვაძლევდი, მაგრამ არაფერმა უშველა. ჩვენი ხალხი დამეხმარა ძალიან, ემიგრანტები, საქართველოს მოსახლეობა. ჯაბა ისეთი ავადმყოფი იყო, მას იმდენი რამ სჭირდებოდა, რაც არ უნდა შესაძლებლობა მქონოდა, მარტო ვერ ავუვიდოდი.

- დაღუპვამდე რა შეიცვალა, ჯაბა ხომ მუდმივად ცუდად იყო და რამე განსხვავებული შეატყვეთ?

- ეს 12 წელი ხანდახან აუწევდა სიცხე და საღამოს უკვე გაუვლიდა ხოლმე. ბოლო ერთი კვირა ისე ცუდად გამიხდა, 40-41 ჰქონდა სიცხე, რა არ გაუკეთეს ექიმებმა, დაჯდომის საშუალება არ მქონდა, აპარატით ვედექი თავზე. დამხმარე არავინ მყავდა და ცოტა ხანი ჩამოვჯექი... 15 წუთი ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ჯაბა უკვე აღარ იყო. ბოლოს უკვე ძალიან გახდა, ძვალი და ტყავი იყო, ნემსსაც ვეღარ ვუკეთებდი.

- არავინ კითხულობდა ცნობილი ადამიანებიდან, არ გეხმარებოდნენ?

- არა, სამი თვე ღუდუშაურში რომ იწვა, მოდიოდნენ, მაგრამ შემდეგ უმოქმედო რომ გახდა ჯაბა, დაიკარგნენ... მაგრამ იყვნენ ერთეულები, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ, ვიდრე სული მიდგას, მათთვის ვილოცებ, ესენი იყვნენ: თამრიკო ჭოხონელიძე, დათუნა სირბილაძე, რომელმაც 1000 ლარი გამომიგზავნა, არადა, ჯაბა და ის ახლო ნაცნობებიც არ ყოფილან, ნატო გელაშვილი, ნუკრი კაპანაძე და მისი ძმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ არის, მაიკო კაჭკაჭიშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გააკეთა, ასევე დათო არჩვაძეც დამეხმარა. მაგრამ ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ისინი არ გამოჩენილან. მეტსაც გეტყვით, ჯაბას და ჰყავდა, მამით ერთნი იყვნენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ჩემმა შვილმა მოძებნა და მის ოჯახშიც სულ დადიოდა. ეს გოგონაც დადიოდა საავადმყოფოში, ისე მიხაროდა. მაგრამ როგორც საავადმყოფოდან გამოვწერეთ, მას შემდეგ თვალით არ მინახავს, არც დასაფლავების დღეს მოსულა, რა მოხდა არ ვიცი. უმოქმედო ადამიანი აღარავის სჭირდებოდა...

- მისი სიმღერებიდან თუ გაქვთ შემოსავალი?

- საავტორო უფლებების ასოციაციასთან მაქვს ხელშეკრულება, ვიდრე ჯაბა ცოცხალი იყო პერიოდულად მერიცხებოდა თანხა. რაც დაიღუპა, ერთი თეთრი არ მიმიღია. არც მომიკითხავს, მომერიდა. მე არავინ მეკითხება, ისე მღერიან რესტორნებში ჯაბას სიმღერებს, ტელევიზიაშიც მღერიან. ხომ შეიძლებოდა ეკითხათ მაინც, მაგრამ არაფრად ჩამთვალეს. გამწარებული დედა ვარ, სასწაული გადავიტანე. ასეთი ცოდვა არავინ უნდა დაიდოს, კითხვას რაღა უდგას წინ...

ჯაბა ისეთი გემრიელი შვილი იყო, მისით ვცოცხლობდი, რა დროსაც არ უნდა მოსულიყო, ბებიას ჩაკოცნიდა ლოგინში, მერე მე მიკოცნიდა ხელებს.

- 12 წელი სასწაული შეძელით...

- ჯაბამ თურქეთიდან სავარძელი ჩამომიტანა და ის მქონდა შვილის საწოლთან მიდგმული და ისე ვუვლიდი. არც მეძინა, სახეზე ფერით ვაკონტროლებდი, სუნთქვას ვუსმენდი და მაშინვე ფეხზე ვიყავი. ექიმები რომ მოდიოდნენ, უკვირდათ, ამდენი ხნის მწოლიარეა და ოთახში სუნი არ დგას, როგორი მოვლილია, ამას როგორ ახერხებთ ქალბატონო, ეს გაგვიმხილეო...

ჩვენ ქირით ვცხოვრობდით ერთოთახიან სახლში, მე, დედაჩემი და ჩემი ჯაბა. მჯეროდა სასწაულის, რომ ერთ დღესაც ჩემი შვილი გონზე მოვიდოდა, მაგრამ ბოლო ერთი წელი დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჯაბა ძალიან შეიცვალა, იქამდე კიდევ იმედი მქონდა. დედა რომ დაიღუპა, სხვაგან ვერ დავასვენებდი, ჯაბასთვის ხომ უნდა მიმეხედა და ის ერთი ოთახი გადავტიხრეთ და მიცვალებული სახლში გვესვენა. ის პერიოდი თითქოს გრძნობდა ჯაბა და სულ ოფლი ასხამდა, ბორგავდა, როცა მისი საყვარელი ბებია აღარ იყო... იმის შემდეგ, როგორც გითხარით, უარესად გახდა...