ავტორი:

"მთელს სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს" - როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მთელს სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს" - როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვაზისუბანში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის საოპერაციო ბლოკშია. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის "ემერჯენსის" ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა განუცხადა.

როგორც ექიმი განმარტავს, ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს. ის ვარაუდობს, რომ დაზიანებები ცივი იარაღითაა მიყენებული.

"პაციენტთან გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, ქალა-სარქვლის, ნეკნების, მხრის მოტეხილობა, ასევე, მაჯისა და მტევნის მრავლობითი ჭრილობები და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა აქვს. პაციენტის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში სტაბილური იყო, ამ დილით მუცლის ღრუს ექოსკოპია გაუკეთდა, სადაც მცირე ოდენობით გამონაჟონი იქნა ნანახი, ამჟამად პაციენტი საოპერაციო ბლოკშია აყვანილი.

დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ბევრი სისხლმდენი ჭრილობა აქვს მთელ სხეულზე - ზედა და ქვედა კიდურებზე. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა დალაქიშვილმა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი გუშინ, 24 მარტს დაჭრეს.