ავტორი:

"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს  თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ამ სიბერეში ისეთი დატვირთული ვარ, ასე იშვიათად ვყოფილვარ ახალგაზრდობაში. ბატონ ელდართან ვარ ფილმზე "აბდაუბდა“ დაკავებული, ასევე მიღებენ სურათში "ექვთიმე თაყაიშვილი“ და კიდევ ერთ ახალგაზრდა რეჟისორთან, გიორგი ჯაფარიძესთან სერიალზე ვმუშაობ, რომელიც ექიმებზეა“ - გვეუბნება მსახიობი იმედა კახიანი. როგორც აღნიშნავს, ამ ეტაპზე შემოქმედებითად ძალიან დატვირთულია და გვესაუბრება როლებზე, რომლის თამაშიც ახლა უწევს. ასევე იხსენებს წარსულს და მისთვის საპასუხისმგებლო როლებს.

  • იმედა კახიანი:

- ელდარ შენგელაია მეგობარი კაცია. ჩვენი მეგობრობა 1960 წელს დაიწყო, როდესაც ელდარმა მოსკოვის კინოაკადემიაში სწავლა დაასრულა და საქართველოში ჩამოვიდა. პირველი ფილმი "თეთრი ქარავანი“ თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო. მაშინ ასე იყო, პირველ ფილმს ორ რეჟისორს აძლევდნენ. ასე იყვნენ - რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძეც, მოსკოვიდან რომ ჩამოვიდნენ, მათაც ერთობლივად იმუშავეს პირველ ფილმზე - "მაგდანას ლურჯა“. მერე კი მუშაობა თითოეულმა ცალკე დაიწყო.

კადრი ფილმიდან "თეთრი ქარავანი"

მოკლედ, "თეთრ ქარავანში“ მოვხვდი, მთავარ როლი მომცეს. გელა ახლოური ვიყავი. სპარტაკ ბაღაშვილი მამაჩემს თამაშობდა. მოხევე მეცხვარეები ვიყავით. ისე მოხდა, რომ ამ ფილმს სამი წელი ვიღებდით. ყველაფერი ცხვართან იყო დაკავშირებული და ცხვარი სადაც მიდიოდა, ჩვენც უკან მივდევდით. ცხვარი ზამთარში ყიზლარში, კასპიის ზღვის პირას ფეხით მიდიოდა. გზას ერთი თვე იქით უნდოდა, ერთი თვე - აქეთ. მათი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, რადგან მანქანით რომ გადაგყავდა, ილახებოდა. ამიტომ, ფეხით წავედით ყაზბეგში. მახსოვს, კარგად ჩავიცვი, გამოვეწყე და ის ტანსაცმელი ერთი თვის მერე კასპიის ზღვის პირას, ერთ-ერთ სოფელში გავიხადე. იმ ცხვარს მთელი გადამღები ჯგუფი მივყვებოდით. სადაც დაღამდებოდა, იქ მივრეკავდით. აქედან და ასე დაიწყო ჩემი და ელდარის მეგობრობა.

  • "აბდაუბდა“

მერე იყო პატარ-პატარა სამუშაოები და "სამანიშვილის დედინაცვლის“ გადაღებაზე დამიძახა. ახლა კი მიღებს ფილმში, რომლის სცენარი თვითონ დაწერა. რაღაც ლამაზად გადაღებული ამბავია, დიდი სიუჟეტი არ აქვს, რომ განსაკუთრებულად ვითარდებოდეს. ვთამაშობთ - მე, ლეო ანთაძე და გოგა პიპინაშვილი. უნდა ნახოთ, რას ვგავართ. ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ამ ფილმის პერსონაჟები ცაში მივფრინავთ. მოკლედ, რეჟისორის ფანტაზიებია. მაყურებელი ამ კადრებით სიამოვნებას კი მიიღებს. ფილმი თითქმის დამთავრებულია, ახლა მონტაჟზე მუშაობენ, თუმცა რაღაც კადრები კიდევ იქნება გადასაღები.

"სამანიშვილის დედინაცვალი"

ელდარს ვეუბნები, რომ გკითხოს კაცმა, მეგობარი ხარ, წლებია ვძმაკაცობთ და ამ სიბერეში მოხუცებულ კაცს ცირკის კლოუნს მათამაშებ-მეთქი?! აგერ კაცი, რამაზ ბლუაშვილი მოვიდა, რომელიც ტელევიზიაში მუშაობდა, კავშირები აქვს ამერიკაში, რეჟისორია, გამეცნო, სცენარი მაჩვენა და მითხრა, ეს უნდა გადავიღოო. გავშალე და ვნახე, რომ ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე და ჰქვია "სანთელი ავდარში“.

ამის მერე ელდარმა მითხრა, მომდევნო ფილმს რომ გადავიღებ, აკადემიკოსის როლს მოგცემო. მაშინ გამოისყიდი ყველაფერს-მეთქი - მივუგე. ასე ვართ შეთანხმებული, რომ დაიწყებს ახალი ფილმის გადაღებას, აკადემიკოსი უნდა ვიყო (იცინის). ამით კი, შეიძლება სიტუაცია ცოტა გამოსწორდეს, მაგრამ როგორ შევურიგდე, არ ვიცი...

კი ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი, მაგრამ ელდართან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. ქართული კინოს ცოცხალი ლეგენდაა. 91 წლის კაცი უნდა ნახოთ ახლა გადაღებისას როგორია.

  • ექვთიმე - ღვთის კაცი

რაღაცები წაკითხული, გაგონილი მქონდა ექვთიმე თაყაიშვილზე. რეზო თაბუკაშვილის ფილმის გარდა მხატვრული ფილმიცაა გადაღებული, სადაც ექვთიმეს რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს... ამ როლზე ახლა მე მივიღე მოწვევა და მასზე უარს როგორ ვიტყოდი?! მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლოა. ექვთიმე საოცარი რეგალიების ადამიანია - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, საქართველოს ეროვნული გმირი, ღვთის კაცი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი...

  • შეხვედრა პარიზში

სხვათა შორის, წლების წინ, (70-იანებში) პარიზში გადაღებაზე რამდენიმე თვე ვიყავი, ფრანგული ფილმი კეთდებოდა. ერთ დღეს ქუჩაში ბატონი რეზო თაბუკაშვილი შემხვდა. მან ჯიბიდან ფული ამოიღო და გამომიწოდა. ეს რა არის, ბატონო რეზო-მეთქი? პარიზი ჩემი ქალაქია. აქ ჩემიანს რომ ვნახულობ და თან პირველადაა, ასეთი ჩვევა მაქვს, 500 ფრანკს ვჩუქნი, ჩემს სახელზე რამე იყიდოს. არ გეწყინოთ, ბატონო რეზო, აქ ფულს მიხდიან, ამის პრობლემა არ მაქვს და არ მინდა, ისე ვიყიდი თქვენს სახელზე რამეს-მეთქი. არაო და ის 500 ფრანკი მაინც მომცა.

მერე ქალაქში წამყვა და საოცარი რაღაცები მაჩვენა. შატოში, ქართველ ემიგრანტებთან ვიყავით. ლევილში წამიყვანა, ექვთიმეს მეუღლე ნინო პოლტარაცკაია იქ იყო დაკრძალული. ექვთიმეს შესანიშნავი ცოლი ჰყავდა, გადასარევი ახალგაზრდა ქალი. წყვილი საფრანგეთში გაჭირვებაში ცხოვრობდა. საჭმლის ფული არ ჰქონდათ. ექვთიმემ თხა იყიდა და ის იყო მათი გადამრჩენელი. მისი რძით იკვებებოდნენ. არადა, მთელი მთავრობა, ემიგრანტები სთხოვდნენ, ერთი რაღაც მაინც გავყიდოთო. არაფრით თანხმდებოდა. მერე ცოლი ავად გახდა, გარკვეული წამალი სჭირდებოდა. იმ წამლისთვის ფული არ ჰქონდათ და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შვილი არ დარჩენიათ. ლევილის ქართველების სასაფლაო რომ დავათვალიერეთ, მახსოვს, მოვლილი და გაკრიალებული იყო, მათ შორის, ნინო პოლტარაცკაიას საფლავი.

- იმ ამბის მერე რაღაც მისტიკური დამთხვევაა, მგონი, რომ ექვთიმე თაყაიშვილის როლზე თქვენ მიგიწვიეს.

- ბედნიერებაა, რომ ასეთ ადამიანს ვთამაშობ და ასეთ პიროვნებასთან მიწევს შეხება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ეს ყველასთვის საოცნებო და კარგი შეთავაზებაა. წმინდანის თამაში მიწევს.

არის სცენები, ამას მაყურებელი ნახავს, როცა სტალინმა ექვთიმე ჩამოიყვანა, აქედან დელეგაცია წავიდა, დე გოლი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ექვთიმე აქ დაბრუნებულიყო. აქედან ჩასულ ემიგრანტებისგან შეაგროვა უნიკალური ნივთები. ყველაფერი წამოიღო და ჩამოვიდა. თბილისში პირდაპირი ფრენა არ იყო და თვითმფრინავი ირანში დაჯდა. ექვთიმე დახეულ-დაგლეჯილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ჩამოვიდა. არადა, დოკუმენტურად დაცულია, რომ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის მუზეუმების ხელმძღვანელობა სთხოვდა, ექსპონატები დიდი თანხის სანაცვლოდ მათთვის მიეყიდა. კატეგორიული წინააღმდეგი იყო - ვინმემ რომ ნახოს, არ წაგვართვანო. მოკლედ, ყველაფერი აქ ჩამოიტანა. საქართველოში დიდი პატივით მიიღეს. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, ხელფასი, პენსია დაენიშნა და ვერაზე ნათესავთან ცხოვრობდა. მერე დიდი თანამდებობის კაცთან ოჯახში დაპატიჟეს. რომ მივიდა, ასეთი რამ ნახა, იმ კაცის ცოლს, ოჯახის დიასახლისს, გულზე თამარ მეფის ჯვარი ეკიდა, რომელიც მან ჩამოიტანა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ განძს "კაგებე“ და მთავრობა იპარავდა. ფილმში არის ეს სცენები.

ეს რომ ექვთიმემ ნახა, ცუდად გახდა და ამბავი გაახმაურა კიდეც, რაც არ მოეწონათ და უნივერსიტეტიდან გაუშვეს. ასევე ხმა გაავრცელეს, რომ წაღებულის ნახევარი განძი არ ჩამოიტანა. არის ორი ასეთი სცენა, დაკითხვაზე ჰყავს "კაგებეს“ უფროსს, გენერალ რუხაძეს. ის ყველანაირად ცდილობს, რაღაცები ათქმევინოს და აძალებს, რომ როგორც მათ აწყობთ, ისე თქვას. მერე მაგიდასთან სხედან და რუხაძე მაგიდას გადაუტრიალებს, მოხუცი ექვთიმე გადავარდება. გენერალი თანამშრომლებს ეუბნება, ეს აქ რომ მოკვდეს, არ არის საჭირო, წაათრიეთ და სადმე ქუჩაში დააგდეთო. უკვე 89 წლის იყო და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. დასაფლავებაზე ხალხი ვერ მივიდა.

- ცნობილია, რომ მის ცხედარს 48 კაცი მიაცილებდა...

- იმიტომ, რომ "კაგებე“ უყურებდა და აკონტროლებდა, ვინ მოვიდა და წავიდა. ასეთი მძიმე ცხოვრება გაიარა. სტალინი და საბჭოთა მთავრობა მას გმირობას როგორ მიანიჭებდა, ან წმინდანად ვინ აღიარებდა?! ამიტომ საფრანგეთიდან რომ ჩამოიყვანეს, უნივერსიტეტში პროფესორად დასვეს და ეს იყო. მერე კი, "კაგებემ“ გაავრცელა, განძის ნახევარი არ ჩამოიტანაო...

- ფილმი დასრულებულია?

- 70% გადაღებულია. ექვთიმე აქ რომ ცხოვრობდა, ასეთი სახლი საგურამოში აღმოვაჩინეთ და იქ გვქონდა გადაღებები. ერთ-ერთი პირველი სცენა, პატივით რომ ჩამოიყვანეს და უნივერსიტეტში "ემადინით“ მიჰყავთ და აკადემიკოსები - ნიკო კეცხოველი, აკაკი შანიძე დახვდნენ, უნივერსიტეტში გადავიღეთ.

მაშინ ის მანქანა ბერიას ჰყავდა, რომელიც ნატო ვაჩნაძეს აჩუქა. ნატო ვაჩნაძე პირველი ქალი იყო, რომ მაგ მანქანით თბილისში დადიოდა. ახლა ვიღაცას ძველი მანქანების მუზეუმი ჰქონია და ის "ემადინი“ მისგან ერთი დღით ვიქირავეთ. როგორც ვიცი, კიდევ ერთი სცენა გვაქვს გადასაღები და მოგვიწევს ისევ ქირაობა. საერთოდ ძალიან ვნერვიულობ, რადგან კინოში გარდა რეჟისორისა, არის სცენარის ავტორი, მსახიობი, ოპერატორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მაგრამ ფილმს მაინც რეჟისორი აკეთებს და ყველაფერი მონტაჟზეა დამოკიდებული. რეჟისორი მონდომებული კაცია და კავშირები აქვს ამერიკასთან. გადაღებული მასალა რაც ვნახე, ნორმალურია, ყველაფერი თავის ადგილზეა. ალბათ მაისის ბოლოს მოვრჩებით ყველაფერს.

- ზოგადად, როგორია ამ როლის მიმართ თქვენი ემოციები?

- ემოციურად და ყველანაირად, არ შეიძლება დიდი თანაგრძნობით, პატივისცემით და მოკრძალებით არ იყო. ამდენი წელია ვმუშაობ და ამდენ კინოში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობა ექვთიმემდე ალბათ მაინც "სამანიშვილის დედინაცვალში“ ვიგრძენი. დიდი ფილმი იყო. მანამე კოტე მარჯანიშვილს ჰქონდა გადაღებული, სადაც აკაკი ვასაძე თამაშობდა პლატონს. გარდა ამისა, ეს ნაწარმოები ყველა თეატრში იყო დადგმული. გადაღება რომ დავიწყეთ, რუსთაველის თეატრში გასაოცარი წარმატებით თამაშობდნენ. პლატონი გოგი გეგეჭკორი გახლდათ. ამიტომ, ძალიან სარისკო სამუშაოს შევეჭიდეთ, მაგრამ ელდარმა სწორად გადაწყვიტა, კომედიად არ უქცევია ის, როგორც ეს თეატრებში ხდებოდა. მართლაც საკომედიო რა არის? დრამაა, აბა, რა არის?! ერთი შეხედვით უნდა დაიბადოს ბიჭი, რომელსაც ნორმალურ პირობებში სიხარული და ბედნიერება უნდა მოჰყვეს. პლატონისთვის კი უბედურება მოაქვს. მას სასაცილოდ არ აქვს საქმე, ეშინია, არ გაჩნდეს ბიჭი, თორემ გაუყოფენ იმ პატარა მიწის ნაგლეჯს და შიმშილით მოკვდება. იწყებს სადედინაცვლოს ძებნას ორნაქმრევს და უშვილოს. აქ სიტუაციებია მხოლოდ კომედიური და მეტი არაფერი. მოკლედ, ჩემთვის პლატონის თამაში საპასუხისმგებლო იყო. ექვთიმე კი გაცილებით მეტია, წმინდანის და დიდი ერისკაცის თამაში მიწევს.