ავტორი:

"ბიბლუსის" საჩუქარი ემიგრანტებს: ქართული ბიბლიოთეკა იტალიის ქალაქ ემპოლიში - "ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა, დარბაზი გადავსებული იყო" (ფოტო, ვიდეო)

"ბიბლუსის" საჩუქარი ემიგრანტებს: ქართული ბიბლიოთეკა იტალიის ქალაქ ემპოლიში - "ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა, დარბაზი გადავსებული იყო" (ფოტო, ვიდეო)

28 მარტს იტალიაში, ქალაქ ემპოლიში ქართული ბიბლიოთეკა, ქართული კუთხე გაიხსნა. ფაქტს გიორგი კეკელიძე თავის პოსტში ასე გამოეხმაურა: "გუშინ ემპოლელ ემიგრანტებს ვუთხარი: "როდესაც თქვენ ლაპარაკობთ ქართულად, თქვენ ხართ საქართველოში. როდესაც თქვენ კითხულობთ ქართულად, თქვენ საქართველოში ხართ. სწორედ ამ განცდის საყრდენად ჩამოგიტანეთ ეს წიგნები“. ენა მართლა ამ ძალის მგონია. ამ ძალის მგონია წიგნიც. წინ დიდი და მნიშვნელოვანი გზებია". ამ სასარგებლო, საინტერესო და ამაღელვებელ ღონისძიებას არაერთი ადამიანი დაესწრო.

AMBEBI.GE-მ რამდენიმე მათგანთან ინტერვიუები ჩაწერა.

ირაკლი გაგნიძე, "ბიბლუსის" დირექტორი:

- როგორც იცით, "ბიბლუსი" საქართველოს მასშტაბით დიდი ხანია, წიგნიერების გავრცელებას და წიგნის პოპულარიზაციას ეწევა. თავის მხრივ გიორგი კეკელიძე საკმაოდ აქტიური იყო ჩართული ამ საქმეში იმ პოზიციიდან, რა პოზიციაშიც უწევდა წლების განმავლობაში მუშაობა. როდესაც დატოვა ის სამსახური, შევიკრიბეთ, ბევრი წლის თანამშრომლობა ისედაც გვაკავშირებდა და გადავწყვიტეთ, ერთობლივი ძალებით, უფრო ფართო მასშტაბები მიგვეცა ამ ღონისძიებისთვის. შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც გიორგია.

ის ამავე დროს "ბიბლუსის" კრეატიული დირექტორიც არის და საქართველოს მასშტაბით ფართოდ დავიწყეთ მუშაობა. ამასობაში გიორგისაც შემოეხმიანნენ უცხოეთიდან, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებასაც და გვთხოვეს, მხარდაჭერა გამოგვეხატა, მათთანაც მიგვეტანა წიგნები. წიგნიერებისა და წიგნის პოპულარიზაციის, ქართული დამწერლობის პოპულარიზაციის ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად დავამუშავეთ, შემოთავაზებები განვიხილეთ. ბევრი ქვეყნის ქართულ სათვისტომოს საკმაოდ ორგანიზებული ხედვა ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა. რამდენიმე მეგობარიც მხარში დაგვიდგა და შესაბამისად პირველი ლოკაციად ფლორენციის რეგიონში, ემპოლი გადაწყდა. ის საკმაოდ დატვირთულია ქართველი ემიგრანტებით. გუშინ სწორედ მათ შევხდით და ქართული ბიბლიოთეკა, ქართული კუთხე გავხსენით.

იმის მიუხედავად, მქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრა საკმაოდ ემოციური იქნებოდა, ამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა - იყო ემოციური, აქტიური და ძალიან საინტერესო შეხვედრა. დარბაზი გადავსებული იყო, უამრავი ადამიანი მოვიდა. ვნახე ქართველები, რომლებიც ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დაკარგონ ხაზები საქართველოსთან და მაქსიმალურად შეინარჩუნონ ქართული ფესვები როგორც თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის და მომავლისთვის. რაც ერთი ორად ამაღელვებელი იყო. ვნახე ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად მოხალისეებად მუშაობენ როგორც მასწავლებლები.

არიან ქართული ფესვების გამღვივებლები. ეს ყველაფერი ძალიან კარგი სანახავია. პატარა სუფრაც გაგვიშალეს, იყო ბევრი ემოცია, ბევრი მოფერება, ჩახუტება და აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დაგვხვდა. ერთი-ორი სიტყვით შევაფასეთ ჩვენი საზოგადოების საქმიანობა. შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა იმისთვის, თუ რა დონეზეა მნიშვნელოვანი ქართული წიგნიერება. ამის ყველასთან მიტანას, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ვაპირებთ. სამომავლოდ ვფიქრობთ, ეს პროცესი გავაგრძელოთ. პირველ ეტაპზე დაგეგმილია არაერთი ევროპული ქვეყანა, ასევე სხვა კონტინენტებიც, რადგან საინტერესო შემოთავაზებები გვაქვს. არ გავჩერდებით ამ ნაწილში და მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ყველა ქართველ სათვისტომოს, სადაც არის იმის საშუალება, რომ ორგანიზებული იყოს ქართული ბიბლიოთეკა, ჩავიდეთ, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმაში, რომ ქართული დამწერლობა, ქართული მწერლობა, ქართული წიგნიერება არ დაიკარგოს.

გიორგი კეკელიძე, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, "ბიბლუსის" კრეატიული დირექტორი:

- ამ მიმართულებით ეროვნული ბიბლიოთეკიდან დიდი სამუშაო გავწიეთ და მსოფლიოს ათობით ქალაქში მოვაწყვეთ ქართული ბიბლიოთეკა. თუმცა ახლა წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან და "ბიბლუსთან" ერთად, ეს ყველაფერი უფრო ფართო და სისტემურ ხასიათს შეიძენს. უკვე გვაქვს კონტაქტი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის დიასპორასთან, საკვირაო სკოლებთან, სამრევლოებთან, ადგილობრივ ბიბლიოთეკებთან და მალე ეს პროცესი დიდი ძალით გაიშლება.

31 მარტს ფლორენციაში შევხვდები ქართველებს, წიგნიერების მნიშვნელობაზე ლექციას გავმართავ და სწორედ იქ ვგეგმავთ დიდი სამკითხველოს მოწყობაზე საუბარს. პირველი სივრცე კი ახალი მოძრაობის მიმართულებით ემპოლიში ისტორიული ბიბლიოთეკა აღმოჩნდა. უამრავი ქართველი მოვიდა და ძალიან ემოციური წუთები იყო. ზოგადად ამგვარ ბიბლიოთეკებს ორი ფუნქცია აქვს - ერთი, ქართველებს, განსაკუთრებით ახალ თაობას დაეხმაროს იდენტობის შენარჩუნებაში და მეორე: უცხოელებს გააცნოს ქართული ლიტერატურა (აქ არის წიგნები საერთაშორისო ენაზე საქართველოს შესახებ, თარგმნილი ავტორები და ასე შემდეგ).

ნიაკო ჭიჭინაძე, ემპოლის ქართული ასოციაცია "ლილეს" პრეზიდენტი:

- შარშან 7-მა ადამიანმა ჩვენი ასოციაცია დავაფუძნეთ. ვიცე პრეზიდენტია ია აგურაშვილი, დამფუძნებლები არიან - ლელა სვანიძე, ნათია წილოსანი, მარი აფციაური, ინგა ცერცვაძე, ია ბექაური. ასოციაცია ქართული კულტურის პროპაგანდისთვის, ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის ხელშეწყობისთვის ჩამოვაყალიბეთ. მისი მიზანია კულტურული დიალოგის ფარგლებში იტალიის ქართული ემიგრაციის საზოგადოების განვითარების გაძლიერება და მათი იტალიურ საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა. ამისთვის გვქონდა პრეზენტაციაც და ქართული კულტურის დღეც ჩავატარეთ, სადაც მოწვეული გვყავდა იტალიური კულტურული საზოგადოების წარმომადგენლები, ქალაქის კომუნა. შემდეგ გავხსენით ქართული საკვირაო სკოლა, რადგან ძალიან დიდი დიასპორაა. 50 ბავშვია და ჯერჯერობით 30 სწავლობს. სკოლაში გვყავს შესანიშნავი პედაგოგი ლელა სვანიძე, ვინც ბავშვებს ქართულ ენას, წერა-კითხვას ასწავლის.

შემდეგ ზაფხულში გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდით და მასთან თანამშრომლობა დავიწყეთ, რათა ემპოლიში ქართული ბიბლიოთეკა გაგვეხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში არის რენატო პუჩინის საუკეთესო მუნიციპალური ბიბლიოთეკა. ბატონმა გიორგიმაც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ძვირფასი და კარგად მოწესრიგებული ფონდი აქვს. ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ აქ გახსნილიყო კულტურის ცენტრი. გვინდოდა, ქართველები იმ ყოველდღიური რუტინიდან, ემიგრაციული იზოლაციიდან გამოგვეყვანა და დაგვეკავშირებინა იტალიურ საზოგადოებას. სწორედ აქ, ამ კედლებში გვინდოდა ეს ბიბლიოთეკა ყოფილიყო, სადაც იტალიის კულტურული საზოგადოება თავს იყრის. თავად ემპოლის პროგრესული და ჰუმანური მმართველი გუნდი ჰყავს, როდესაც თხოვნით მივმართავთ, თუნდაც სკოლის ადგილის გამოყოფისთვის, უფასოდ გამოგვიყვეს. კარლო გილი ემპოლის მუნიციპალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია, უაღრესად განათლებული და ინტელექტუალური ადამიანი. ქალაქში ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს.

როცა ჩვენი პროექტი წარვუდგინეთ, ვთხოვეთ ბიბლიოთეკისთვის ადგილის გამოყოფა, დაგვთანხმდა, უბრალოდ, რემონტი მიმდინარეობდა და დროში ამიტომ გაიწელა. მიხარია, რომ ასე ერთობლივად გავხსენით ეს ბიბლიოთეკა და წარმატებით დავასრულეთ ეს პროექტი. საოცარი დღე იყო. კომუნიდან საჩუქრებიც მიიღეს ჩამოსულმა სტუმრებმა. ყველაზე ძალიან რაც მიხარია, ის არის, რომ აქაურმა საზოგადოებამ ქართული წიგნის წაკითხვის საშუალება მიიღო. ეს ბევრ რამეში დაეხმარებათ ქართველებს. ემპოლის კულტურულმა ცხოვრებამ ახალი კულტურის ცენტრი შეიძინა, ახალი გზა და სარკმელი გაიხსნა. მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება მიჰყავდა იტალიელ ფრანჩესკო ტრეჩის, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და საქართველოს ისტორიაზე გამოცემული სამი წიგნის ავტორი, ხოლო ივენთი გახსნა ქართველმა ჟურნალისტმა, ნინა მამუკაძემ.