ავტორი:

"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები

"ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ" - დააკავეს სასწრაფო დახმარებისა და "ვიანის" ყოფილი თანამშრომლები

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ქრთამის სანაცვლოდ პაციენტები არა უახლოეს დაწესებულებაში, არამედ კონკრეტულ კლინიკაში გადაჰყავდათ. დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

  • ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

"სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში

  • .აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ“, მესამე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

  • განახლება: 19:26

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სააქციო საზოგადოება "ვიანმა“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სააქციო საზოგადოება "ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ვიანის თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც "ვიანს" მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

"ვიანი" განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება".