საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
გუშინ, ნაკრების არცერთ ფეხბურთელს, შეიძლება ითქვას, თავი არ დაუზოგავს, თუმცა მთავარი გმირი მაინც გამოიკვეთა და ის ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.
"ეროვნული გმირს" და "გამარჯვების მთავარ არქიტექტორს" - უწოდებს მამარდაშვილს ვალენსიური სპორტული გაზეთი "სუპერდეპორტე", რომელიც დღეს გარეკანზე ქართველი გოლკიპერის ფოტოთი გამოვიდა.
"პენალტების სერიაში გიორგის ფიგურა გამოიკვეთა. 23 წლის მეკარემ ბერძნების მიერ შესრულებული პირველი პენალტი მარცხენა ხელით, კატისებური რეაქციის წყალობით მოიგერია. ბაკასეტას გაგზავნილი დაბალი ბურთი ქართველმა მეკარემ აიღო... შეიძლება ითქვას, რომ ეს იქცა საკვანძო მომენტად, რამაც ქართველებს გამარჯვება მოუტანა", - წერს გამოცემა
გიორგის თამაში გუშინდელ მატჩში მართლაც შთამბეჭდავი და გადამწყვეტი იყო. მან ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია და მატჩის ბოლოს აღნიშნა, რომ იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.
"ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა. ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ", - თქვა მამარდაშვილმა.
გიორგი წარმოშობით ქალაქ ხონიდან არის, თუმცა ბავშვობა თბილისში, გლდანში გაატარა. სწავლობდა 115-ე სკოლაში და პატარაობიდანვე სპორტით იყო გატაცებული. როგორც ამბობს, მის კარიერულ წინსვლაში ლომის წვლილი მამას მიუძღვის, რომელიც ასევე მეკარე იყო.
"გლდანში გავიზარდე. ბავშვობაში ხერხემლის პრობლემა მქონდა და არავინ ფიქრობდა, რომ ფეხბურთს ვითამაშებდი. როცა ფეხბურთზე შევედი, თავიდანვე კარში ვიდექი. მამაჩემი იყო "გაგრის" მეკარეების მწვრთნელი და მეც "გაგრაში" დავიწყე თავიდან. სხვა პოზიციაზე თამაში არც მიფიქრია. 12 წლის ასაკიდან "დინამო აკადემიაში" წავედი და იქიდან დავიწყე გაზრდა და მოვედი აქამდე. სკოლა დავამთავრე და აღარ ჩამიბარებია, გავყევი ფეხბურთს. მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა, რომ მე აქ ვარ და ასეთ დონეზე ვარ", - ამბობდა დაახლოებით ერთი წლის წინ მამარდაშვილი გადაცემაში "ნოესთან".
გიორგი ამბობს, რომ მისი ოჯახი ყოველთვის ესწრება მის მნიშვნელოვან მატჩებს. მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა გიორგისა და დედის ემოციური შეხვედრა გუშინდელი მატჩის შემდეგ.
გიორგიმ მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი გასულ წელს გააკეთა და საყვარელ გოგონას, მოდელ ელენე ეპიტაშვილს ხელი სთხოვა.
"ელენე არის ჩემი აღმოჩენა. სულ გვერდში მიდგას, სულ მამხნევებს. ძალიან მაგარი გოგოა. ხან ის ჩამოდის, ხან მე ჩამოვდივარ, რთულია ეს სიშორე. " - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი.
გიორგი მამარდაშვილმა 23 წლის ასაკში კარიერაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია და მეკარეების მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციებზე ხშირად ხვდება.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის "ვალენსიის“ მეკარის საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი "ვალენსიის“ მოთამაშეებს შორის, საბაზრო ღირებულების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს, ლა ლიგაში 27-ე პოზიციაზეა, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.
"ლოკომოტივიდან ვალენსიაში რომ უნდა გადავსულიყავი, ეს ერთგვარი რისკი იყო. ჯერ უნდა წახვიდე საშუალო გუნდში და შემდეგ დიდში. ოჯახმა რომ დავიწყეთ მსჯელობა, მამაჩემმა მითხრა, მოდი, გავრისკოთო. ცოტა გამიმართლა, იქ მეკარეების ტრავმები ჰქონდათ, მეც კარგ ფორმაში ვიყავი და მოვედი აქამდე.
ძალიან რთული იყო ჩემთვის, ესპანური არ ვიცოდი, ინგლისურიც ცოტა ვიცოდი. სილესენი დამეხმარა ძალიან, ინგლისური იცოდა და როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიდგა და ადაპტაცია გავიარე მარტივად. შემდეგ მასწავლებელი ავიყვანე და ესპანური ვისწავლე", - ამბობდა მამარდაშვილი "ნოესთან".
"როგორც ფეხბურთელი, ყველაზე მისაბაძი რონალდოა, ალბათ, თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით. მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, მაინც მესია. რაც შეეხება, მისაბაძ მეკარეს, ჩემთვის ნოიერი ნომერ პირველია. მეც და მამაჩემსაც ყოველთვის ძალიან მოგვწონდა ნოიერის თამაში. ასევე მომწონდა კასილასი და ბუფონი. ბავშვობის პერიოდში ყველაზე მეტად ბუფონი მომწონდა.
"გიორგი არის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც უყვარდა და უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. ზოგჯერ კი მიფიქრია, რომ შეიძლება არ გამომივიდეს - მეთქი... თუმცა ხასიათი მაქვს ისეთი, გამოწვევები მიყვარს და დარწმუნებული ვიყავი, გამოვიდოდა.
რთული ხასიათიც მაქვს... არ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი. მარტივად ვერ შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. ვარ შრომისმოყვარე, მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა და წარუმატებლობას არ ვეგუები..."
იხილეთ ასევე: