ავტორი:

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, უკრაინელი მაღალჩინოსნის, დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას სთხოვს.

  • როგორც კობახიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება“ არ აპირებს არახამიასა და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.

"არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი აჩვენებს, რაც ძალიან დასანანია, სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არამხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით. ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა გადაწყვეტილებები.

ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როცა ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში. უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.

მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მოხდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება, როცა, პრაქტიკულად, გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. საბაბი იყო, თითქოს, მომაკვდავ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა. დღეს ეს საბაბი ღიმილის მომგვრელიც კი არაა. შეგახსენებთ განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით; შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეესატყვისება ისტორიულ -მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის, უკრაინასა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ- მეგობრული სულისკვეთებიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს პირიქით ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას, უკრაინელი მაღალჩინოსანი, დავით არახამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მართლა ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინას დაუბრუნოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.