ავტორი:

"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი

"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.

მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გაუშვა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. პრემიერმა თქვა, რომ "ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამაზე განცხადებას“.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ "ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

"რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე.

ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე კითხვაზე, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა, პრემიერმა განმარტა, რომ ამის საჭიროება არ იყო.

"მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.