ავტორი:

დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა ADHD სინდრომი - ფსიქოლოგის რჩევები: ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

დღესდღეობით ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობა - ADHD სინდრომი მიიჩნევა.

  • რა არის ADHD?

ბავშვთა ასაკის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მსოფლიოში მისი გავრცელებული სახელწოდებაა ინგლისური აბრევიატურა ADHD (Attention Deficit Hyperactivity Disorder). ADHD ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც პრობლემას უქმნის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორც თავის მოვლის, ასევე სოციალურ-ემოციურ და აკადემიურ სფეროებში. მისი გავრცელება საშუალოდ 5 %-ს შეადგენს. აშშ-ში კი მისი გავრცელება 9%-ია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიმართვიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

რა იწვევს მას, როგორ ვლინდება და როგორ დაიძლევა ის, ამ საკითხზე ambebi.ge-ს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ-საკონსულტაციო ცენტრ "საფეხურის“ ფსიქოკონსულტანტი ნინო მაზიაშვილი ესაუბრა.

- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა მართლაც გავრცელებული პრობლემაა. სკოლაში მუშაობის 6 წლის გამოცდილება მაქვს და თითქმის ყოველწლიურად, თითოეულ კლასში, მინიმუმ 4 მოსწავლეს მაინც ვხვდებოდი მსგავსი სირთულეებით. გამოიხატება იმაში, რომ ეს ბავშვები არიან იმპულსურები, ცქმუტავენ, წყნარად ჯდომა უჭირთ, ბევრს მოძრაობენ, ხანდახან გაუჩერებლად ლაპარაკობენ, ზოგჯერ შემაწუხებელი მანერები აქვთ. არის, რომ სხვა ბავშვებს ურტყამენ, კონფლიქტურ ურთიერთობებს, დავას იწვევენ. ძალიან უჭირთ საკუთარი იმპულსების და სურვილების გაკონტროლება. ხშირად ცუდი კოორდინაციაც აქვთ, კუნთებს ვერ აკონტროლებენ, მოუხერხებლები არიან, ბევრი შეკითხვა შეიძლება დასვან და პასუხის გაცემა არ დაგაცადონ. ხელიდან რაღაცები უცვივათ და მუდმივად რაღაცას კარგავენ, ძალიან უჭირთ ყურადღების მოკრება.

მსგავსი რამ 5 წლამდე ასაკში თითქმის ყველა პატარაშია და ნორმად მივიჩნევთ, რადგან პატარები არიან. როდესაც ბავშვი უკვე სკოლის გარემოში შედის, არის რაღაც წესები და ჩარჩოები, რომელშიც უნდა ჩაჯდეს და ეს სირთულეები ამ ჩარჩოებში ვლინდება. ასეთ დროს შეიძლება ზუსტადაც საქმე გვქონდეს ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტივობასთან.

- რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

- მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ გამომწვევ მიზეზებს, ზუსტი პასუხი არ გვაქვს, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ADHD შესაძლოა იყოს დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორთან როგორიცაა - რთული ორსულობა, ორსულობისას მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი, თავის ტვინის დაზიანება, გარემოს მავნე ზემოქმედება (ტყვიის შემცველობა), ნაადრევი მშობიარობა, ან შესაძლოა, რომელიმე მშობლიდან იყოს გენეტიკურად გადასული. რაც ნიშნავს იმას, რომ დედას ან მამასაც ჰქონდა მსგავსი სირთულეები... ეკრანთან გადაჭარბებულმა დრომ შეიძლება გამოიწვიოს ADHD-ის მსგავსი სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად არ იწვევს ADHD-ს. მას ასევე შეუძლია გააუარესოს სიმპტომები.

- როგორი უნდა იყოს ასეთ დროს მშობლის და მასწავლებლის პოზიცია?

- ამ სირთულეებს ეს ადამიანები ამჩნევენ. ამიტომ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან, მათ უნდა შექმნან შესაბამისი გარემო და უზრუნველყონ ამ ბავშვების სწორად ადაპტაცია. ის ჩამონათვალი სირთულეები, რაც ვახსენეთ, მინიმუმ 2 გარემოში უნდა ვლინდებოდეს - სკოლასა და სახლში. თუ მხოლოდ ერთში ვლინდება, ეს შეიძლება სრულიად სხვა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

- სკოლაში ამ პრობლემას მასწავლებელი და ფსიქოლოგი თუ ამჩნევს, როგორ იქცევა?

- შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია მშობელთან გასაუბრება და მშობლის მიმღებლობა. სამწუხაროდ, ამის მიღება მშობლებს ხშირად უჭირთ. არ გთანხმდებიან იმაზე, რომ ნეიროფსიქოლოგიური შეფასება ჩატარდეს, რათა ესა თუ ის სირთულე გამოირიცხოს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას დიდი სიფრთხილით ვაწვდი, ეს მშობლებისთვის უმეტესად შემაშინებელია. ეს კი შემდგომ ბავშვის სწორად ადაპტაციისთვის ხელისშემშლელია.

ისინი ცდილობენ გამართლება მოუძებნონ ბავშვის ქცევას და რაღაც მიზეზებს ასახელებენ. დიდი დრო სჭირდებათ, რომ ინფორმაცია, რასაც ვაწვდი, გადახარშონ, გადააფასონ და გააკეთონ ნეიროფსიქოლოგიური შეფასება.

- ძირითადად რისი ეშინიათ?

- პირველ რიგში ბავშვის მომავლის. შემდეგ კი უკვე სტიგმასთანაც მივდივართ - სხვები რას იფიქრებენ, როცა გაიგებენ, რომ ჩემს შვილს ეს პრობლემა აქვს. ყოფილა შემთხვევა, ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებაზე ბავშვი წაუყვანიათ და სკოლაში დასკვნა არ მოუტანიათ. არადა, ბავშვს შეიძლება ნეიროგანვითარების ნებისმიერი სირთულე ჰქონდეს, მაგალითად, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა. ამის დამალვისას ყველაზე მეტად ბავშვი ზარალდება.

არადა, ამ დროს მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მშობელი უნდა გაერთიანდნენ. ბავშვის ძლიერი თუ სუსტი მხარეები განსაზღვრონ, შესაბამისად, გარემო ისე უნდა მოეწყოს, რომ სკოლაში ყოფნა, სწავლა, ბავშვებთან ურთიერთობა გაუმარტივდეს. მისი მაქსიმალურად მხარდამჭერები უნდა ვიყოთ. მარტივად უნდა შეძლოს სწავლა და რაღაცების დამახსოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სირთულეები აქვთ, ბავშვები ამას განზრახ არ აკეთებენ. ამ გარემოში რაღაც უჭირთ, რაღაცებს ისე ვერ აკეთებენ, როგორც სხვა ბავშვები. ამავე დროს მასწავლებლებისგან და მშობლებისგან ბევრ შენიშვნას იღებენ. მათ ხშირად აწებებენ ასეთ იარლიყებს - ზარმაცი, ცელქი, უმაქნისი, არაფერი გამოსდის. არადა, ამ დროს ბავშვები ამას თვითონაც განიცდიან... ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მშობლები, მასწავლებლები სიღრმისეულად გაეცნონ ამ ნეიროგანვითარების სირთულეს. ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის ესა თუ ის ქცევა არ არის განზრახ გაკეთებული, ეს მათდაუნებურად ხდება.

ვისაც ბავშვობაში ეს სირთულე ჰქონდა და ვერ მოხერხდა მათი დიაგნოსტირება, ფაქტობრივად, მთელი მათი ცხოვრების გამოცდილება უკავშირდება იმედგაცრუებას, დაბალ თვითშეფასებას, სირცხვილის განცდას, დამცირებას. ეს შემდგომ მათ ზრდასრულ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას და შეიძლება თინეიჯერობის შემდგომ ამას სხვა მენტალური სირთულეები დაერთოს.

- რას გულისხმობთ?

- ვლინდება დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ. როდესაც არ ხდება ამ პრობლემის სწორად შეფასება, მომავალში ასევე უჩნდებათ კრიმინალური ქცევები, შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა მავნე ნივთიერების მიმართ მიდრეკილება, დამოკიდებულებაც...

- როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა?

- როდესაც მშობელი ამ პრობლემას ამჩნევს, პირველ რიგში, ნეიროფსიქოლოგიური შეფასება უნდა გაკეთდეს. შეფასებაში იწერება, რა საჭიროებები აქვს ბავშვს, მაგალითად, ნეიროფსიქოლოგთან, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, თუ საჭიროებს სპეცმასწავლებელს, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ასისტენტს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ამ სინდრომის შესახებ ყველაფერს გაეცნოს და შვილს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ეს ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ამ სინდრომის შემთხვევაში... მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ტელეფონთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან გატარებული დროის ხანგრძლივობა.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვის ძლიერი მხარეები აღმოვაჩინოთ და დავეხმაროთ ამ უნარების მეტად განვითარებაში, ამასთანავე, დღის გეგმის განვითარებაში. ვინაიდან აღნიშნული სინდრომის დროს ორგანიზებულობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ამიტომ მშობლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უნდა დავუგეგმოთ დღე... მთავარია, რომ მშობელი იყოს მომთმენი, ემპათიური და რაც შეიძლება მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთოს ბავშვმა. რასაც ვეტყვით, უნდა დაველოდოთ, რომ ბოლომდე მიიყვანოს. ეტაპობრივად უნდა დავუყოთ ყოველი მოქმედება. დავუყოთ საზღვრები, რომ იცოდეს, რომელი ქცევაა მისაღები. თუკი ამა თუ იმ სასურველ ქცევას განახორციელებს, უნდა შევაქოთ. შექების დროს უნდა ვიყოთ მკაფიო, რის გამო ვაქებთ. მაგალითად, ყოჩაღ, ჭურჭელი რომ კარგად გარეცხე...

დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა შევეცადოთ, სახლში შედარებით მშვიდი გარემო შევუქმნათ, რომ მარტივად შეძლონ დაძინება. დაძინებამდე, მინიმუმ ერთი საათით ადრე, არანაირ ეკრანთან არ უნდა ჰქონდეთ კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კონტაქტი მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, რომ მეტი ვიცოდეთ მისი ყოველდღიური სირთულეების შესახებ.

- შეიძლება გვქონდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც მსგავსი სიმპტომები გვხვდება, მაგრამ ეს სულაც არ იყო ნეიროგანვითარების სირთულეები?

- შეიძლება და ბავშვებს ამ პერიოდში გაცილებით მტკივნეული გამოცდილებებიც აქვთ. მტკივნეული ემოციები აქვთ, რომელთა შესახებაც საუბარი არ სურთ, ან ვერ ახერხებენ ამის გამოხატვას. ასეთ დროს და იმ სინდრომის დროსაც, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ საკუთარი თავი კარგად შეიცნონ, განცდების, ქცევების თვითკონტროლი მეტად შეძლონ. ამ სინდრომის დროს თვითკონტროლი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პრობლემაა ისეთ ბავშვებში, ვისაც ყურადღების კონცენტრირება უჭირს...

ბევრ ქვეყანაში, უცხოეთში ამ სინდრომის დროს მედიკამენტურ მკურნალობას ნიშნავენ. ეს ბავშვის ქცევებს მექანიკურად აჩერებს, მაგრამ მეტ შედეგებამდე ფსიქოთერაპიული მკურნალობის დროს გავდივართ.

- როგორია მოკლე რეკომენდაციები?

- უნდა ვეცადოთ, რომ ამ ბავშვებს ბუნებასთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ, ისინი ლაშქრობებში აქტიურად ჩართონ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი განტვირთვაა. ამცირებს მოჭარბებულ ენერგიას, კოორდინაციაში ეხმარება. მნიშვნელოვანია ეზოს თამაშები, სახლის აქტივობები-თამაშები - ეს ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს და ლეგოების აწყობაც. მშობლები არიან ის ადამიანები, ვინც ბავშვებს მაგალითს აძლევენ, ამიტომ, უნდა ესაუბრონ მათ ემოციებზე, რომ ბავშვებმა თავიანთი წუხილის გამოხატვა შეძლონ. საერთოდ კი ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და უმთავრესია.