ავტორი:

როგორ მოახერხა ტაივანმა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ უმცირესი მსხვერპლით გადარჩენა მაშინ, როდესაც მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრები სხვა ქვეყნებში კატასტროფული შედეგებით სრულდება?

როგორ მოახერხა ტაივანმა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ უმცირესი მსხვერპლით გადარჩენა მაშინ, როდესაც მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრები სხვა ქვეყნებში კატასტროფული შედეგებით სრულდება?

3 აპრილს, ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი - 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი და დაშავდა 700-ზე მეტი. მაგრამ ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურების შემთხვევაში, ნგრევის მასშტაბები და რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი, მნიშვნელოვნად მცირეა, ისმის კითხვა, რატომ?

ამ თემაზე BBC-მ ვრცელი სტატია მოამზადა, რომელშიც ვკითხულობთ:

"შედარებისთვის, 1999 წელს მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრამ ტაივანში ორი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტაივანში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სანდრა ოუდკირკმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ტაივანმა აჩვენა კატასტროფების პრევენციის, სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრისა და ჰუმანიტარული დახმარების წარმატებული მოდელი, რაც სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის“.

ზოგადად, მიწისძვრები ტაივანში იშვიათი არაა: კუნძული ორი ტექტონიკური ფირფიტის შეერთების მახლობლად მდებარეობს. შესაბამისად, ხშირად ხდება მიწისძვრა, მაგრამ უფრო იშვიათია დასახლებულ და აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე.

  • 1999 წელს 21 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრისას, რომელსაც "მიწისძვრა 921" ეწოდა, განადგურდა 5 ათასზე მეტი შენობა და დაიღუპა 2,4 ათასზე მეტი ადამიანი. მომხდარმა აიძულა მთავრობა, გადაეხედა სამშენებლო კოდებისა და კატასტროფების მართვის კანონებისთვის.

მას შემდეგ, 21 სექტემბერს ტაივანში კატასტროფების მართვის წვრთნების ყოველწლიური დღე აღინიშნება. ამ დღეს მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე ეგზავნებათ კატასტროფების შესახებ შეტყობინება, როგორიცაა მიწისძვრა და ცუნამი, ხოლო საევაკუაციო წვრთნები ტარდება კუნძულის მასშტაბით ყველა სკოლაში.

ტაი იუნ-ფა, სამოქალაქო ინჟინერია, რომელიც ტაივანის კომპანია Alfa Safe-ს ხელმძღვანელობს. კომპანია აწარმოებს მიწისძვრისადმი მდგრად სამშენებლო მასალებს. ინჟინერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სამშენებლო კოდები დაეხმარა კუნძულს უკეთ მომზადებულიყო ბუნებრივი კატასტროფებისთვის, ზოგიერთი დეველოპერი შენობებს ახალი რეგულაციების გვერდის ავლით აშენებს.

ზიგი ლუბოვსკიმ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გეოტექნიკური მიწისძვრის ინჟინერიის პროფესორმა, BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შემდგომ ფოტოებზე ბევრი შენობა საკმაოდ ძველია და არ აკმაყოფილებს თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს. მისი აზრით, ახალი სახლები, რომლებიც დანგრეულების ადგილზე აშენდება, დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

"მაშინაც კი, თუ იყენებთ ისეთ მასალას, როგორიც არის ბეტონი, კატაკლიზმებისას უსაფრთხო მაინც არ იქნება, თუ არ იქნა გამოყენებული მის შიგნით საჭირო რაოდენობის არმატურა და ფოლადის დეტალები, რათა შეიქმნას მოქნილი სტრუქტურა, რომელიც მიწისძვრას გაუძლებს“, - ამბობს ინჟინერი. - შეიძლება გაიბზაროს, შეიძლება ნაწილობრივ დაზიანდეს, მაგრამ არ დაინგრევა“.

2018 წელს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზარდა კოორდინაცია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კატასტროფებზე რეაგირებისა და დახმარების გაწევის მიზნით.

ამჯერად, ქვეყნის ოფიციალური პირები და პოლიცია, ისევე როგორც სხვა დანაყოფები, რომლებიც დაზარალებული ტერიტორიების მაცხოვრებლების ევაკუაციაში ეხმარებოდნენ, ერთად მუშაობდნენ ერთ-ერთი დაზიანებული შენობის გასასუფთავებლად, სანამ ის შემდგომი ბიძგების შედეგად ჩამოინგრევა.

”სანამ ყველა ერთსა და იმავეს აკეთებდა, კოორდინაცია არ არსებობდა”, - ამბობს ინჟინერი. ”ამჯერად, თითოეულ ჯგუფს აქვს გაწერილი ამოცანები”.

ტაივანს კიდევ ერთი კარგი მიზეზი აქვს, რომ კატასტროფებზე რეაგირების სისტემები ყოველთვის მზადყოფნაში ჰქონდეს. ეს არის ჩინეთის შესაძლო თავდასხმა, რომელიც მუდმივად ზრდის სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას კუნძულზე.

მიწისძვრის გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც სიგნალებს გადასცემს მობილურ ტელეფონებს, იგივეა, რასაც მთავრობა იყენებს ჩინეთის მოახლოებული საჰაერო თავდასხმისას გასაფრთხილებლად.

ტაივანი ყოველწლიურად ატარებს სამოქალაქო თავდაცვის წვრთნებს. ფორმალურად მათი მიზანი ბუნებრივი კატასტროფებისთვის მომზადებაა, მაგრამ გასულ წელს, წვრთნების ფარგლებში, მათ ასევე ივარჯიშეს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.

ტაივანის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრომ 2022 წელს დაიწყო მუშაობა საკომუნიკაციო ქსელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბოლო მიწისძვრის შემდეგ შიდა ქსელები, განსაკუთრებით ინტერნეტ კომუნიკაციები, დაუზიანებელი დარჩა.

წლებია, რაც ტაივანის ქალაქებსა და ოლქებში მაშველები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ, ისინი მზად არიან თითქმის მყისიერად იმოქმედონ სტიქიური უბედურებების დროს.

მაგალითად, ბოლო მიწისძვრიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში, სამხრეთ ქალაქ კაოსიუნგის ხელისუფლებამ მოახდინა სამაშველო ჯგუფების მობილიზება, რათა ისინი მიწისძვრის ეპიცენტრში სამუშაოებზე გაეგზავნათ.

ასეთი გუნდები ტაივანიდან რეგულარულად იგზავნება სტიქიის სხვა ზონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გასულ წელს ისინი თურქეთშიც გაფრინდნენ, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

იხილეთ ასევე: