ავტორი:

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - რას წერს სომხური მედია

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - რას წერს სომხური მედია

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. სომხური პრესა წერს, რომ სომხეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიის დათმობა. კერძოდ, საუბარია სოფელ ჯილიზაზე, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის მიდამოებში მდებარეობს.

  • სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცემა Yerkir.am-თან საუბრისას არ უარყვეს ეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ პროცესის შესახებ დამატებით დეტალებს საზოგადოება "თავის დროზე გაიგებს".

ABC მედიასთან საუბარში სოფელ ჯილიზას გამგებელმა მჰერ ვარდანიანმა განაცხადა, რომ მისი სოფლის საქართველოში გადმოცემის შესახებ ინფორმაცია მანაც ახლახან შეიტყო.

"ასეთი საუბრები აქამდე არ ყოფილა, გარკვევით ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა ვარდანიანმა.

სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში იმყოფებოდა და ამ შეხვედრაზეც საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხი იქნა განხილული.

"დღეს ჩემს კოლეგასთან მქონდა საშუალება განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობა." – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.