ავტორი:

დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

ოკუპანტ რუსეთში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ტარდება, დელეგაცია საქართველოდანაც ჩავიდა. ფესტივალი 1-ლ მარტს დაიწყო და ერთი კვირა გრძელდება. საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებშიც ახალგაზრდებთან ერთად, ოფიციალური პირებიც შედიან. სოჭთან ახლოს, "სირიუსის“ ფედერალურ ტერიტორიაზე, საქართველოს დროშასთან ერთად გამოფენილია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დროშებიც.

საქართველოს დელეგაციას პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. "ჩვენი ძმები, ინგუშები საზეიმოდ დაგვხვდნენ სოჭის აეროპორტში“, - დაწერა მან 29 თებერვალს სოციალურ ქსელში.

ღია წყაროების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის არიან:

ანნა ხოტივრიშვილი - ისტორიის მეცნიერების კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო კავშირების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე;

იულია კლიუჩიკოვა - რუსულენოვანი გიდი თბილისიდან;

ინესსა როდინა - საქართველოს სპორტული აკრობატიკის სამგზის ჩემპიონი მარნეულიდან, ლორთქიფანიძის თქმით, "რუსი ახალგაზრდების ლიდერი საქართველოში“;

კარინე არაკელიანი - მასწავლებელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკადან (ფარავანი);

ტატიანა ბალაბანოვა - გორელოვკას მკვიდრი;

ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ "ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ საქართველოს 35 ადამიანი წარადგენს.

"პირადად მე მოვედი, რომ ლექსები წავიკითხო, ვიმღერო, მოვყვე საქართველოზე, მოვიზიდო უცხოელები ჩვენ ქვეყანაში. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ჩვენთან ჩამოვიდეს. დამიჯერეთ, ზოგიერთმა მონაწილემ არც იცოდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა“, - ამბობს ის.

მისი სიტყვებით, დელეგაციის წევრებმა ფორუმის ოსი მონაწილეები გაიცნეს, მაგრამ "ყველაზე მეტად ინგუშეთის წარმომადგენლებს დაუმეგობრდნენ“.

"მთავარია მშვიდობა და მეგობრობა. ჩვენ ყველა აპოლიტიკურები ვართ, გვინდა რომ პლანეტაზე მშვიდობა იყოს“, - ამბობს გოგონა, რომლის თქმითაც, ის საქართველოს წარმოადგენს.

სოჭში იმყოფება ჟურნალისტი ლალი მოროშკინაც, რომელიც პერიოდულად გამოდის რუსულ ტელეარხებზე და კომენტარს აკეთებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

მოროშკინა ერთ-ერთ კომენტარში ამბობს, რომ "საქართველომ "დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციაში 130 ადამიანია. მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალან ტიბილოვი წარადგენს. ცნობისთვის, ტიბილოვი ჟურნალისტია.

ოკუპირებულ აფხაზეთს ფორუმზე 100 ადამიანი წარადგენს.

ფესტივალი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული პროპაგანდის გავრცელების მორიგი ფორუმია. მისი ერთ-ერთი მონაწილეა რუსეთის ექსპრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, რომლის პრეზენტაციას ვლადიმირ პუტინის ციტატა "ამშვენებდა“: "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ