ავტორი:

წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს

წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს

18 მარტიდან კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ ახალი გამოცემა „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი წიგნის შეძენა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„მხევლის წიგნი“ გამოვიდა ახალი სერიის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ და მაღაზიებში გამოჩენიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 10 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

საინტერესოა, რით არის მწერლის აღნიშნული რომანი გამორჩეული და რა გამოცდილება იყო მის თარგმანზე მუშაობა. ამის შესახებ დეტალურად მთარგმნელი ანი კოპალიანი საუბრობს:

საინტერესოა, რა გამოცდილება იყო თქვენთვის ეტვუდის „მხევლის წიგნის“ თარგმნა?

ჩემი გადმოსახედიდან, წიგნები ძალიან ჰგავს ადამიანებს, ხოლო წიგნები, რომლებსაც თარგმნი - ახლო ნაცნობებს; ისინი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მთარგმნელზე - კარგს ან ცუდს, სასიამოვნოს ან უსიამოვნოს. მთარგმნელისა და წიგნის ურთიერთობა სრულიად არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს იმავე წიგნს მკითხველი - ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც წიგნის თარგმნაში უზარმაზარი ძალისხმევა ჩამიდია, თითოეულ სიტყვაზე მიმუშავია, პროფესიულად გავუზრდივარ ამ პროცესს და დიდი სიამოვნებაც მიმიღია, მაგრამ საბოლოოდ ეს წიგნი მკითხველთა ვიწრო წრეს თუ წაუკითხავს. წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - ეს პირველად მე ნამდვილად არ მითქვამს (არც ის მახსოვს, ვინ თქვა), მაგრამ ხშირად ვიმეორებ. ,,მხევლის წიგნის” ბედად უჩვეულო პოპულარობა ხვდა - ამ მოვლენის მიმართ საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს, ერთი მხრივ, ცხადია, მიხარია, მეორე მხრივ კი მაცბუნებს.

მარგარეტ ეტვუდის ეს რომანი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან პირველად ვთარგმნიდი თანამედროვე ეპოქის, ჯერ კიდევ ცოცხალი მწერლის ნაწარმოებს და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას უფრო განსხვავებული აუდიტორია წაიკითხავდა - თანამედროვე მკითხველი, რომელსაც, ვთქვათ, ლექსიკონის მტვერგადაცლილი სიტყვები ანდა მაღალფარდოვანი ჩანართები გააღიზიანებდა. კარგია, რომ სწორი წინათგრძნობა აღმომაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სავარაუდო მკითხველის დიქტატს არ დავმორჩილებივარ, ვთარგმნიდი ისე, როგორც ჩემი პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე მივიჩნევდი, რომ უნდა მეთარგმნა, როგორც ინსტინქტი მკარნახობდა - ვფიქრობ, როგორც კი თარგმნა ჩემთვის ინსტინქტური საქმიანობა აღარ იქნება, მაშინვე დავკარგავ ინტერესს მის მიმართ.

მგონი, ამ პერიოდშივე ვისწავლე სათარგმნი მასალის შინაარსისგან დისტანცირება - სხვაგვარად ამ რომანის უმძიმესი პასაჟების თარგმნა შეუძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, მაშინ ჩემი ცხოვრების საკმაოდ დელიკატურ პერიოდს გავდიოდი. მახსოვს, მოვახერხე და ერთადერთხელ ვიტირე, იმ მონაკვეთის თარგმნისას, როდესაც აბაზანაში ჩაწოლილ მთავარ გმირს თავისი დაკარგული ქალიშვილი ელანდება.

რა სპეციფიკასთან არის ეს დაკავშირებული? რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით თარგმანზე?

მგონი, იოლად სათარგმნი წიგნი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ თუკი სადმე მაინც არის, ეს ,,მხევლის წიგნი” ნამდვილად არაა. მარგარეტ ეტვუდი არა მხოლოდ რომანების, არამედ არაერთი პოეტური კრებულის ავტორიცაა და მგონია, რომ ეს მის პროზაულ ნაწარმოებებსაც ძალიან ეტყობა - ზოგან პირდაპირ რიტმული პროზის ჩანართებიც კი გვხვდება, მაგალითად, მთავარი პერსონაჟის მიერ ,,მამაო ჩვენოს” მოდიფიცირებისას. პოეტური ქსოვილის თვალსაზრისით შეუდარებელია იმავე ავტორის სხვა რომანი ,,ბრმა მკვლელი”, რომელიც - მათ შორის, თამარ ჯაფარიძის არაჩვეულებრივი თარგმანის გამოც - ეტვუდის ჩემთვის უსაყვარლეს ნაწარმოებად რჩება.

თარგმანის სირთულის თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია, რომ ეტვუდი ამ რომანში უამრავ ოკაზიონალიზმს ქმნის, რომლებსაც, რასაკვირველია, ქართული შესატყვისების მისადაგება სჭირდება - ეს პროცესი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წლობით გაგრძელდებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, საგამომცემლო ბაზარი ასე არ მუშაობს. ,,მხევლის წიგნზე” ზუსტად იმდენ ხანს ვიმუშავე, რამდენი ხანიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ჩემი მაშინდელი გამომცემლისა და წიგნის რედაქტორის ენთუზიაზმი ძალიან გადამდებად და წამახალისებლად მოქმედებდა. ვიცოდი, რომ ჩემ მიერ გაგზავნილ ნაწყვეტს მოუთმენლად ელოდნენ, მაშინვე წაიკითხავდნენ და მოსაზრებებსაც გამომიგზავნიდნენ, ამიტომ თავს გუნდურ მოთამაშედ ვგრძნობდი და ეს ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევდა.

რა მნიშვნელობა აქვს მწერლის დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებას იმისათვის, რომ მკითხველამდე წიგნის მაქსიმალურად ავთენტური ვერსია მივიდეს? რამდენად არის ეს გამოწვევებთან დაკავშირებული?

მგონი, მხატვრული თარგმანი სხვა არც არაფერია - მწერლის ინდივიდუალური სტილის შენარჩუნება იმისთვის, რომ მკითხველთან მაქსიმალურად ავთენტური ვერსია მივიდეს, აზარტი, რომელიც ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესრულების მცდელობას მოსდევს და ის კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების შეგრძნება, რაც შედეგის მიღებისას ეუფლება ადამიანს. აბსოლუტურად ვეთანხმები ცნობილ თარგმანმცოდნესა და მთარგმნელს ლანა კასტელანოს, რომელმაც თქვა, რომ მთარგმნელი 30 წლამდე სრულიად უმწიფარია, ხოლო მისი ნამდვილი პროფესიული პიკი 50 წლის შემდეგ დგება. მთარგმნელობა დიდწილად არის გამოცდილების, შრომის უწყვეტი ციკლისა და ძალისხმევის ნაყოფი. ახალგაზრდა მთარგმნელი შეიძლება იყოს უნიჭიერესი, იმედისმომცემი, ჰქონდეს ქარიზმით სავსე ტექსტის შექმნის უნარი (რაც, როგორც წესი დიდად არ უკავშირდება მის პიროვნულ ქარიზმას), მაგრამ ის ძალიან იშვიათად თუ იქნება ნამდვილი მთარგმნელი - საკუთარი შემოქმედებითი მუხტის ჩახშობისა და უკანა პლანზე დაყენების მცოდნე, კირკიტა და ყოველ წვრილმანზე პასუხისმგებელი. ნებისყოფა, დისციპლინა და მიზანდასახულობა ის სამი თვისებაა, რომელიც მთარგმნელს ისე უვითარდება, როგორც მოცეკვავეს - პლასტიკა ანდა კუნთები. კარიერის დასაწყისში ლიტერატურის მთარგმნელი მსახიობს ჰგავს, მერე კი ბერს, ასკეტს ემსგავსება, საინტერესო კია ეს გზა არტისტობიდან ასკეტობამდე.

დაბოლოს, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი, როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს? არის თუ არა ეტვუდი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი?

ეტვუდი მაღალი დონის კომერციული მწერალია - ძალიან განათლებული და მგრძნობიარე. მწერალი, რომელიც მკითხველს აიძულებს იგრძნოს და ამასთანავე დიდი ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს. ის ნამდვილი მსოფლიო მოქალაქეა, აი, ისეთი, ვისაც შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში აედევნოთ და იმედს არ გაგიცრუებთ, ყოველთვის საღ მოქალაქეობრივ პოზიციას გამოავლენს და შიგადაშიგ თავისი გამომცხვარი ნამცხვრების ფოტოებსაც გაგიზიარებთ. სწორედ ამ თანამედროვეობამ განაპირობა იმ ტელესერიალის პოპულარულობა, რომლის მიხედვითაც ,,მხევლის წიგნი” გადაიღეს - როდესაც თანამედროვეობისათვის ზედგამოჭრილი ნარატივი თანამედროვეობისთვის ზედგამოჭრილი ფორმატით - ტელესერიალით - გაიცნო საზოგადოებამ, წარმატებამაც არ დააყოვნა. ვერ გავბედავ ვიწინასწარმეტყველო, რომ მარგარეტ ეტვუდი, როგორც მწერალი, საუკუნეებს შემორჩება და მის წიგნს ისე გაშიფრავენ ასწლეულების შემდეგ, როგორც მისი პერსონაჟი მხევლის აუდიოჩანაწერებს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვეობის გამოწვევებს ის ზედმიწევნით პასუხობს, რაშიც მკითხველს ,,მხევლის წიგნის” გაგრძელება ,,აღთქმებიც” დაარწმუნებს.

R