ავტორი:

ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე საქართველოს "ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა ორი საათის წინ კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.

"ევროვიზია 2024“ შვედეთის ქალაქ მალმოში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ნუცა საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

ნუცა ბუზალაძე:

- ჩემთვის ყოველთვის მთავარია, საქმეში მაქსიმუმი ჩავდო... შემდეგ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ იმას, რომ სიმღერა ზოგ ადამიანს მოსწონს, ზოგს კი - არა. ჩემთვის მთავარია ჩემსავე წინა ნაშრომს ვაჯობო და დავინახო, რომ კიდევ უფრო გავიზარდე და უფრო მაგარი რაღაც გავაკეთე. ასეა "ევროვიზიის" სიმღერაც. ძალიან ველოდებოდი ხალხის რეაქციას და მიხარია, რომ დიდწილად მოეწონათ. პრემიერის დროს ყველა გაგიჟდა, ამბობდნენ, ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ გადაუღიათო და სიმღერაც ძალიან მოეწონათ, რითაც ბედნიერი ვარ.

https://youtu.be/blMwY8Jabyk?si=utyRntS7upb47xPV

რაც შეეხება სიმღერის შერჩევას, მთლიანად ჩართული ვიყავი. ყველა დეტალში ვმონაწილეობდი, ძალიან კარგი გუნდიც მყავდა, მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივი ნამუშევარი გამოვიდა ისეთი ხარისხისა და დონის, როგორც მე წარმომედგინა, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა.

- სიმღერისა და ტექსტის ავტორები არ არიან ქართველები...

- ძალიან ცნობილები არიან, კომპოზიტორი 15 წელია მუშაობს "ევროვიზიისთვის" და ბევრი ჰიტი აქვს დაწერილი კონკურისთვის, ასევე გოგონა, რომელიც ტექსტი დაწერა, მასთან ერთად ძალიან დიდხანს ვმუშაობდი იმ გზავნილზე, რაც მინდოდა გამეტანა საქართველოს სახელით.

- და ეს რა გზავნილია?

- ის, რომ სიყვარულით უნდა ჩავაქროთ ცეცხლი. მე ნეგატივსაც კი ყოველთვის სიყვარულით ვუპასუხებ. ეს არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ცეცხლში ნაგულისხმევია ნეგატივი, ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირს - უსიყვარულობა, ადამიანებს თუ ერთმანეთი ეყვარებათ, მაშინ ომიც აღარ იქნება. ამიტომ მინდა, რომ სიყვარული არსებობდეს მსოფლიოში და ერთმანეთს პატივის ვცემდეთ. სიყვარული უნდა გადავარჩინოთ, აი. ეს არის მთავარი გზავნილი.

- ნუცა, მახსოვს, რომ თქვენი ერთ-ერთი მუსიკალური ოცნება "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობა იყო...

- დიახ, ასე იყო. ოღონდ დიდი ხნის წინ, ალბათ სადღაც შვიდი წლისას ეს ძალიან მინდოდა. წელს რომ დამასახელა "პირველმა არხმა", ძალიან გამიხარდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი შემართებით შევუდექი საქმეს და იმედი მაქვს, ეს შრომა ყველას დაგვიფასდება.

- ნუცა, კონკურსზე თქვენს ჩაცმულობაზე ვინ იზრუნებს, იცით, რომ ძალიან კრიტიკულია ქართველი მაყურებელი.

- დიახ, ქართველი მაყურებელი კრიტიკულია, მაგრამ საიდუმლოა სცენაზე რა იქნება. კლიპი დღეს გამოვიდა და ყველამ ნახა და გვინდა, რომ პერფორმანსი, რომელსაც გავიტან მალმოში, ძალიან ბევრი სიურპრიზით იყოს სავსე.

  • შეგახსენებთ, საქართველო წელს "ევროვიზიის“კონკურსის მოსაგებად მეთექვსმეტედ იბრძოლებს. უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
  • წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იანვარში, პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.