ავტორი:

რუსეთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს - დანაშაულს წყვილის შვილები შეესწრნენ, მათი ვერსიით, კაცმა ქალი სასიკვდილოდ ტაფით სცემა

რუსეთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული  გაამართლეს - დანაშაულს წყვილის შვილები შეესწრნენ, მათი ვერსიით, კაცმა ქალი სასიკვდილოდ ტაფით სცემა

სანქტ-პეტერბურგელი კაცი, რომელმაც პარტნიორი ქალი ტაფით სცემა, გაამართლეს. ნეველის რაიონულმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: კაცი, რომელსაც ბრალად მეუღლის ცემა და მკვლელობა ედებოდა, გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი შვილის დედის გარდაცვალება, გამომძიებლების მტკიცებით, ტაფის დარტყმამ გამოიწვია, სასამართლომ კაცის ქმედებებში დანაშაულის კვალი ვერ აღმოაჩინა.

შემთხვევა 2020 წლის გაზაფხულზე მოხდა, რის შემდეგაც პაველ ისკანდეროვი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალად წარედგინა ცოლის, ლიდიას სასიკვდილო ცემა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ცოლს ტაფა რამდენიმეჯერ დაარტყა. ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავების შემდეგ მოძალადემ არ აღიარა ბრალდება, მისი მტკიცებით, ლიდია კორონავირუსით იყო ავად და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი. ქალის ხუთი შვილი ახლობლებმა თავისთან წაიყვანეს, ბავშვებმა მამასთან ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტეს. თუმცა, 2022 წლის შემოდგომაზე კაცი გაათავისუფლეს დანაშაულის არარსებობის გამო და ცოტა ხნის წინ კი, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და რეაბილიტაციის უფლება მისცა.

  • რაც მოხდა საბედისწერო საღამოს

სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმ საბედისწერო საღამოს, როდესაც ტრაგედია მოხდა, ლიდია კარტოფილს წვავდა. ბავშვების თქმით, მშობლებმა ჩხუბი დაიწყეს, შემდეგ კი გაბრაზებულმა კაცმა ტაფა აიღო და ქალს რამდენჯერმე დაარტყა. ახლობლები თვლიან, რომ კაცი ნარკოტიკს მოიხმარდა, რაც წყვილს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა.

ყვირილზე სახლში მეზობლები შევიდნენ. მათი თქმით, ნაცემი ლიდია იატაკზე იწვა და ადგომა არ შეეძლო. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ის მეორე დღეს გარდაიცვალა.

სასამართლომ ისკანდეროვს ბრალდება წარუდგინა გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რადგან პირველმა ექსპერტიზამ დაადასტურა ბავშვების ვერსია, რომ მამაკაცმა მართლაც სცემა ქალი.

  • რა აჩვენა ექსპერტიზამ?

განმეორებით სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ლიდია ცემისგან არ გარდაცვლილა და სიკვდილი კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიის გამო დადგა. გამოძიება 2,5 წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც დაკავებული გაათავისუფლეს.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც გარდაცვლილის დამ აღნიშნა, 4 წლის წინ, როცა ტრაგედია დატრიალდა, მეზობლებმა დამნაშავის შიშით უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე.

უფროსმა ვაჟმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ მამამ დედას ტაფა თავის არეში დაარტყა. პირველმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი მიზეზი მიყენებული ტრავმა გახდა, მაგრამ განმეორებითმა ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად პნევმონია მიიჩნია.