ავტორი:

მათ დასაქმებას ჰპირდებოდნენ და ომში წაიყვანეს - რუსული სქემა: როგორ მიჰყავთ უკრაინაში საბრძოლველად ინდოელი და ნეპალელი ახალგაზრდები?

მათ დასაქმებას ჰპირდებოდნენ და ომში წაიყვანეს - რუსული სქემა: როგორ მიჰყავთ უკრაინაში საბრძოლველად ინდოელი და ნეპალელი ახალგაზრდები?

ინდოელი და ნეპალელი ახალგაზრდები, რომლებსაც რუსეთში, გერმანიასა და დუბაიში დასაქმებას ჰპირდებოდნენ, აიძულეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის სამხედრო ძალებს შეერთებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

  • Guardian-ი რამდენიმე ასეთი ახალგაზრდის შესახებ გვიყვება.

2023 წლის დეკემბერში ჰემილ მანგუკიამ ინდოეთის გუჯარათის შტატის პატარა სოფელი დატოვა და ოჯახს უთხრა, რომ რუსეთში, უკეთესი სამუშაო პირობების გამო მიდიოდა. "იუთუბზე" ვიდეოს ნახვის შემდეგ, 23 წლის ჰემილი ფიქრობდა, რომ უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მიდიოდა, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს ჰპირდებოდა.

რუსეთში ჩასული ახალგაზრდა ოჯახს ტელეფონით ეუბნებოდა, რომ რუსეთში ჩასვლისთანავე ის ჯერ ერთთვიან სამხედრო წვრთნაზე გაუშვეს, შემდეგ კი ომში, ფრონტის ხაზზე. თებერვლის ბოლოს ჰემილის სატელეფონო ზარები მოულოდნელად შეწყდა.

ჰემილ მანგუკია (შუაში)

  • რამდენიმე დღის შემდეგ 23 წლის ბიჭის ოჯახს შეატყობინეს, რომ ის უკრაინაში სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. "ყველას გვიმალავდა, რამხელა საფრთხეში იყო. მთელი ოჯახი განადგურებულია, ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ მისი ცხედარი დავიბრუნოთ",- აცხადებს 52 წლის აშვინ მანგუკია.

მანგუკიას გარდაცვალებამ ფრონტის ხაზზე კიდევ ათობით და, შესაძლოა, ასობით ინდოელის ყოფნას ახადა ფარდა. ეს ახალგაზრდები საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, რუსეთ-უკრაინის ომში აღმოჩნდნენ. ზოგ შემთხვევაში, ოჯახს ეგონა, რომ ისინი სამუშაოდ დუბაიში მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ აგენტებმა რუსეთში გაგზავნეს.

  • ამ კვირაში სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც 7 ინდოელი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ისინი საახალწლოდ რუსეთში ტურისტულად ჩავიდნენ, თუმცა იქ აგენტი დახვდათ, რომელმაც ბელარუსში წაიყვანა და დააპატიმრა: "პოლიციამ ჩვენი თავი რუსეთის ხელისუფლებას გადასცა. შემდეგ რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა გვაიძულეს. ახლა კი იმას გვაძალებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩავებათ."
ჰემილ მანგუკია

ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა ნეპალში, სადაც მთავრობა იძულებული გახდა, თავიანთი მოქალაქეების რუსეთსა და უკრაინაში ბრძოლა კანონით აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ათასობით ნეპალელი რუსეთის სამხედრო ძალებთან ერთად, უკრაინაში მოხვდა. მათი მცირე ნაწილი თავისი ნებით ჩაება ომში, თუმცა დანარჩენები ამბობენ, რომ იძულებით წაიყვანეს. მოტყუებულ ნეპალელ ახალგაზრდებს რუსეთში კარგ სამუშაო ანაზღაურებას და პირობებს სთავაზობდნენ. ოფიციალურად, კონფლიქტში 12 ნეპალელი დაიღუპა, თუმცა ერთ-ერთი ორგანიზაციის ცნობით, მათი რიცხვი 19-ია.

ინდოელებიც და ნეპალელებიც ჰყვებიან, რომ რუსეთში ჩასვლისთანავე რუსულად დაწერილ კონტრაქტებზე აწერინებდნენ ხელს, შემდეგ კი პასპორტებს ართმევდნენ. ამის შემდეგ ირკვეოდა, რომ ბიჭები 1 წლით რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეერთებოდნენ. უარის შემთხვევაში, მათ წლობით პატიმრობა ემუქრებოდათ.

ნანდარამ პუნი ნეპალიდან გამოცემას უყვება, როგორ გაიცნო მან ონლაინ აგენტი, რომელიც მას გერმანიაში დასაქმებას ჰპირდებოდა. აგენტის თქმით, ის ჯერ რუსეთში უნდა ჩაფრენილიყო და იქიდან გერმანიის რეისზე გადამჯდარიყო. თუმცა ნანდარიმს მოსკოვში დახვდნენ და პირდაპირ საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს. სულ მალე ის ბახმუტში გაგზავნეს, სადაც კიდევ ორ ინდოელ და ოთხ ნეპალელ ახალგაზრდას შეხვდა.

Baba Vlogs

რამდენიმე ინდოელი ახალგაზრდა მათ მოტყუებაში Baba Vlogs-ის Youtube არხს ადანაშაულებს. მათი თქმით, არხი, რომელსაც ფაისალ ხანი, ინდოელი რეკრუტერი მართავს, მათ გაცურებაშია დამნაშავე. ფაისალმა სანკტ-პეტერბურგის ქუჩებიდან ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, რომლებშიც ამბობდა, რომ რუსეთში სამხედრო დამხმარეები სჭირდებოდათ და კატეგორიულად აცხადებდა, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ, არ გაგზავნიდნენ ფრონტზე და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაც გაუადვილდებოდათ.

ინდოელი იუთუბერის თქმით, მან რუსეთში ამ პირობით 26 თანამემამულე გაგზავნა და მერე მიხვდა, რომ რუსმა შუამავალმა მათთან ერთად ისიც გააცურა. ინდოეთის მთავრობამ კონფლიქტში მხოლოდ 20 ინდოელის ჩართულობა აღიარა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ მათ ადრიანად გასათავისუფლებლად.

წყარო: theguardian

  • მოამზადა: ანა სიბოშვილმა