ავტორი:

"ექსტრემისტები გეგმავენ დიდ შეკრებებზე თავდასხმას" - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტებზე აფრთხილებენ: რა შეიძლება მოხდეს მომდევნო 48 საათში?

"ექსტრემისტები გეგმავენ  დიდ შეკრებებზე თავდასხმას" - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტებზე აფრთხილებენ: რა შეიძლება მოხდეს მომდევნო 48 საათში?

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.

  • “საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს მსგავსად, გაფრთხილების ტექსტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. უწყებაც ურჩევს ბრიტანელებს, მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.

”სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.

  • აღსანიშნავია, რომ საკუთარ მოქალაქეებს გერმანიის საგარეო უწყებამაც მოუწოდა თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, თუმცა მათ მიზეზად შესაძლო ტერაქტები არ დაუსახელებიათ.

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს "კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო". ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის.

"ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.